აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ არ შეცვლილა შეერთებული შტატების ოფიციალური პოლიტიკა და რომ ვაშინგტონს არა აქვს რუსეთში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში რეჟიმის შეცვლის სტრატეგია.
ბლინკენმა, რომელიც ისრაელში იმყოფება, კომენტარი გააკეთა გუშინ ვარშავაში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის კრიტიკაზე. გამოსვლაში, რომელიც უკრაინაში ომს შეეხებოდა, ბაიდენმა თქვა: „ეს ადამიანი არ შეიძლება რჩებოდეს ხელისუფლებაში“. ბევრმა კომენტატორმა ეს სიტყვები აღიქვა როგორც იმაზე მინიშნება, რომ აშშ მიზნად ისახავს პუტინის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას.
ბლინკენის სიტყვებით, ბაიდენმა ილაპარაკა იმაზე, რომ პუტინს არ უნდა ჰქონდეს ძალაუფლება მეზობელ ქვეყნებზე, კერძოდ - მას არა აქვს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის უფლება. მანამდე ასეთივე ახსნა-განმარტება გააკეთა თეთრმა სახლმა.
წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ბაიდენი და მისი თანამებრძოლები საგანგებოდ აღნიშნავდნენ, რომ არ ემხრობიან სხვა ქვეყნებში რეჟიმის ცვლილებას. კერძოდ, ისინი აღნიშნავდნენ ერაყის კამპანიის უარყოფით გამოცდილებას. მაგრამ ეს არ ნიშნავს ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგობაზე უარს.
ბაიდენმა თავის გამოსვლაში ვარშავაში მწვავედ გააკრიტიკა პუტინი უკრაინაში ომის დაწყებისთვის, მას დიქტატორი და ტირანი უწოდა, ასევე ბრალი დასდო სამხედრო დანაშაულებში. მან ასევე პირდაპირ მიმართა რუსეთის მოქალაქეებს და აღნიშნა, რომ აშშ არ არის მათი მტერი. ბაიდენმა რუსებს მოუწოდა, იფიქრონ იმაზე, რომ რუსეთის სახელმწიფოს უკრაინისთვის ახლა სიკვდილი და ნგრევა მოაქვს და მეორე მსოფლიო ომის დროინდელი მოვლენები, რომლებიც რუსეთში ბევრის მეხსიერებაშია შემორჩენილი, ამჟამად უკრაინაში შექმნილ ვითარებას შეადარა. „ეს ომი არ არის რუსეთის ხალხის ღირსი“, - თქვა ბაიდენმა. მას პირდაპირ არ მოუწოდებია რუსეთის მოქალაქეებისთვის დაუმორჩილებლობის ან რაიმე სხვა მოქმედებებისკენ.