Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრაისი: საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებმაც ყველაზე კარგად იციან რუსული აგრესიის შედეგები


ნედ პრაისი
ნედ პრაისი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, ნედ პრაისის შეფასებით, საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებმაც ყველაზე კარგად იციან, როგორია რუსული აგრესიის შედეგები.

10 მარტს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე პრაისს ჰკითხეს, როგორია მისი რეაქცია საქართველოს მთავრობის დუმილზე იმის გათვალისწინებით, რომ ის არ შეუერთდა უკრაინის გამო რუსეთისთვის დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა სანქციებს არაეფექტური უწოდა, პრეზიდენტმა ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი გაიწვია, რუსეთმა კი ქართული რძის პროდუქტებისთვის ბაზარი გახსნა და საქართველო არ შეიყვანა არამეგობრული ქვეყნების სიაში. პრაისს ისიც ჰკითხეს, მიიჩნევს თუ არა, რომ საქართველოსგან შემაშფოთებელი სიგნალები მოდის.

როგორც ნედ პრაისმა თქვა, ცოტა ქვეყანას თუ ესმის რუსეთის აგრესიის პოტენციური შედეგები ისე, როგორც საქართველოს, ქვეყანას, რომელმაც 2008 წელს თავად განიცადა რუსული ძალების შეჭრა და ბევრ ქართველს ეს ჯერ კიდევ კარგად ახსოვს. „შემიძლია მხოლოდ წარმოვიდგინო, რომ ბევრი ქართველი - ბევრი ქართველი მთავრობაში და ცალკეული მოქალაქეები - სოლიდარულნი არიან უკრაინაში თავიანთი კოლეგებისადმი“, - განაცხადა პრაისმა.

რაც შეეხება სანქციების ეფექტურობას, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის შეფასებით, რთულია იდავო მათ ეფექტურობაზე და ყველას შეუძლია გაეცნოს მაჩვენებლებს, რომლებიც ასახავს რუსეთის ეკონომიკისთვის მიყენებულ ზარალს.

ნედ პრაისის განცხადებით, აშშ ყველა ქვეყანას მოუწოდებს დაიცვან არა მხოლოდ უკრაინის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და დამოუკიდებლობა, არამედ საერთაშორისო წესრიგის უფრო ფართო პრინციპებიც. პრაისის თქმით, ეს პრინციპები რუსეთმა 2008 წელს საქართველოში შეჭრით დაარღვია და დღეს ვლადიმირ პუტინი ამ პრინციპებს არღვევს უკრაინაში - იმას, რომ საზღვრები ხელშეუხებელია, იმას, რომ დიდი ქვეყნები და ერები არ უნდა ჩაგრავდნენ პატარა ქვეყნებს და ერებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პირველად 25 თებერვალს განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობის მხრიდან უკრაინას აქვს "სოლიდარობა და პოლიტიკური მხარდაჭერა", თუმცა, "ეროვნული ინტერესების და ხალხის ინტერესების გათვალისწინებით", არ აპირებენ შეუერთდნენ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს, რადგან ეს "მხოლოდ დააზიანებს გაცილებით უფრო მეტად ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას". პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის ამ განცხადებას თბილისში მოჰყვა საპროტესტო აქციები და მისი გადადგომის მოთხოვნა.

28 თებერვალს, უკრაინაში მოხალისეებად წასვლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებზე დაყრდნობით, ადგილობრივმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მოხალისეთა წასაყვანად უკრაინა გზავნიდა თვითმფრინავს, რომელმაც საქართველოსგან ვერ მიიღო რეისის შესრულების ნებართვა.

მოხალისეთა შეფერხების და სანქციებისადმი საქართველოს მთავრობის პოზიციის გამო, 1 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ კონსულტაციებისთვის თბილისიდან ელჩი გაიწვია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG