Accessibility links

site logo site logo

მაიკლ მაკფოლი: "პუტინისთვის არავინ არსებობს, მხოლოდ - სი ძინპინი"


ამერიკელი დიპლომატი და პოლიტოლოგი მაიკლ მაკფოლი 30 წელია იცნობს პუტინს, არაერთხელ შეხვედრია მას როგორც პრეზიდენტ ობამას მრჩეველი და როგორც აშშ-ის ელჩი რუსეთში:

„პირველად პუტინს შევხვდი დიდი ხნის წინ, 1991 წელს. ბევრი ნაცნობი მყავს, რომელიც ძალიან მჭიდროდ მუშაობდა მასთან 20 წლის განმავლობაში. ეს არის პეტერბურგის გუნდი - გრეფი, ჩუბაისი... ვერცერთი ვერ იტყოდა 20 წლის წინ, რომ პუტინი გიჟი იყო. არა, ის იყო ძალიან ჭკვიანი, ზომიერი პოლიტიკოსი. ნამდვილად არ არის დემოკრატი - ეს თავიდანვე აშკარა იყო, მაგრამ ის პროდასავლელიც კი იყო. ძალიან კარგი პირადი ურთიერთობა ჰქონდა ჩვენს ყოფილ პრეზიდენტთან, ბატონ ბუშთან. მაგრამ დღეს ის სულ სხვაა. ხუთი წელი ვიმუშავე ობამას ადმინისტრაციაში, ჯერ უშიშროების საბჭოში, შემდეგ მოსკოვში, ბევრ შეხვედრაზე ვიყავი მასთან. რვა წლის წინ, დიპლომატიურ ჩანაწერებში, რომლებსაც ჩვენ ვამზადებდით ხოლმე, განუწყვეტლივ ვცდილობდით აგვეხსნა, რომ ის გახდა ნაკლებად დაკავშირებული თავის გუნდთან, საზოგადოებასთან, რომ ის დიდ დროს ატარებდა თავის სასახლეში მოსკოვიდან შორს. უკვე 8 წლის წინ გვქონდა განცდა, რომ ის იშვიათად უსმენდა მრჩევლებს, რადგან 20 წლის ხელისუფლებაში ყოფნის შემდეგ ზუსტად იცოდა, რას ეტყოდა, მაგალითად, ლავროვი. რას ნიშნავს მისთვის პატრუშევი და ბორტნიკოვი? არაფერს. ვფიქრობ, მას აქვს ასეთი ტენდენცია სამყაროს აღქმაში“.

მაკლ მაკფოლის თქმით, დღეს პუტინისთვის არსებობს მხოლოდ ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი და მეტი არავინ.

„არ სცემს პატივს სხვა ლიდერებს და არც ისე კარგად ურთიერთობს მათთან. ადრე სხვანაირად იყო საქმე. შრიოდერი, ბერლუსკონი, ბუშიც კი... - მას ჰყავდა კოლეგები, ახლა კი აღარ ჰყავს. ძალიან სახიფათოა მარტო ყოფნა, ინფორმაციის მიღება მხოლოდ საიდუმლო წითელი საქაღალდის მეშვეობით, არ წაკითხვა ნორმალური გაზეთებისა, ნამდვილი ინფორმაციის არ მიღება. ვფიქრობ, რომ პუტინს ნამდვილად სჯეროდა თავისი პროპაგანდისა, ამიტომაც არის, რომ ომის დაწყებიდან ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც იგი ელოდა“, - უთხრა მაიკლ მაკფლომა რადიო თავისუფლებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG