Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ლიდერები ეწინააღმდეგებიან კავშირში უკრაინის დაჩქარებული წესით მიღებას


ვერსალის სასახლე, სადაც ევროკავშირის სამიტი იმართება

ევროკავშირის წევრებს შორის სრული კონსენსუსია უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის თაობაზე, რაც უპრეცედენტო ეკონომიკურ სანქციებში გამოიხატა, მაგრამ მათ შორის აზრთა სხვადასხვაობაა იმის თაობაზე, შეიძლება თუ არა კავშირში უკრაინის მიღება ამ ეტაპზე. ამავე დროს ისინი ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან იმაზეც, თუ როგორ შეამცირონ რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებულება.

ამ საკითხებს ეძღვნება ევროკავშირის ორდღიანი სამიტი, რომელსაც საფრანგეთი მასპინძლობს.

„შეგვიძლია დღეს ევროკავშირში სწრაფად მიღების პროცედურა დავიწყოთ ქვეყნისთვის, რომელიც ომშია ჩართული? არა მგონია", - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა. „კარი ჩავკეტოთ და უკრაინას ვუთხრათ: ‘არასოდეს’? ეს უსამართლო იქნებოდა.“

„არ არსებობს [ევროკავშირში] დაჩქარებული წესით მიღება“, - განაცხადა ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ მოლაპარაკებებზე ჩასვლისთანავე. „მინდა ყურადღება დავუთმო იმას, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის დღეს საღამოს, ხვალ. ევროკავშირში უკრაინის მიღება კი დიდი ხნის საქმეა, თუ საერთოდ მოხდა ეს“, - დასძინა მან.

„ჩემი აზრით, საქმეს შემოქმედებითად უნდა მივუდგეთ და ვაჩვენოთ, რომ ევროპის კავშირშია უკრაინის მომავალი, თან არ უნდა დავივიწყოთ მოლდოვა და საქართველო“, - თქვა ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა ქსავიე ბეტელმა.

ამავე დროს მან თქვა, რომ უკრაინას ყალბი მოლოდინი არ უნდა გავუჩინოთ.

„უკრაინას არ უნდა გავუჩინოთ ისეთი გრძნობა, თითქოს ყველაფერი ხვალვე იწყება“, - თქვა ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა.

მაგრამ ევროკავშირის აღმოსავლელი წევრები, განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნები, უკრაინისთვის მეტი დახმარების აღმოჩენას მოითხოვენ.

„დიდი მნიშვნელობა აქვს, ვაჩვენოთ, რომ უკრაინისთვის ევროკავშირის კარი ღიაა... რომ ჩვენ, როგორც დემოკრატიული ქვეყნების ოჯახს, გვინდა მათი მიღება“, - თქვა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა კრისიაის კარინსმა.

სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემაა ენერგეტიკის სექტორში ევროკავშირის დამოუკიდებლობის განმტკიცების გზების გადაუდებელი შესწავლა.

ენერგომატარებლებზე უკრაინაში შეჭრით გამოწვეული ფასების ზრდამ, საფრთხე შეუქმნა ევროკავშირის ეკონომიკას, რომელიც უკვე დასუსტებულია კორონავირუსის პანდემიით.

ევროკავშირი ბუნებრივი აირის დაახლოებით 40 პროცენტის იმპორტს რუსეთიდან ახორციელებს. გერმანია, ევროპის უმსხვილესი ეკონომიკა, განსაკუთრებით დამოკიდებულია ენერგიის ნაკადზე, იტალიასთან და ცენტრალური ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან ერთად.

ევროკავშირის ნავთობის იმპორტის დაახლოებით მეოთხედი ასევე რუსეთზე მოდის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG