Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა მოითხოვს ჩერნობილში გაეროს სპეციალური მისიის გაგზავნას


უკრაინის მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის რაიონის მილიტარიზაციის გამო.

უკრაინის ვიცე-პრემიერ ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, რუს სამხედროებს ჩერნობილის სადგურიდან რამდენიმე ასეულ მეტრში ყოველდღე შეაქვთ დიდი ოდენობით რეაქტიული ჭურვები და არტილერიის და ნაღმმტყორცნების საბრძოლო მასალები.

ვერეშჩუკი ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის განრიდების ზონის მილიტარიზაცია დაზიანების სერიოზულ საფრთხეს უქმნის საიზოლაციო ნაგებობებს, რომლებიც 1986 წელს მომხდარი აფეთქების შემდეგ აშენდა სადგურის მეოთხე ბლოკიდან რადიაციის გაჟონვის აღსაკვეთად. უკრაინის ვიცე-პრემიერის განცხადებით, ამ ნაგებობების დაზიანება საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებსაც.

უკრაინა გაეროს უშიშროების საბჭოსგან მოითხოვს, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის განრიდების ზონის დემილიტარიზაციისთვის და ამ რაიონში გაგზავნოს გაეროს სპეციალური მისია.

1986 წლის კატასტროფის შემდეგ დაკონსერვებულ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე რუსმა სამხედროებმა კონტროლი დაამყარეს უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყებიდან პირველივე დღეს, 2022 წლის 24 თებერვალს.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე რჩება უკრაინული პერსონალი. 24 თებერვლის შემდეგ რუსმა სამხედროებმა უკრაინელებს მხოლოდ 20 მარტს მისცეს უცვლელად მომუშავე თანამშრომელთა ნაწილის როტაციის უფლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG