Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

8 ამბავი პუტინზე


2000 წლის 26 მარტს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ვლადიმირ პუტინი პირველად აირჩიეს პრეზიდენტად, ამავე წელს გამოვიდა წიგნი მის შესახებ: „პირველი პირისგან - საუბრები ვლადიმირ პუტინთან“.

წიგნის ავტორებმა (წიგნს სამი ავტორი ყავს - . გევორქიანი, . ტიმაკოვა, . კოლესნიკოვი) ჩაწერეს ინტერვიუები პუტინსა და მის ახლობლებთან. აი, რამდენიმე ისტორია ამ წიგნიდან.

მეორე მსოფლიო ომი

ვლადიმირ პუტინი: „მშობლები პიტერში 1932 წელს გადმოვიდნენ. ქალაქგარეთ ცხოვრობდნენ, პეტერგოფში. დედა მაშინვე რომელიღაც ქარხანაში მოეწყო, მამა ჯარში გაიწვიეს. როცა დაბრუნდა, ერთი წლის შუალედით ორი ბიჭი გაუჩნდათ. ერთი რამდენიმე თვეში დაიღუპა...

ომის დროს ლენინგრადში რაღაც ბავშვთა სახლების მსგავსს აკეთებდნენ, ბავშვები რომ გადაერჩინათ. ასეთ ბავშვთა სახლში მეორე ბიჭი დიფტერიით დაავადდა და ისიც გარდაიცვალა...

ერთხელ დედამ შიმშილისგან გონება დაკარგა. ეგონათ, მოკვდაო. სხვა გარდაცვლილებთანაც კი დააწვინეს. კიდევ კარგი, დროზე მოვიდა აზრზე და დაიკვნესა. სასწაულია, რომ ცოცხალი დარჩა. მთელი ბლოკადის განმავლობაში ლენინგრადში იყო“.

ვოვკა და ვირთხა

ვერა გურევიჩი, ვლადიმირ პუტინის მასწავლებელი: „მათი წინკარი საშინელება იყო. კომუნალური ბინა, ყოველგვარი კომფორტის გარეშე, არც ცხელი წყალი, არც აბაზანა. საშინელი საპირფარეშო, პირდაპირ კიბეს მიბჯენილი. ცივი, უსახური. რკინისმოაჯირიანი კიბე ერთიანად გაუბედურებული და სასიარულოდ სახიფათო.

სახლში საჭმელს უფრო მამა ამზადებდა. ძალიან კარგი შტრუდელი გამოსდიოდა. პუტინების შტრუდელს დღემდე ვიხსენებთ.

დედა დიდად განათლებული არ გახლდათ. არ ვიცი, 5 კლასი მაინც თუ ჰქონდა დამთავრებული. მთელი ცხოვრება მუშაობდა: მეეზოვედ, ღამე საფუნთუშეში პროდუქტის მიმღებად... ლაბორატორიაში საცდელ მილებს რეცხავდა, მგონი, ერთი პერიოდი საკომისიო მაღაზიასაც დარაჯობდა.

მამა ძალიან სერიოზული იყო, მკაცრი გამომეტყველებით. პირველად რომ მივედი მათთან, შემეშინდა კიდეც, გავიფიქრე - როგორი მკაცრი კაცია. შემდეგ გაირკვა, რომ შინაგანად ძალიან კეთილი იყო. მაგრამ არავითარი ხვევნა-კოცნა. მათ ოჯახში საერთოდ არ იყო მიღებული „უწუ-მუწუ“ ურთიერთობები“.

ვლადიმირ პუტინი: „იმ კიბეზე ერთხელ და სამუდამოდ გავიგე, რას ნიშნავს კუთხეში მიმწყვდევა. სადარბაზოში ვირთხები იყვნენ. მე და ჩემი მეგობრები ჯოხებით ვერეკებოდით ხოლმე. ერთხელ უზარმაზარი ვირთხა დავინახე და იქამდე ვსდიე, სანამ კუთხეში არ მივიმწყვდიე.

გასაქცევი აღარსად ჰქონდა. ამიტომ, მოტრიალდა და თავს დამესხა. არ ველოდი, ძალიან შემეშინდა. ახლა უკვე ვირთხა მომსდევდა უკან. საფეხურებს ახტებოდა. მაგრამ მე მაინც გავასწარი და პირდაპირ ცხვირწინ მივუჯახუნე კარი“.

ლუდმილა პუტინა, ვლადიმირ პუტინის ყოფილი ცოლი: „[როცა დავქორწინდით] მშობლებთან ვცხოვრობდით. ბინა 27 კვადრატული მეტრი იყო... ამ ბინის გადაცვლა ძალიან ჭირდა. ერთ ოთახს აივანი ჰქონდა, ხოლო მეორე ოთახსა და სამზარეულოში ფანჯრები ლამის ჭერის ქვეშ იყო. როდესაც მაგიდასთან იჯექი, ქუჩას ვერ ხედავდი, მხოლოდ კედელს. ეს ძალიან დიდი მინუსი იყო გაცვლისას.

მშობლები 15-კვადრატულმეტრიან ოთახში ცხოვრობდნენ, იმაში, რომელსაც აივანი ჰქონდა. ჩვენი უაივნო 12 კვადრატული მეტრი იყო“.

ვლადიმირ და ლუდმილა პუტინები
ვლადიმირ და ლუდმილა პუტინები

პუტინი საქართველოში

ვლადიმირ პუტინი: „სტუდენტი როცა ხარ, ფული არ გაქვს. მშენებლობაზე მაშინ კარგად შოულობდნენ. წავედი სამუშაოდ, ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ ნიადაგს ვასუფთავებდით, სახლებს ვარემონტებდი. მოვრჩით და შეკვრა ფული გადმოგვცეს, სადღაც ათასამდე მანეთი იყო. მაშინ მანქანა სამ-ნახევარი-ოთხი ათასი ღირდა... [ორ მეგობართან ერთად] გაგრაში წავედი დასასვენებლად.

ჩავედით. პირველივე დღეს პორტვეინი დავლიეთ. მწვადები დავაყოლეთ და დავიწყეთ ფიქრი, ახლა რაღა გვექნა. ღამე სად გაგვეთენებინა? სადღაც ალბათ სასტუმროები იყო, მაგრამ ჩვენ მათზე ვერ ვიოცნებებდით. გვიან საღამოს კერძო სახლში დავბინავდით, ვიღაც ბებომ წაგვიყვანა.

რამდენიმე დღე ვბანაობდით, მზის აბაზანებს ვიღებდით. კარგად ვისვენებდით. შემდეგ მივხვდით, რომ როგორღაც უნდა ჩავიდეთ სახლამდე, არადა, ფული გვითავდება. ვიფიქრეთ, ვიფიქრეთ და ყველაზე იაფი საშუალება მოვძებნეთ - გემბანის ადგილები გემზე.

...გემზე მაშველ ნავში მოვთავსდი, წყალზე ეკიდა და ჰამაკივით ირწეოდა. ორი ღამე ცას თვალი ვერ მოვწყვიტე. გემი მიდის და გგონია, ვარსკვლავები მიცურავენ, გესმით? მეზღვაურებისთვის ეს კარგადაა ნაცნობი, ჩემთვის კი საინტერესო აღმოჩენა იყო.

საღამოს მგზავრებს კაიუტიდან ვათვალიერებდი. რატომღაც სევდიანი საყურებელი იყო, რაღაცნაირი ლამაზი ცხოვრებაა. ჩვენ კი მხოლოდ ნავი, ვარსკვლავები და „ტუშონკა“ გვქონდა“.

ჩაშლილი ქორწილი

ავტორი: უნივერსიტეტის დრო რომანებისთვისაა ზედგამოჭრილი. თქვენც გქონდათ?

..: ვის არ ჰქონდა, რომ? ისეთი არაფერი, გარდა ერთისა.

ავტორი: პირველი სიყვარული?

..: კი, დაქორწინებასაც ვაპირებდით...

ავტორი: და ვინ გადაწყვიტა, რომ არ შეეფერებით ერთმანეთს?

..: მე. მე გადავწყვიტე. განცხადებაც შეტანილი გვქონდა. ყველაფერი გამზადებული იყო. ორივეს მშობლებმა ყველაფერი იყიდეს - ბეჭდები, კოსტიუმი, კაბა... ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო ცხოვრებაში. ძალიან მძიმე. უკანასკნელ ნაძირალასავით გამოვიყურებოდი. მაგრამ გადავწყვიტე, რომ მაინც ახლა ჯობს, ვიდრე მერე ორივემ ვიწვალოთ.

ავტორი: ანუ, ქორწილიდან წამოხვედით?

..: თითქმის. რა თქმა უნდა, არსად გავქცეულვარ. ყველაფერი ვუთხარი, რაც საჭიროდ მიმაჩნდა.

ავტორი: არ გინდათ ამაზე საუბარი?

..: არა... რთული ამბავია. ასე გამოვიდა. მართლა მძიმე იყო.

ავტორი: არ გინანიათ?

..: არა.

აგენტი პუტინი გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში

ვლადიმირ პუტინი: ჩვეულებრივი სადაზღვერვო სამუშაოები იყო: ინფორმაციის წყაროების გადაბირება, ინფორმაციის მიღება, დამუშავება და ცენტრში გადაგზავნა. ეს იყო ინფორმაცია პოლიტიკური პარტიების, ამ პარტიების შიგნით არსებული ტენდენციების, ადამიანების - როგორც ახლანდელი, ისე მომავლის შესახებ. პარტიებსა და ხელისუფლებაში თანამდებობებზე დანიშვნების შესახებ. მნიშვნელოვანი იყო გვცოდნოდა, ვინ, რას და როგორ აკეთებდა, ჩვენთვის საინტერესო ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებში რა ხდებოდა. რა პოლიტიკა აქვთ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით...

ბერლინის კედლის დანგრევა, 1989 წელი.
ბერლინის კედლის დანგრევა, 1989 წელი.

ავტორი: ამბობთ, რომ გერმანულმა მხარემ თქვენი გდრ-ში მოღვაწეობის შესახებ ყველაფერი იცის. ეს ნიშნავს, რომ თქვენ და სადაზვერვო ჯგუფი ვისთან მუშაობდით, ისიც იციან? მთელი თქვენი აგენტურა ჩაფლავდა?

..: ჩვენ ყველაფერს ვანადგურებდით. ჩვენი კონტაქტები, აგენტურის ქსელი. პირადად დავწვი უამრავი მასალა. იმდენს ვწვავდით, რომ ღუმელი გასკდა. დღე და ღამე ვწვავდით. რაც ყველაზე ფასეული იყო, მოსკოვში გავიტანეთ...

ავტორი: დარდობდით, ბერლინის კედელი რომ დაინგრა?

..: ვხვდებოდი, რომ ეს გარდაუვალი იყო. მხოლოდ მენანებოდა, რომ საბჭოთა კავშირმა ევროპაში თავისი პოზიციები დაკარგა... მინდოდა, მის ნაცვლად რამე ახალი ყოფილიყო. მაგრამ ახალი არაფერი შეუთავაზებიათ, ეს არის დასანანი, უბრალოდ დაყარეს ყველაფერი და წამოვიდნენ.

ცოლებთან ერთად ეროტიკული შოუს საყურებლად

ვლადიმირ პუტინი: „ერთხელ ჰამბურგში, მეგობრები ეროტიკულ შოუზე წავედით. თუმცა, ეროტიკული ნაკლებად შეიძლებოდა მისთვის გეწოდებინა - უარესი იყო. თან ცოლებთან ერთად ვიყავით! მათ დამიყოლიეს: „მიდი, წაგვიყვანე სადმე რამე ისეთზე...“ პირველად იყვნენ საზღვარგარეთ. „იქნებ, არ გვინდა?“ - „გვინდა, გვინდა, დიდები ვართ უკვე!“ - „კარგი, რადგან გინდათ“.

მოკლედ, მივუსხედით მაგიდას. დაიწყო. აფროამერიკული წარმოშობის სოლისტები გამოვიდნენ. კაცი მოხეულია, ორმეტრიანი, გოგო - პატარა. და აჰა, კარგი მუსიკის თანხლებით, აუჩქარებლად იხდიან... და წავიდა... უცებ, ვხედავ, მეგობრის ცოლი, ისე რომ ამ წყვილისთვის თვალი არ მოუცილებია, სკამიდან წამოიმართა, ადგა და ბრახ! გონება დაკარგა. კიდევ კარგი, ბოლო წამს ქმარმა დაიჭირა, თორემ თავს დაარტყამდა.

მოვასულიერეთ და სახეზე წყალი რომ შეესხა, საპირფარეშოში წავიყვანეთ. ავედით მეორე სართულზე, მივდივართ და ამასობაში სოლისტების ნომერიც დასრულდა. ჩამოვიდნენ სცენიდან და დედიშობილებმა გვერდით ჩაგვიარეს.

ამან დაინახა და ისევ ბრახ! - გული წაუვიდა...

...დაბრუნდა უკან, დაჯდა და ვეკითხები: „როგორ ხარ, აბა?“ თვალებს ვერ მისწორებს, ისე მპასუხობს: „ალბათ, რაღაც ვჭამე“. -„ვიცი, რაც ჭამე, წამო აქედან“. „არა, არა, ყველაფერი კარგადაა, ნორმალურადაა ყველაფერი, გაივლის“. ვეუბნები: „არა, წავიდეთ. გვეყო ყურება, მივეახლეთ მშვენიერს, ახლა დავახვიოთ“.

შიშველი კაცი აივანზე

ვლადიმირ პუტინი: „იმ დღეს აგარაკზე ვიყავი ცოლ-შვილთან ერთად... ჩვენთან ამოვიდა მარინა ენტალცევა, ჩემი მდივანი თავის ქმარსა და გოგონასთან ერთად. კაცები საუნაში წავედით, რომელიც სახლის პირველ სართულზე იყო. შემდეგ მდინარეში ვიბანავეთ და ოთახში დავბრუნდით. უცებ, მესმის, რომ რაღაც გაიბზარა, შემდეგ ბოლი დადგა და ავარდა ცეცხლი...

...ზეწრები ერთმანეთზე გადავაბი და აივანზე გადავკიდე...

აქ გამახსენდა, რომ ოთახში „დიპლომატია“ დარჩენილი ფულით. მთელი ჩვენი დანაზოგი. ვფიქრობ, უფულოდ როგორ? დავბრუნდი, ვეძებ, ხან იქ შევყავი ხელი, ხან -აქ. ვგრძნობ, ორიოდე წუთი და მერე უკვე შემიძლია აღარც ვიჩქარო... შევეშვი განძის ძებნას...

გამოვვარდი აივანზე, ცეცხლშია მთელი სახლი. მოაჯირზე გადავბობღდი, ზეწრებს ვარ ჩაბღაუჭებული და ქვევით მივცოცავ. აქ ერთი ნიუანსი: მე ხომ შიშველი ვიყავი, მხოლოდ ზეწრის ტანზე შემოხვევა მოვასწარი. და აჰა, წარმოიდგინეთ: სახლს ცეცხლი უკიდია. ტიტველი კაცი ზეწარში გახვეული დაბლა მიცოცავს, ქარი აფრიალებს, გარშემო კი ხალხია შეკრებილი და ჩუმად, დიდი ინტერესით მაკვირდებიან.

სახლი სანთელივით ჩაიწვა. მეხანძრეები მოვიდნენ, მაგრამ ეგრევე წყალი გაუთავდათ. არადა, ტბა იქვეა. ვეუბნები, წყალი როგორ გაგითავდათ, აგერ მთელი ტბაა! მპასუხობენ, ტბა კი არის, მაგრამ შლანგი არა გვაქვსო. მოკლედ, სამჯერ მოვიდნენ და წავიდნენ. ამასობაში ყველაფერი ნაცრად იქცა“.

ომი ჩეჩნეთში

ვლადიმირ პუტინი: ვისაც ელემენტარული პოლიტიკური განათლება აქვს, მისთვის გასაგები იყო, რომ ჩეჩნეთი მხოლოდ ჩეჩნეთის დამოუკიდებლობაზე არ გაჩერდებოდა. მას გამოიყენებდნენ, როგორც პლაცდარმს რუსეთზე თავდასასხმელად... კავკასია მთლიანად ჩამოგვშორდებოდა, ეს ხომ გასაგებია. დაღეტანი, ინგუშეთი, შემდეგ ვოლგის აყოლებით - ბაშკირეთი, თათრეთი. ეს ხომ ქვეყნის სიღრმისკენ მიმართულებაა.

გროზნო, 2006 წელი
გროზნო, 2006 წელი

ავტორი: ჩეჩნეთში ოპერაციის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილება სახლების აფეთქებამდე მიიღეთ თუ მერე?

..: მერე.

ავტორი: იცით, არის ვერსია, რომ სახლები შემთხვევით კი არ აფეთქებულა, არამედ ჩეჩნეთში საომარი მოქმედებების დაწყების გასამართლებად? ანუ ეს თითქოს რუსულმა სპეცსამსახურებმა ჩაიდინესო.

..: რა? ჩვენივე სახლები ავაფეთქეთ? თქვენც იტყვით... რა სისულელეა!

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG