Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგეი ლავროვი ასლან ბჟანიას მოსკოვში შეხვდა


სერგეი ლავროვი, ასლან ბჟანია.
სერგეი ლავროვი, ასლან ბჟანია.

25 მარტს მოსკოვში შეხვედრა შედგა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ასლან ბჟანიას შორის.

როგორც ლავროვი აცხადებს, რუსეთი კმაყოფილია აფხაზეთთან პოლიტიკური დიალოგით, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობით და მის განვითარებას აპირებს.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ბჟანიას მიმართა: „დავაფასეთ თქვენი გადაწყვეტილება დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ. აქტიურად შევუწყობთ ხელს ამ ორ ახალი სახელმწიფოსთან კონტაქტების განვითარებას. მიმაჩნია, რომ მთლიანობაში ეს დაეხმარება ჩვენს საერთო გეოპოლიტიკურ სივრცეში მდგომარეობის სტაბილიზაციას".

ლავროვი ამბობს, რომ რუსეთს აქვს შესაძლებლობა გააგრძელოს აფხაზეთის მხარდაჭერა „საერთაშორისო საქმეებში თავისი კანონიერი ადგილის დასაკავებლად".

ბჟანიამ ლავროვს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე, რომელიც უკავშირდება უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას.

„აფხაზეთის მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას ესმის რამდენად მნიშვნელოვანია ამ აუცილებელი ზომის მიღება. ამ თვალსაზრისით ჩვენთან ხალხი მომზადებულია. ჩვენ ვაღიარეთ დნრ-ისა და ლნრ-ის დამოუკიდებლობა. ჩვენთან ჩატარდა მრავალათასიანი მიტინგი. ორჯერ გავაგზავნეთ ჰუმანიტარული დახმარება დონბასში. ამ დროისთვის დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებიდან აფხაზეთში ისვენებს 150-ზე მეტი ქალი და ბავშვი", - თქვა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

ბჟანიამ განაცხადა, რომ მზად არის თავდაცვისა და სპეცსამსახურერების მიმართულებით დახმარების გასაწევად.

რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დაწყებიდან ერთი თვე გავიდა. ამ დროის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაში დაბომბა საავადმყოფოები, სამშობიარო, საცხოვრებელი სახლები და სხვა სამოქალაქო დაწესებულებები.

ევროკავშირის ქვეყნები, აშშ და სხვა ქვეყნები რუსეთს შესაჩერებლად სანქციებს უწესებენ, საქართველოს ხელისუფლება კი ამბობს, რომ "ეროვნული ინტერესების" გამო არ დაუწესებს სანქციებს. ამავდროულად, არ იცვლება რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზო მიმოსვლის წესი. ბოლო მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში დარჩა რუსეთის 12 ათასი მოქალაქე.

XS
SM
MD
LG