Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის გვარდიის რამდენიმე მებრძოლმა უკრაინაში წასვლაზე უარი თქვა, რის გამოც ისინი სამსახურიდან დაითხოვეს


თებერვლის ბოლოს რუსეთის გვარდიის 12-მა ჯარისკაცმა უარი თქვა უკრაინაში წასვლის თაობაზე მეთაურის ბრძანების შესრულებაზე. მოგვიანებით მათ შემოწმება ჩაუტარეს და სამსახურიდან გაათავისუფლეს. რუსმა გვარდიელებმა სამსახურში აღდგენის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

ამის შესახებ ხუთშაბათს ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფის, "აგორას", ადვოკატმა პაველ ჩიკოვმა განაცხადა.


ადვოკატმა „ტელეგრამში“ დაწერა, რომ რუსეთის გვარდიის კრასნოდარის რაზმის პოლიციის კაპიტანმა ფარიდ ჩიტაევმა და მისმა 11-მა მებრძოლმა 25 თებერვალს უარი თქვეს „გადაეკვეთათ რუსეთის ფედერაციის საზღვარი და გადაადგილებულიყვნენ უკრაინის ტერიტორიაზე“. ამასთან, პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის აღნიშნული ჯგუფი 6 თებერვალს იმყოფებოდა ანექსირებულ ყირიმში, სადაც სამხედრო წვრთნა „ზასლონ 2022“-ში მონაწილეობდა.

მითითებული ბრძანება რუსმა გვარდიელებმა უკანონოდ ჩათვალეს. თანაც, არცერთ მათგანს თან არ ჰქონია საზღვარგარეთის პასპორტი. „მოსარჩელეთაგან არცერთი არ იყო საქმის კურსში უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე სპეციალური სამხედრო ოპერაციის პირობებისა და ამოცანების შესახებ, რის გამოც მასზე თანხმობა არცერთ მათგანს ამ მიუცია“, - ამბობს ადვოკატი პაველ ჩიკოვი. მისი თქმით, მოსარჩელეთა ინტერესებს სასამართლოში ადვოკატი მიხეილ ბენიაში იცავს.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც.

უკრაინაზე თავდასხმის გამო, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკისა და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს უპრეცედენტო სანქციები დაუწესეს და უკრაინას უწევენ სამხედრო და ფინანსურ დახმარებასაც.

XS
SM
MD
LG