Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის დენაციფიკაცია თუ მსოფლიოს დეპუტინიზაცია?


ავტორი: ზურაბ ვაშაკიძე

ის,რომ უკრაინაში შეჭრა რუსეთს დიდი ხნის გადაწყვეტილი და დაგეგმილი ქონდა, ალბათ სადავო არავისთვის აღარ არის. მაინტერესებდა, რა იდეოლოგიურ, უფრო სწორედ, რა პროპაგანდისტულ დროშას ააფრიალებდენ. ხოდა მოძებნეს ორი საშინელი სიტყვა: დენაციფიკაცია და გენოციდი. გენოციდი ასე თუ ისე ყველამ ვიცით რას ნიშნავს. დენაციფიკაცია - ეს იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ფაშისტური იდეოლოგიისაგან საზოგადოების განთავისუფლების მიზნით მოკავშირეების მიერ გატარებული ღონისძიებების ერთობრიობა.

ეს ორი სიტვა კრემლის პროპაგადისტებმა უკრაინას მიაწებეს და რუსეთიც მომენტალურად „იძულებული გახდა“ შუაგულ ევროპაში გაჩენილი ამ „შავი ჭირის“ წინააღმდეგ ომი კი არა, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაეწყო. თითქოს რუსეთმა კი არ ჩამოკბიჩა უკრაინას ყირიმი და ორი ოლქი, არამედ უკრაინამ მიიერთა როსტოვი და კურსკი.

ეს „უმადური“ ევროპელები,ამერიკელები და მათი მხარდამჭერები, მადლობის ნაცვლად - რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანდნენ. „საწყალი“ რუსეთი, „უმადური“ ევროპა, „დაბრმავებული“ მსოფლიო.

სასაცილო იქნებოდა ეს რომ კინოსცენარი იყოს. სამწუხაროდ რეალობაა. იბომბება უკრაინის ქალაქები, იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა.რუსეთი ომობს და განადგურებით ემუქრება ქვეყანას, რომლის ერთადერთი „დანაშაული“ , ჩვენი არ იყოს, ისაა რომ თავისუფალ, ცივილურ საზოგადოებას აშენებს და უნდა ასეთივე სახელმწიფოების ოჯახის წევრი გახდეს.

ვინ იქნება შემდეგი? ბალტიისპირეთის ქვეყნები? ფინეთი? პოლონეთი? რატომ ალასკა არა? რა მოუვათ თავში ძალაუფლებით და დაუსჯელობით მთვრალ კრემლის მესვეურებს? დღეს კიდევ ერთი გამაოგნებელი ამბავი მოვისმინე რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლებისგან: თურმე ომი იმიტომ გრძელდება, რომ პრეზიდენტ ზელენსკის მოლაპარაკებები არ სურს. როგორც სიბრიყვეს, უტიფრობასაც არ ქონია საზღვარი.

მინდა კრილოვის იგავ-არაკი მგელი და კრავი გაგახსენოთ:

ერთხელ პატარა ბეკეკას

დასცხა და წყალი მოსწყურდა,

მდინარის პირას მიადგა,

წყურვილის მოკვლა რომ ჰსურდა.


თურმე იმავ დროს მახლობლად,

საჭირბოროტოდ კრავისა,

დაძუნძულებდა პირღია

მგელი, მსურველი ავისა.


უეცრად სუნი რომ ეცა,

რადგან ჩიჩია უყვარდა,

გამოიგონა შარები

და საცოდავ კრავს მივარდა.


შემოუძახა: - შე ბრიყვო!

აქ როგორა სვამ წყალსაო,

რომ აღარ დასდევ კანონებს

და აღარც სამართალსაო?


ჩაგიდგამს წინა ფეხები,

შიგ ჰყოფ ტუჩს უწმინდურსაო!

წყალს მიმღვრევ, აღარად მაგდებ,

აღარც კი იბერტყ ყურსაო!


- რა ბრძანებაა, ბატონო,

რას მერჩით მე საწყალსაო?

თქვენ ზევითა ხართ - მე ქვევით,

როგორ აგიმღვრევთ წყალსაო?


- მაშ, მე ვსტყუიო? გაჩუმდი!

ნუ წაგიგდია ენაო!

შარშანწინდელიც კი მახსოვს

შენგან ბრიყვული წყენაო!


- ჯერ ერთი წლისაც არა ვარ,

შარშანწინ როგორ მნახეო?

- მაშ, ძმა ყოფილა ის შენი,

მიტომ მიგიგავს სახეო!


- არც ძმა მყავს, ჩემო ხელმწიფევ,

ტყვილა რადა მდებ ბრალსაო?

- შენი მოგვარე ხომ იყო?

გადახდა უნდა ვალსაო!


მომწყინდა შენი ბღავილი,

ხმა ჩაიკმინდე, ჩქარაო!

შენი ჩაკვრეხა რომ მნებავს,

მიზეზად ისიც კმარაო! -


უთხრა და ზურგზედ მოიგდო,

ტყეში წაიღო საწყალი.

დიდ კაცთან პატარა კაცსა

როდის გასვლია მართალი?

ღმერთმა დამიფაროს აკაკის თარგმანში შესწორება შევიტანო, მაგრამ მგლის ერთ ფრაზას რუსულად ვიხმარ: Ты виноват уж тем, что хочется мне кушать». ლექსის ფინალი არადამაიმედებელია, მაგრამ დღევანდელ მსოფლიოს შეუძლია მგლის შეჩერება და სამაგალითოდ დასჯა.

დემოკრატიული საზოგადოება სამწუხაროდ გვიან ფხიზლდება.არ მოუსმინეს მოკლულ ნემცოვს, დაჭერილ ნავალნის, არ მოგვისმინეს ჩვენ- საქართველოს. შედეგი სახეზეა.

გამოსავალი ერთია: მსოფლიოს, და პირველ რიგში რუსეთის დეპუტინიზაცია.(მაპატიეთ არადიპლომატიურობისთვის,მაგისთვის არ მცხელა).პეტრემ, რუსები რომ დიდს უწოდებენ,მთელი ცხოვრება ევროპაში ფანჯრის გაჭრას შეალია. პუტინი კიდევ ოცი წელია ამ ფანჯრის ამოშენებას ცდილობს.

ორი რამ მაიმედებს: პირველი - ცივილიზებული სამყარო გაერთიანდა და უკრინის გვერდითაა. და მეორე - რუს ხალხში ისტორიულად სამართლიანობის განცდა ყოველთვის ძლიერი იყო. სულ მალე რუსები თვითონ დაინახავენ თუ რა საფრთხეს უმზადებს კრემლი საკუთარ ხალხს. მათაც გვერდში დგომა და მხარდაჭერა დაჭირდებათ.

პ.ს. უძლურობის განცდა მაქვს. ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს, რომ უკრაინელი ხალხის გვერდით ვიყო. იქნებ საბანკო ანგარიში გაიხსნას მათ დასახმარებლად. მდიდარი არ ვარ, მაგრამ რაღაცით მაინც გამოვხატავდი მხარდაჭერას. დარწმუნებული ვარ ასეთი სურვილი ბევრს ექნება.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG