Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავში სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა გაძვირდა


რუსთავში ყველა შიდასაქალაქო მარშრუტზე მოძრავი მიკროავტობუსებით მგზავრობის ფასი მძღოლებმა თვითნებურად გაზარდეს. დღეს დილიდან მგზავრებს 50 თეთრის ნაცვლად, 80 თეთრის გადახდა უწევთ.

რუსთავში შიდასაქალაქო მარშრუტზე ყოველდღე დაახლოებით 200 მიკროავტობუსი გამოდის. მძღოლები ამბობენ, რომ მგზავრობის ღირებულების მომატება ბენზინზე და არა მხოლოდ მასზე ფასების მომატებამ გამოიწვია.

მოქმედი რეგულაციებით, მგზავრობის ტარიფს, შესაბამისი დასაბუთებით, რუსთავის საკრებულო განიხილავს და მერია ამტკიცებს. რუსთავის მერიამ მგზავრობის ფასის მომატების გამო მგზავრთა ნაკადის მონიტორინგი დაიწყო იმის დასადგენად, რამდენად სამართლიანად მოხდა მგზავრობის ფასის თვითნებური გაზრდა.

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ალექსანდრე ბერიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ტარიფის მომატების საკითხს ორშაბათს საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ და გადამზიდავ კომპანიებს ახალ ტარიფთან დაკავშირებით დასაბუთებას მოსთხოვენ. ალექსანდრე აბაშიძემ ასევე თქვა, რომ მისი ფრაქცია,"ნაციონალური მოძრაობა", მერიას მიმართავს, რომ გაიზარდოს მუნიციპალური ავტობუსების რაოდენობა, რომელთა რიცხვი ახლა 40 ერთეულია და არ არის საკმარისი.

ბოლო რამდენიმე დღეში საქართველოში გაძვირდა საწვავი და სასურსათო პროდუქტის ერთი ნაწილი, მათ შორის შაქარი, წიწიბურა და ა.შ.

XS
SM
MD
LG