ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბოლაჰიანი 15 მარტს მოსკოვში გაემგზავრება ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე მოლაპარაკებების გასამართად, იტყობინება ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
მანამდე საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ განაცხადეს, რომ ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე შეთანხმების განახლებას საფრთხე ექმნება რუსეთის მოთხოვნების გამო, გარანტირებული ჰქონდეს ირანთან ვაჭრობა მაშინ, როცა მოსკოვს ფართო მასშტაბის სანქციები დაუწესდა უკრაინაში შეჭრის გამო.
2015 წელს მიღწეული ისტორიული შეთანხმების განახლების თაობაზე ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებები შეფერხდა იმის გამო, რომ რუსეთმა ახალი მოთხოვნები წამოაყენა.
მანამდე ირანსა და მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს შორის მოლაპარაკებები ახლოს იყო წარმატებასთან და შეთანხმების განახლებასთან, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამის რეგულირებას ითვალისწინებს.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა საიდ ხათიბზადემ მოსკოვში ამირ-აბდოლაჰიანის გამგზავრების შესახებ 14 მარტს განაცხადა. მისი თქმით, მოლაპარაკებები ამჟამად „არ არის იმ ეტაპზე, რომ შეთანხმება გამოცხადდეს“, ვინაიდან ზოგიერთი საკითხი ჯერაც უნდა გადაწყვიტოს ვაშინგტონმა. მან თქვა, რომ როგორც კი ეს გადაწყვეტილებები მიღებულ იქნება, მოლაპარაკებების მონაწილეები „შეძლებენ ვენაში დაბრუნებას საბოლოო შეთანხმების მისაღწევად.“
ირანის უსაფრთხოების სფეროს მაღალი რანგის წარმომადგენელმა ალი შამხანიმ ტვიტერში დაწერა, რომ ირანი მოლაპარაკებებს გააგრძელებს მანამდე, სანამ მიღწეულ არ იქნება „ძლიერი შეთანხმება, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა ჩვენს იურიდიულ და ლოგიკურ მოთხოვნას“.