Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალუდა ღუდუშაური: ქალბატონი პრეზიდენტი მოექცა ენმ-ის ბულინგის ქვეშ


“ქართული ოცნების” წევრი ალუდა ღუდუშაური მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მოხსენება პარლამენტში "რეალობას იყო აცდენილი." პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მსგავსად, ისიც აცხადებს, რომ ევროპაში საქართველოს პრეზიდენტის ხელისუფლებასთან შეუთანხმებელ ვიზიტთან დაკავშირებით “შესწავლას” დაიწყებენ.

“როგორც ჩანს, ქალბატონი პრეზიდენტი, პირდაპირ თუ ირიბად, რაღაცნაირად მოექცა ენმ-ის ე.წ. ბულინგის ქვეშ. ეს არის ფაქტი.

მისი განცხადებები და მასში მოყვანილი ფაქტები, თუ ეს მართაც რეალობა არის, ბუნებრივია, ეს შესწავლას საჭიროებს. თუ პრეზიდენტს აქვს კონსტიტუცია დარღვეული, ბუნებრივია, საქართველოს კონსტიტუცია არის უპირველესი და უზენაესი. არავის აქვს უფლება, რომ ეს დაარღვიოს. ვერც პრეზიდენტი და ვერც ნებისმიერი სხვა პირი ვერ იქნება კონსტიტუციაზე მაღლა”, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა. მისი თქმით, მმართველი გუნდი პრეზიდენტის კრიტიკას არ გაითვალისწინებს იმის გამო, რომ ის დაუსაბუთებელი და უარგუმენტო იყო.

"ჩვენ ვიცით ერთი რამ -"ქართული ოცნება", მმართველი პოლიტიკური ძალა, მოქმედებს ქვეყნის და ქვეყნის მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე და ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი არის, რომ ქვეყანა განვითარდეს, გაძლიერდეს და როდესაც ქვეყანას აქვს ესოდენ მაღალი [სტანდარტის], დემოკრატიული ქვეყნებისთვის შესაშური კონსტიტუცია, [ვიცავთ ამ კონსტიტუციას]", - თქვა ალუდა ღუდუშაურმა.

დღეს, 14 მარტს, საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ყოველწლიური მოხსენება წარუდგინა. მან გააკრიტიკა როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია და თქვა, რომ მეტი ძალისხმევაა საჭირო უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე საქართველოს უსაფრთხოებისა და ქვეყნის ინტერესების დასაცავად. დღესვე პარლამენტის ტრიბუნიდან სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან უარი მიიღო პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე, თუმცა საჭიროდ მიიჩნია პირადი კონტაქტების გამოყენება და არაოფიციალურ ფორმატში ვიზიტები მაინც განახორციელა.

პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, პარლამენტის წევრმა პარტია "გირჩიდან", იაგო ხვიჩიამ თქვა, რომ იმედს იტოვებდა, რომ "პრეზიდენტის მწვავე განცხადების შემდეგ, არ იქნება პირველ რიგში „ქართული ოცნების“ მიერ ისე აღქმული, რომ მას „ნაცობა“ დაბრალდეს."

საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში მოხსენებას ესწრებოდნენ პარლამენტის დეპუტატები, მთავრობის წევრები, სახელმწიფო ინსტიტუტების პირველი პირები, დიპლომატები, რომელთა მოწვევაც, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის დროს, ერთგვარ ტრადიციას წარმოადგენს. პარლამენტში იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე - სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და სასულიერო პირები.

XS
SM
MD
LG