Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

12 მარტს მარიუპოლის მოსახლეობის ევაკუაციას კიდევ ერთხელ შეეცდებიან


მარიუპოლი, 9 მარტი
მარიუპოლი, 9 მარტი

12 მარტს, კიდევ ერთხელ შეეცდებიან რუსული საოკუპაციო ძალების მიერ დაბომბილი მარიუპოლის მოსახლეობის ევაკუაციას. ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშუკი.

მისი თქმით, შაბათს, ქალაქში შეტანილი უნდა იყოს ჰუმანიტარული ტვირთი. უკანა გზაზე კი კოლონას შესაძლებლობა ექნება მოქალაქეები ქალაქიდან გაიყვანოს.

რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან გამუდმებული შეტევების ფონზე, უკვე რამდენიმე დღეა მარიოპულის მოსახლეობა იზოლაციაში იმყოფება. ამ დრომდე ისინი ქალაქიდან გასვლასა და რაიმე სახის დახმარების მიღებას ვერ ახერხებენ.

მანამდე მოსახლეობის ევაკუაციის რამდენიმე მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, რადგან რუსულმა სამხედრო ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვიეს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, 12 დღეში, მარიუპოლში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებულ იერიშებს 1582 ადამიანი ემსხვერპლა.

მარიუპოლის ცენტრში, 9 მარტს დაიბომბა სამშობიარო სახლი და ბავშვთა საავადმყოფო.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლიდან აწარმოებს სამხედრო მოქმედებებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".

რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე, მათ შორის 70-ზე მეტი ბავშვია. ლტოლვილად იქცა 2 მილიონზე მეტი უკრაინელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG