Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პირველი ინტერვიუ მისცა რუსეთის ჟურნალისტებს


ვოლოდიმირ ზელენსკი. 26 მარტი.
ვოლოდიმირ ზელენსკი. 26 მარტი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პირველი ინტერვიუ მისცა რუსეთის ჟურნალისტებს. ზელენსკის ესაუბრნენ გამოცემა „მედუზისა“ და ტელეარხ „დოჟდის“ მთავარი რედაქტორები, ჟურნალისტი მიხაილ ზიგარი, რომელმაც უკრაინის პრეზიდენტს გადასცა „ნოვაია გაზეტის“ შეკითხვა, და „კომერსანტის“ სპეციალური კორესპონდენტი ვლადიმირ სოლოვიოვი.

„როსკომნადზორმა“ რუსეთის მედიას მოსთხოვა, არ აჩვენონ ზელენსკისთან ინტერვიუ.

ჟურნალისტებმა დასვეს შეკითხვა, ხომ არ ნიშნავს ასოები V და Z, რომლებსაც გამოიყენებენ რუსეთის სამხედროები და რუსეთის სხვა მომხრეები და რომლებიც უკრაინის პრეზიდენტის ინიციალებს აღნიშნავს, ზელენსკის ხელისუფლებიდან მოშორებას. უკრაინის ლიდერმა უპასუხა, რომ მისი პოლიტიკური ჩამოშორებით დაკავებული იყო პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსი ვიქტორ მედვედჩუკი.

ზელენსკის სიტყვებით, მედვედჩუკის გარემოცვას ესმოდა, რომ რუსეთის ხელისუფლება კარგავს გავლენას უკრაინის პოლიტიკაზე, ამიტომ რეგიონებში არჩევნების დროს ის ეწეოდა პროპაგანდას, რომელიც მიმართული იყო ადგილობრივი ხელისუფლების დასუსტებისკენ.

მარიუპოლის ალყაზე საუბრისას ზელენსკიმ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ მოვლენების გაშუქებაში საინფორმაციო ქაოსი შეინიშნება. პრეზიდენტმა თქვა, რომ ქალაქი დაბლოკილია რუსეთის ჯარების მიერ. დანაღმულია პორტი. თავად ქალაქში ვხედავთ ჰუმანიტარულ კატასტროფას, ვინაიდან შეუძლებელია იქ სურსათის, წამლებისა და წყლის შეტანა. ზელენსკის თქმით, რუსეთის ჯარისკაცები ესვრიან ჰუმანიტარულ კოლონებს.

პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ქალაქიდან დროებით გაიხსნა ჰუმანიტარული დერეფნები უკრაინის მიმართულებით ევაკუაციისთვის. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ხალხის ნაწილი ძალდატანებით გაიყვანეს რუსეთის არმიის კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიებზე. პრეზიდენტის სიტყვებით, მთლიანობაში ქალაქიდან გაიყვანეს ორი ათასზე მეტი ბავშვი. მათი ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია. „ისინი მათ დაკავებული ჰყავთ, როგორც გადასაცვლელი ფონდის სულები“, - თქვა ზელენსკიმ.

ტყვეებზე საუბრისას ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინისა და რუსეთის მხარეები ცვლიან სიებს. მან თქვა, რომ მხარს უჭერს პრინციპს „ყველა ყველაზე“. ზელენსკის თქმით, სამხედრო მოქმედებებში რუსეთის მხარეს იბრძვიან ძალიან ახალგაზრდა ადამიანები და რუსეთი მალავს დაღუპულთა შესახებ ინფორმაციას.

ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მას სერიოზულად გაუუარესდა რუსეთისა და რუსების მიმართ დამოკიდებულება. ამასთან, მან აღნიშნა, რომ მადლობელია იმათი, ვინც უკრაინას უჭერს მხარს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG