Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა აშშ-ის კონგრესისადმი - სრული ტექსტი


უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა აშშ-ის კონგრესის ორივე პალატის წარმომადგენლებს. აშშ. 16 მარტი, 2022
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა აშშ-ის კონგრესის ორივე პალატის წარმომადგენლებს. აშშ. 16 მარტი, 2022

16 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის კონგრესს ვიდეოჩართვით მიმართა. მიმართვის სრული ტექსტი ქართულად: 

მე ამაყი ვარ, რომ გესალმებით უკრაინიდან, ჩვენი დედაქალაქიდან, კიევიდან, ქალაქიდან, რომელიც რუსეთის ჭურვების სამიზნეა ყოველდღე, მაგრამ არ ნებდება, ერთი წამითაც არ გვიფიქრია ამაზე. ისევე, როგორც ბევრ სხვა ქალაქსა და თემს ჩვენს მშვენიერ ქვეყანაში, რომელიც მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ ყველაზე საშინელ ომში აღმოჩნდა.

მაქვს პატივი, მოგესალმოთ უკრაინელი ხალხის სახელით, თავისუფლებისმოყვარე ხალხის სახელით, ვინც 8 წელია უმკლავდება რუსეთის აგრესიას. მათი სახელით, ვინც საუკეთესო შვილებს - ვაჟებსა და გოგონებს უშვებს, რომ შეაჩერონ რუსეთის ფართომასშტაბიანი შემოჭრა. ახლა, როდესაც ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება. წყდება, იქნებიან თუ არა უკრაინელები თავისუფლები,

შეძლებენ თუ არა ისინი საკუთარი დემოკრატიის დაცვას. რუსეთი მოდის არა მხოლოდ ჩვენს მიწაზე, ჩვენს ქალაქებში, ეს არის დაუნდობელი შეტევა ჩვენს ფასეულობებზე, ბაზისურ ადამიანურ ფასეულობებზე, ტანკებით და თვითმფრინავებით მოდიან ჩვენი თავისუფლების წინააღმდეგ, ჩვენი უფლების წინააღმდეგ, თავად ავირჩიოთ ჩვენი მომავალი, ჩვენი სურვილის წინააღმდეგ, ვიყოთ ბედნიერები; ჩვენი ეროვნული ოცნებების წინააღმდეგ, - იმავე რაღაცების, რაც თქვენ გაქვთ აქ, აშშ-ში. მე მახსოვს თქვენი ეროვნული მემორიალი რაშმორის მთაზე, თქვენი გამოჩენილი პრეზიდენტების სახეები, ვინც საფუძველი ჩაუყარა ამერიკას, დემოკრატიას, დამოუკიდებლობას, და ჩვენ, უკრაინაში, გვინდა ჩვენი ხალხისთვის იგივე, რაც თქვენი ყოველდღიურობის ნაწილია.

ქალბატონებო და ბატონებო, ამერიკელებო, თქვენს დიად ისტორიაში, თქვენ გაქვთ ფურცლები, რაც მოგცემთ საშუალებას, რომ გაუგოთ უკრაინელებს, გაგვიგოთ ახლა, როდესაც გვჭირდება, გახსოვთ პერლ ჰარბორი, 1941 წლის 7 დეკემბრის საშინელი დილა, როდესაც ცა თქვენს თავზე გუგუნებდა თვითმფრინავებით, რომლებიც თავს დაგესხნენ. უბრალოდ გაიხსენეთ. გაიხსენეთ 11 სექტემბერი, 2011 წლის, ის საშინელი დღე, როდესაც ბოროტებამ სცადა თქვენი ქალაქები, თავისუფალი ტერიტორიები საბრძოლო ველად გადაექცია. როდესაც უდანაშაულო ხალხს დაესხნენ თავს ციდან. ისევე, როგორც არავინ ელოდა ამას და ვერ შეაჩერეთ, იმავეს განიცდის ახლა ჩვენი ქვეყანა ყოველდღე. აი, ახლა, ამ წუთას, ყოველ ღამით, უკვე სამი კვირის განმავლობაში. უკრაინული ქალაქების თავზე ცა რუსეთმა გადააქცია სიკვდილის წყაროდ ათასობით ადამიანისთვის.

რუსეთის ჯარებმა უკვე ესროლეს 1000-მდე რაკეტა, ჭურვი უკრაინას. იყენებენ დრონებს, რომ დამიზნებით დაგვხოცონ. ეს არის ტერორი, რაც დღემდე არ უნახავს ევროპას, არ უნახავს 80 წელია. და ჩვენ ვითხოვთ პასუხის გაცემას ამ ტერორისთვის მთელი მსოფლიოსგან. ეს ძალიან ბევრია სათხოვნელად? ფრენისთვის აკრძალული ზონის შექმნა ჩვენი ხალხის გადასარჩენად? ძალიან ბევრს გთხოვთ ჰუმინიტარული ფრენისთვის აკრძალული ზონით? რათა რუსეთმა ვერ შეძლოს ჩვენი თავისუფალი ქალაქების ტერორიზება.

თუ ასეთი ბევრია სათხოვნელად, მაშინ ალტერნატივას გთავაზობთ. თქვენ იცით, როგორი თავდაცვითი სისტემები გვჭირდება. იცით, ბრძოლის ველზე რამდენია დამოკიდებული ძლიერი ავიაციის გამოყენების შესაძლებლობაზე საკუთარი ხალხის, საკუთარი თავისუფლების დასაცავად. თვითმფრინავები, რომელთაც შეუძლიათ დაეხმარონ უკრაინას, დაეხმარონ ჩვენს თავისუფლებას, დაეხმარონ ჩვენს ხალხს. და თქვენ იცით, რომ გაქვთ ეს თვითმფრინავები, მაგრამ ისინი არ არიან უკრაინის ცაზე. არ იცავენ ჩვენს ხალხს. მე მაქვს ოცნება - ეს სიტყვები ძალიან ნაცნობია თქვენთვის; მე საჭიროება მაქვს, მე მჭირდება ჩვენი ცის დაცვა. მე მჭირდება თქვენი დახმარება, რაც ზუსტად იმავეს ნიშნავს. იმავეს, როცა თქვენ გესმით სიტყვები - მე მაქვს ოცნება.

ქალბატონებო და ბატონებო, მეგობრებო, უკრაინა მადლიერია აშშ-ის მისი განუზომელი დახმარების გამო, ყველაფრისთვის, რაც თქვენმა მთავრობამ და თქვენმა ხალხმა გაიღეს, იარაღისა და აღჭურვილობისთვის, ფინანსური მხარდაჭერისთვის, თავისუფალი სამყაროს მხარდაჭერის მობილიზებისთვის, რაც გვეხმარება აგრესორზე ეკონომიკურ ზეწოლაში. მე მადლიერი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, მისი პირადი ჩართულობის გამო, მსოფლიოში დემოკრატიის გულწრფელი მხარდაჭერის გამო; მე მადლობელი ვარ თქვენი რეზოლუციის გამო, რომელიც მათ, ვინც დანაშაულს სჩადის უკრაინის წინააღმდეგ, უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, დამნაშავედ აღიარებს.

მაგრამ, ახლა მართლაც უმძიმესი დღეებია ჩვენი ქვეყნისთვის, მთელი ევროპისთვის. მე მოგიწოდებთ უფრო მეტი მოქმედებებისკენ, სანქციების ახალი პაკეტები არის აუცილებელი, ყოველკვირეულად, სანამ რუსეთის სამხედრო მანქანა არ გაჩერდება. შეზღუდვები არის საჭირო ყველაზე, ვისაც ეს რეჟიმი ეყრდნობა. ჩვენ გთავაზობთ, აშშ-მა სანქციები დაუწესოს ყველას, ყველა პოლიტიკოსს, ვინც რჩება თავის ოფისში და არ წყვეტს კავშირებს მათთან, ვინც პასუხისმგებელია უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაზე. ბოლო ოფიციალურ პირამდე, ვინც არ გაემიჯნება ტერორს. ყველა ამერიკულმა კომპანიამ უნდა დატოვოს რუსული ბაზარი, დატოვოს ბაზარი დაუყოვნებლივ, იმიტომ რომ, ის სისხლითაა გაჟღენთილი.

ქალბატონებო და ბატონებო, თუ გაქვთ კომპანიები, თქვენს ოლქებში, რომლებიც აფინანსებენ რუსეთის სამხედრო მანქანას, უნდა შეაჩეროთ ისინი.

მე ვითხოვ, რომ რუსებმა არ მიიღონ ერთი ცენტიც კი, რომელსაც ჩვენი ხალხის გასანადგურებლად გამოიყენებენ, ჩვენი ქვეყნის, ევროპის გასანადგურებლად. ყველა ამერიკული პორტი უნდა დაიხუროს რუსული პროდუქტებისთვის. ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შემოსავალი. ჩვენ უნდა დავიცვათ ეს პრინციპი მთელ მსოფლიოში.

ჩვენ უკვე ვართ ომის საწინააღმდეგო კოალიციის ნაწილი. დიდი, ომის საწინააღმდეგო კოალიციისა, რომელიც აერთიანებს ბევრ, ათეულობით სახელმწიფოს. სახელმწიფოებს, რომლებმაც პრინციპული რეაგირება მოახდინეს პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებაზე - შემოჭრილიყო ჩვენს სახელმწიფოში.

მაგრამ არ უნდა გავჩერდეთ. უნდა შევქმნათ ახალი ინსტრუმენტები სწრაფად რეაგირებისთვის! ომის შესაჩერებლად! რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრა უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. სამართლიანი იქნებოდა, რომ ეს ერთ დღეში დასრულებულიყო, 24 საათში ისე, რომ ბოროტება მყისიერად დასჯილიყო. დღეს მსოფლიოს ამისთვის ინსტრუმენტები არ გააჩნია.

წარსულის ომებმა უბიძგა ჩვენს წინაპრებს, შეექმნათ ინსტიტუციები, რომელთა მიზანიც ომისგან ჩვენი დაცვა იყო. მაგრამ... ისინი არ მუშაობს. ჩვენ ამას ვხედავთ. ამიტომ, გვჭირდება ახალი ინსტიტუციები. ახალი ალიანსები და ჩვენ გთავაზობთ ასეთებს.

გთავაზობთ შეიქმნას ახალი გაერთიანება - U-24 - გაერთიანება მშვიდობისთვის, პასუხისმგებლიანი სახელმწიფოების კავშირი, რომლებსაც აქვთ ძალა და შეგნება, შეაჩერონ კონფლიქტები, დაუყოვნებლივ, გასწიონ აუცილებელი დახმარება 24 საათში. თუკი აუცილებელი იქნება, იარაღით. თუკი აუცილებელი იქნება, სანქციებით, ჰუმანიტარული დახმარებით, პოლიტიკური დახმარებით, დაფინანსებით - ყველაფრით, რაც აუცილებელია მშვიდობის დასაცავად, სიცოცხლეების გადასარჩენად.

ამასთან, ასეთ გაერთიანებას შეეძლება დახმარების აღმოჩენა ბუნებრივი კატასტროფების შემთხვევაში, ხელოვნური კატასტროფების შემთხვევაში, მათთვის, ვინც ჰუმანიტარული კრიზისის ან ეპიდემიის მსხვერპლი აღმოჩნდება.

გაიხსენეთ, რაოდენ რთული იყო მსოფლიოსთვის უმარტივესი რამის გაკეთება - ყველასთვის მიეწვდინა ვაქცინა, კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომ თავიდან აეცილებინა ახალი დაძაბულობა. მსოფლიოს დასჭირდა თვეები და წლები იმის გასაკეთებლად, რისი გაკეთებაც ბევრად სწრაფად შეიძლებოდა, რომ არ ყოფილიყო მსხვერპლი.

ქალბატონებო და ბატონებო! ამერიკელებო!

U-24-ის მსგავსი ალიანსი რომ არსებულიყო, მჯერა, ათასობით სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდებოდა ჩვენს ქვეყანაში და ბევრ სხვა ქვეყანაში, სადაც ძალიან სჭირდებათ მშვიდობა, სადაც არაადამიანურ განადგურებას განიცდიან... გთხოვთ ნახოთ ახლა ეს ვიდეო იმის შესახებ, რაც რუსეთის არმიამ ჩაიდინა ჩვენს მიწაზე. ჩვენ ეს უნდა შევაჩეროთ. ჩვენ უნდა ავიცილოთ ასეთი მოვლენები, პრევენციულად გავანადგუროთ ნებისმიერი აგრესორი, რომელსაც სურს მეორე სახელმწიფოს დაპყრობა. უყურეთ, თუ შეიძლება...

[ვიდეო]

დასასრულ, რომ შევაჯამო.

დღეს არასაკმარისია იყო სახელმწიფოს ლიდერი. დღეს უნდა იყო მსოფლიო ლიდერი. მსოფლიოს ლიდერობა კი ნიშნავს მშვიდობის ლიდერად ყოფნას.

მშვიდობა შენს ქვეყანაში აღარ არის დამოკიდებული მხოლოდ შენზე და შენს ხალხზე. ის დამოკიდებულია შენ გვერდით მყოფებზეც, მათზე, ვინც ძლიერია.

ძლიერი არ ნიშნავს დიდს. ძლიერი ნიშნავს მამაცს და მზადმყოფს, იბრძოლოს თავისი მოქალაქეებისთვის და მსოფლიოს მოქალაქეებისთვის; იბრძოლოს ადამიანის უფლებებისთვის, თავისუფლებისთვის, იმისათვის, რომ იცხოვრო ღირსეულად და გარდაიცვალო, როცა ამის დრო მოვა და არა, როცა ვიღაც მოისურვებს - შენი მეზობლის ხელიდან.

დღეს უკრაინის ხალხი იცავს არა მხოლოდ უკრაინას, ჩვენ ვიბრძვით ევროპისა და მსოფლიოს ღირებულებებისთვის, მომავალს ვწირავთ ჩვენს სიცოცხლეებს.

ამიტომაც, ამერიკელი ხალხი დღეს ეხმარება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ევროპასა და მსოფლიოს, პლანეტის გადასარჩენად, ისტორიისთვის სამართლიანობის გადასარჩენად.

ახლა თითქმის 45 წლის ვარ. ჩემთვის ასაკის ათვლა გაჩერდა, როცა ასზე მეტი ბავშვის გულისცემა შეწყდა. ვერ ვხედავ სიცოცხლის აზრს, თუკი ვერ ვაჩერებ სიკვდილს. ეს არის ჩემი - როგორც ჩემი ხალხის, დიადი უკრაინელების ლიდერის - მთავარი მისია.

და, როგორც ჩემი ერის ლიდერი, მივმართავ პრეზიდენტ ბაიდენს:

შენ ხარ ერის ლიდერი, შენი დიადი ერის ლიდერი.

გისურვებ იყო მსოფლიო ლიდერი. მსოფლიო ლიდერობა კი ნიშნავს იყო მშვიდობის ლიდერი.

გმადლობთ.

დიდება უკრაინას!

XS
SM
MD
LG