უკრაინაში რუსული სამხედრო ინტერვენციის დაწყებისა და დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების პარალელურად, რადიო თავისუფლებამ შესყიდვების სააგენტოს მიმართა კითხვით, განიხილავს თუ არა უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ რუსული კომპანიებისთვის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობაზე შეზღუდვის დაწესებას. კერძოდ, გვაინტერესებდა, თუ სააგენტო ამ მიმართულებით მუშაობს, არსებობს თუ არა შესაბამისი გეგმა და თუ რუსული კომპანიებისთვის შესყიდვების შეზღუდვების დაწესება დღის წესრიგში არ დგას, როგორ იფუნქციონირებს გადახდის სისტემა საერთაშორისო ფინანსური სისტემებიდან რუსეთის ჩახსნის ფონზე.
28 თებერვალს გაგზავნილი წერილზე 10 მარტს გვიპასუხეს, რომ სააგენტო მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად [მათ შორის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და მის შესაბამისად გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით] და რუსული კომპანიებისთვის სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის შეზღუდვის საკითხზე მსჯელობა სააგენტოს კომპეტენციას არ წარმოადგენს.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" 2022 წლის თებერვალში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვებში რუსული კომპანიებისგან ნაყიდი პროდუქციისა და სერვისების წილი საერთო რაოდენობის 2%-ზე ნაკლებია. ამავე კვლევის თანახმად, ბოლო 10 წელიწადში სახელმწიფო შესყიდვებში რუსულმა კომპანიებმა 600 მილიონ ლარამდე ტენდერები მოიგეს.
სახელმწიფო შესყიდვებიდან ყველაზე მეტი თანხა, 200 მილიონი ლარი, 2011-2021 წლებში „ლუკოილ-ჯორჯიამ“ მიიღო. სახელმწიფო სტრუქტურები საწვავს თითქმის მთლიანად „ლუკოილისგან” ყიდულობენ იმის მიუხედავად, რომ კომპანია ევროკავშირის სანქციების ქვეშაა მოქცეული 2014 წლიდან, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის გამო. „ლუკოილი“ სანქცირებულია აშშ-ის მიერაც.