Accessibility links

site logo site logo

მოხუცი ქალი ნაგასაკიდან


ამას წინათ, ნაცნობი დევნილი გარდაიცვალა. ოჯახში ღიმილით გაიხსენეს, საწყალი, სულ იმას ოცნებობდა, ნეტავ, ისე არ მომკლა, საკუთარ უნიტაზზე ვერ დავჯდეო. არადა, ზუსტად ასე მოკვდა. როდესაც აფხაზეთიდან თბილისში გადმოვიდა, შუახნის კაცი იყო, მერე წლები ელოდა მთავრობისგან ბინას და „დაკმაყოფილებას“, ბარე 30 წელი კი ელოდა და ამის მეტს ადამიანი აღარც ცოცხლობს.

არ ვიცი, რის იმედად უნდა იყოს საქართველოში ომს გამოქცეული უკრაინელი, როდესაც საკუთარი დევნილებიც კი ქვეყანას ამ დრომდე ასეთ დღეში ჰყავს. იანვარში არ იყო, ზური ქირია კორპუსის სახურავიდან რომ გადმოხტა, იქნებ, თქვენ მაინც გეშველოთო.

უკრაინაში ომი 24 თებერვალს დაიწყო. მას შემდეგ თვითმფრინავი თვითმფრინავზე ჯდება, ჩამოჰყავს ქალები, ბავშვები. უკვე 4 ათასამდე უკრაინის მოქალაქე შემოვიდა და საქართველოს მთავრობას ჯერ არ შეუმუშავებია ხედვა, თუ როგორ აპირებს მათ დახმარებას.

უკრაინელებზე ახლა ძირითადად ისევ ხალხი ზრუნავს. ხალხს მოაქვს საჭმელი, ტანსაცმელი, წამლები, ზოგი ორი დღით სთავაზობს ბინას, ზოგი - ორი თვით. სინამდვილეში, ეს ყველაფერი მთავრობის გასაკეთებელია. ადამიანი უცხო ქვეყანაში სხვისი კეთილი გულის ამარა არ უნდა რჩებოდეს, იმას არ უნდა ფიქრობდეს, ვის რა სთხოვოს, ვის შეეხვეწოს, თავი ვის შეაცოდოს...

მაგრამ ეს ის ქვეყანაა, სადაც დევნილებზე არასდროს არცერთი მთავრობა არ ზრუნავდა. გულწრფელად ვთქვათ, საზოგადოებასაც კი მობეზრდა, რომ ეს ხალხი მუდმივად რაღაცას ითხოვს, დღემდე აქციებზე დგანან, ყვირიან... არ იქცევიან „წესიერად“, არ იციან, რომ თუ ვინმე გაგაბრაზებს, საპირფარეშოში უნდა ჩაიკეტო და იქ იტირო. არადა, რატომ? მე მაგალითად, ზუსტად მასთან ვტირი, ვინც ნერვებს მიშლის და თუ ყურება არ შეუძლია, წავიდეს და თვითონ ჩაიკეტოს ტუალეტში.

კუროსავას „აგვისტოს რაფსოდია“ გახსოვთ? მოხუცი ქალი ნაგასაკიდან, ჭექა-ქუხილის ხმა ატომური ბომბის ჩამოვარდნა რომ ჰგონია და შვილიშვილებს თეთრ ზეწრებში ფუთავს: „გადაიფარეთ, მაშინ ბევრი იმიტომ გადარჩა, რომ თეთრი ტანსაცმელი ეცვა“... აი, ეს არის ომი, იქაც გპოულობს, სადაც მშვიდობაა და მაშინაც გკლავს, როცა გადარჩი, რაღაცნაირი ბოროტი სრულყოფილებაა, არაფრის დამატება არ სჭირდება.

იმ ხალხსაც, რომელიც აფხაზეთიდანაა დევნილი, რომელიც ცხინვალის რეგიონიდანაა დევნილი, რომელიც ახლა ჩამოდის უკრაინიდან, არავისი არაფერი არა აქვთ სახვეწარი, მათ ეკუთვნით თავშესაფარი, ეკუთვნით პირველადი დახმარება, წამალი, ფსიქოლოგი, რეაბილიტაცია...

ეკუთვნით და მიეცით, ნუ ამადლით.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG