Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამოუკიდებელი სოციოლოგები: რუსეთის მოსახლეობის 71% სიამაყეს განიცდის უკრაინაში ომის გამო


რუსეთის მოსახლეობის თითქმის სამი მეოთხედი უკრაინაში ომს ემხრობა და აქვს დადებითი ემოციები როგორიცაა, სიამაყე, სიხარული, პატივისცემა, ნდობა და იმედი.

რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს მიაწოდეს ორი გამოკითხვის შედეგები, რომლებიც ჩაატარეს რუსეთის დამოუკიდებელმა სოციოლოგებმა კვირა-ნახევრის ინტერვალით, თებერვლის ბოლოსა და მარტის პირველ ნახევარში.

გამოკითხვის ავტორების თანახმად, პოზიციები განსხვავებულია ასაკის მიხედვით. 35 წლის ასაკზე უფროსი მოქალაქეები გამოხატავენ სიამაყეს, პატივისცემას და იმედს. 18 წლამდე ასაკის რესპონდენტებს მეტად აქვთ მიდრეკილება უკმაყოფილების და იმედგაცრუებისკენ. რუსეთის ხუთი მოქალაქიდან, ორი შეშფოთებულია ომის გამო და ამ გრძნობას უფრო ხშირად ახალგაზრდები გამოხატავენ.

25-44 წლის ასაკის მოქალაქეები ხშირად გამოხატავენ განგაშისა და შიშის გრძნობას „სამხედრო ოპერაციის“ გამო. 55 წელს გადაცილებულთა ნახევარზე მეტი უკრაინასთან ომს მხარს უჭერს.

პირველ და მეორე გამოკითხვას შორის გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც ემხრობა „სამხედრო ოპერაციას“ და უკრაინის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობას. ამავე დროს იზრდება პესიმიზმი საკუთარი ფინანსური მდგომარეობისა, რუსეთისთვის დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო.

გამოკითხვებმა ასევე აჩვენეს, რომ რუსეთის მოსახლეობის სამი მეოთხედი ომის ამბებს ტელევიზიიდან შეიტყობს. მათგან 87 პროცენტი (რუსეთის მოსახლეობის 64 პროცენტი) სახელმწიფო არხებიდან იღებს ცნობებს ომის შესახებ.

სოციოლოგები მიიჩნევენ, რომ რუსეთის ახალგაზრდა, 35 წლამდე მოქალაქეები, დიდი ალბათობით, ნაწილობრივი ან სრული უნდობლობით უყურებენ უკრაინის შესახებ ცნობებს, ვიდრე უფროსები. ამასთან, გამოკვლევის ავტორები წერენ, რომ ახალგაზრდა რუსები, 18-24 წლამდე ასაკის მოქალაქეები, ხშირად გამოხატავენ უკრაინის ამბების მიმართ გულგრილობას.

შეკითხვაზე, როგორ ზემოქმედებს მათზე რუსეთის პრეზიდენტის ქმედება, რესპონდენტების მესამედმა განაცხადა, რომ მტკიცედ სჯერა, რომ პუტინი მათი ინტერესებისთვის მუშაობს. 26-მა პროცენტმა თქვა, რომ ის გარკვეულწილად მუშაობს მათი ინტერესებისთვის. მთლიანობაში რუსების უმეტესობა თვლის, რომ უკეთესი იქნებოდა, პუტინი პრეზიდენტად დარჩენილიყო, რაც შეიძლება დიდხანს. ეს აზრი განსაკუთრებით გავრცელებულია იმ რუსებს შორის, ვინც ტელევიზიით იღებს ინფორმაციას. რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც პირადი კავშირების და ციფრული მედიის გზით იღებენ ცნობებს, პრეზიდენტს სხვაგვარად აღიქვამენ, წერია რუსეთის დამოუკიდებელი სოციოლოგების მიერ ჩატარებულ გამოკვლევაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG