Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"DJ" პუტინის დაცვაში. ვინ იცავდა პუტინს ლუჟნიკის კონცერტზე


მარინა პეროვას ქმარი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დაცვის სამსახურის თანამშრომელი და "ხმის რეჟისორი" 18 მარტს ლუჟნიკში გამართულ კონცერტზე, კოლაჟი
მარინა პეროვას ქმარი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დაცვის სამსახურის თანამშრომელი და "ხმის რეჟისორი" 18 მარტს ლუჟნიკში გამართულ კონცერტზე, კოლაჟი

ყირიმის ანექსიის მორიგი წლისთავისადმი მიძღვნილ კონცერტზე, რომელიც მოსკოვში ლუჟნიკის სტადიონზე გაიმართა, მთავარ სცენაზე, ხმის აპარატურის პულტთან ორი ახალგაზრდა მამაკაცი იდგა ყურსასმენებით - ერთს თეთრი ქურთუკი ეცვა, მეორეს - ლურჯი. რადიო თავისუფლებამ მოახერხა ერთ-ერთი მათგანის იდენტიფიცირება: ის აღმოჩნდა არა ხმის ინჟინერი, არამედ სახელმწიფო დაცვის ფედერალური სამსახურის (ФСО) პრეზიდენტის პოლკის თანამშრომელი.

ლუჟნიკის კონცერტის ფოტო, რომელიც პუტინის გამოსვლის დროსაა გადაღებული, გამოქვეყნდა ვებსაიტზე gigarama.ru. ეს არის „ნაციონალური მედიაჯგუფის“ შვილობილ მედიაჰოლდინგ News Media-ს პროექტი, რომლის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა ყოფილი სპორტსმენი, რუსეთის დუმის დეპუტატი და პუტინთან დაახლოებული პირი, ალინა კაბაევა. პროექტის შემქმნელები „გიგარამას“ უწოდებენ მაღალი გარჩევადობით გადაღებულ პანორამულ ფოტოსურათს, რომელიც ყველაზე უმცირესი დეტალების გარჩევის საშუალებას იძლევა.

სოციალური ქსელების მომხმარებლებმა უკვე მოახერხეს რამდენიმე ასეთი დეტალის მოძიება ლუჟნიკის კონცერტის გიგარამაზე - მაგალითად, სტადიონის სახურავის ქვეშ ჩასაფრებული სნაიპერები.

გიგარამაში ასევე მოჩანს ორი ადამიანი, რომლებიც დგანან მთავარ სცენაზე ყურსასმენებით ხმის აპარატურის პულტთან. კონცერტის ვიდეოჩანაწერებით თუ ვიმსჯელებთ, ისინი იქ იდგნენ მთელი კონცერტის განმავლობაში და არა მხოლოდ პუტინის გამოსვლის დროს.

FindClone სახის ამოცნობის სერვისის გამოყენებით, რადიო თავისუფლებამ სოციალურ ქსელ VKontakte (ВКонтакте)-ში იპოვა ერთ-ერთი მათგანის ფოტო (ფოტოზე მარჯვნივ ლურჯ ქურთუკში), რომელიც გამოქვეყნებული იყო ვინმე ალექსანდრ პოპოვის ანგარიშზე. პროფილის აღწერილობის მიხედვით, ალექსანდრ პოპოვი ვოლგოგრადის სამეცნიერო-სამრეწველო ცენტრ "ტიტან-ბარიკადების" თანამშრომელია. თავის მხრივ, "ტიტან-ბარიკადები" რუსეთის ფედერაციის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში შემავალი დაწესებულებაა, რომელიც აწარმოებს სარაკეტო კომპლექსების „ისკანდერ-მ“-ისა და „ტოპოლ-მ“-ის გამშვებ სისტემებს. ამჟამად ეს სურათი წაშლილია პოპოვის არხიდან და ის ხელმისაწვდომია მხოლოდ FindClone-ის ძიების შედეგებში.

ალექსანდრ პოპოვი (ცენტრში ქვემოთ), ლუჟნიკის კონცერტის "ხმის რეჟისორი" (ქვემოთ მარჯვნივ, წითელ კვადრატში)
ალექსანდრ პოპოვი (ცენტრში ქვემოთ), ლუჟნიკის კონცერტის "ხმის რეჟისორი" (ქვემოთ მარჯვნივ, წითელ კვადრატში)

„ხმის რეჟისორის“ კიდევ ერთი ფოტო იძებნება „მარინა პეროვას“ პროფილში. ამ ფოტოზე ის გამოსახულია თავის ტყუპ ძმასთან ერთად. მარინას სხვა პოსტებიდანაც ჩანს, რომ ძმები ერთ დღეს არიან დაბადებული. ფოტოზე ორივე უშიშროების ფედერალური სამსახურის საპრეზიდენტო პოლკის ფორმაში არიან გამოწყობილი.

ლუჟნიკის კონცერტის "ხმის რეჟისორი" მარცხნივ, მისი ტყუპისცალი - მარჯვნივ
ლუჟნიკის კონცერტის "ხმის რეჟისორი" მარცხნივ, მისი ტყუპისცალი - მარჯვნივ

სახის ამოცნობის კიდევ ერთი სერვისი, Microsoft Azure, ადასტურებს, რომ მარინა პეროვას ქმარი და ლუჟნიკის "ხმის რეჟისორი" ერთი და იგივე პიროვნებაა.

მარინა პეროვას ქმარი ახლოს არის პუტინთან არა მხოლოდ სცენაზე, არამედ ცხოვრებაშიც: მარინას VKontakte-ს პროფილიდან ირკვევა, რომ მათი შვილები დადიან დაბა სოსნებში მდებარე საბავშვო ბაღში, რომელიც მდებარეობს რუბლიოვკაზე, ნიკოლინა გორისა და ბარვიხას შორის, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ერთ-ერთი რეზიდენციის მახლობლად.

ალექსანდრ პოპოვი, რომლის პროფილზე გამოქვეყნდა მარინა პეროვას მეუღლის - პრეზიდენტის პოლკის წევრისა და ყირიმის ანექსიის წლისთავისადმი გამართული კონცერტის "ხმის რეჟისორის" ფოტო, ასევე მსახურობდა ФСО-ში. VKontakte-ში გამოქვეყნებულ მის ერთ-ერთ ფოტოს აქვს Instagram-ის ბმული, რომელსაც გადავყავართ რამდენიმე ფოტოზე, სადაც პოპოვი გამოსახულია ხაკისფერ მაისურსა და სახელმწიფო დაცვის ფედერალური სამსახურის პრეზიდენტის უსაფრთხოების სპეციალური დანიშნულების სამმართველოს ლოგოთი (УСН СБП ФСО РФ).

VKontakte-ში რადიო თავისუფლებასთან მიმოწერაში პოპოვმა დაადასტურა, რომ იცნობს ორივე ძმას, მათ შორის მარინას ქმარსაც, თუმცა სხვა კითხვები უპასუხოდ დატოვა.

პრეზიდენტის უშიშროების სამსახური, რომელიც პასუხისმგებელია სახელმწიფოს მეთაურის ფიზიკურ დაცვაზე, 1991 წელს დაარსდა. მას შემდეგ, რაც 1993 წლის ოქტომბრის მოვლენების დროს, სპეცრაზმის "ალფას" და "ვიმპელის" ზოგიერთმა თანამშრომელმა უარი თქვა რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, ბორის ელცინის ბრძანებების შესრულებაზე, ელცინის დაცვის უფროსმა ალექსანდრ კორჟაკოვმა დაარწმუნა ელცინი, შეექმნა СБП - "პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახური", - იხსენებდა ცენტრის ხელმძღვანელი დენის ხრამკოვი გაზეთ „მირ ნოვოსტეისთან“ ინტერვიუში. "პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურს" არსებული ფორმით დიდხანს არ უარსებია, მაგრამ 1996 წელს დაშლილი უწყება აღადგინეს 2001 წელს, ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ამ დროიდან "რუსეთის პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური დანიშნულების სამმართველო" (УСН СБП) არსებობს, როგორც ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სტრუქტურული ერთეული და უზრუნველყოფს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის უსაფრთხოებას.

2022 წლის 18 მარტს ლუჟნიკში გამართულ კონცერტს, ისევე როგორც შარშან, ესწრებოდნენ საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლები და ის ადამიანები, რომლებსაც ამაში რამდენიმე ასეული რუბლი გადაუხადეს. პუტინის გამოსვლის სატელევიზიო ტრანსლაცია შეწყდა გამოსვლის დასრულებამდე, ორგანიზატორების თქმით, "ტექნიკური მიზეზების გამო". შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაში 200 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.

21 მარტს ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციულმა ფონდმა გამოაქვეყნა ახალი გამოძიება უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურთან დაკავშირებით. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თანამოაზრეებმა გაარკვიეს, რომ 700 მილიონ დოლარად შეფასებული სუპერიახტის „შეჰერეზადას“ ეკიპაჟი თითქმის მთლიანად რუსეთის დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებისგან შედგებოდა. ამის საფუძველზე გამოძიების ავტორები ასკვნიან, რომ იახტა ეკუთვნის ვლადიმირ პუტინს ეკუთვნის და ამის გამო უნდა დააკავონ რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფარგლებში. ამჟამად „შეჰერეზადა“ იტალიაში, ტოსკანაში იმყოფება.

რადიო თავისუფლებამ მარინა პეროვას კითხვა გაუგზავნა VKontakte-ში, მსახურობს თუ არა მისი ქმარი ФСО-ში და იდგა თუ არა იგი ხმის რეჟისორის პულტთან ლუჟნიკში კონცერტის დროს, თუმცა პასუხი არ მიგვიღია.

ავტ: სერგეი დობრინინი, მარკ კრუტოვი

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG