Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

RT-ს დიდ ბრიტანეთში მაუწყებლობის ლიცენზია ჩამოერთვა


ბრიტანულმა მედიამარეგულირებელმა ორგანომ, Ofcom-მა, რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანია RT-ს (რაშა თუდეი) დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე მაუწყებლობის ლიცენზია ჩამოართვა.

უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან მალევე, დიდი ბრიტანეთის სატელევიზიო ქსელებმა RT ხელმისაწვდომი არხების ჩამონათვალიდან ამოიღეს.

RT-ს ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება „პოლიტიკურად“ შეაფასა.

დიდი ბრიტანეთის მარეგულირებლის განცხადებით, მსჯელობისას მხედველობაში მიიღეს გარემოება, რომ არხი რუსეთის ფედერაციის მთავრობისგან ფინანსდება, იმ მთავრობისგან, რომელმაც უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება მიიღო.

გაითვალისწინეს რუსეთში ამოქმედებული კანონი, რომელიც „ფაქტობრივად კრიმინალად მიიჩნევს დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას“. შესაბამისად, მარეგულირებელმა მიიჩნია, რომ RT ვერ დაიცავს მიუკერძოებლობას არსებულ ვითარებაში, რაც მისთვის ლიცენზიის ჩამორთმევის საფუძველი გახდა.

შესაბამისად, Ofcom-ის გადაწყვეტილება ძალაში შევა დაუყოვნებლივ.

„აზრის გამოხატვის თავისუფლება არის ის, რასაც მონდომებით ვიცავთ ამ ქვეყანაში. დამოუკიდებელი მარეგულირებელი პროცესის შემდეგ ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ RT არ შეესაბამება დიდ ბრიტანეთში არსებულ სალიცენზიო პირობებს, შედეგად ჩვენ უარი ვუთხარით RT-ს დიდი ბრიტანეთში ლიცენზიის ფლობაზე“, - განაცხადა Ofcom-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მელანი დოისმა.

დიდმა ბრიტანეთმა 15 მარტს გააფართოვა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების სია და მასში შეიყვანა 350-მდე ფიზიკური და იურიდიული პირი. მათ შორის, RT-ის ხელმძღვანელი მარგარიტა სიმონიანი და მისი მეუღლე ტიგრან კეოსაიანი.

მანამდე ევროპის კავშირმა დაუწესა სანქციები რუსეთის მედიასაშუალებებს - სახელმწიფო ტელეკომპანია RT-ის ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და ესპანურ პროგრამებს და სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ს.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლიდან აწარმოებს სამხედრო მოქმედებებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".

XS
SM
MD
LG