Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღდგენილია ჩერნობილის ატომური სადგურისთვის მეორედ შეწყვეტილი ენერგომომარაგება


უკრაინამ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს აცნობა, რომ აღდგენილია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მეორედ დაზიანებული ელექტროგადამცემი სისტემა, რომელიც ჩერნობილის ატომურ სადგურს ელექტროენერგიით გარედან ამარაგებს.

სადგურისთვის ენერგომომარაგების შეწყვეტა საფრთხეს უქმნიდა რადიოაქტიური ნარჩენების მუდმივად გაგრილებას, რაც აუცილებელია რადიაციის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად.

9 მარტს უკრაინამ განაცხადა, რომ რუსი სამხედროების სარაკეტო იერიშის შედეგად ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის რაიონში დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, სადგური ენერგომომარაგების გარეშე დარჩა და საბრძოლო მოქმედებების გამო შეუძლებელია სარემონტო სამუშაოების ჩატარება. მუდმივი ენერგომომარაგების შეწყვეტის გამო, დროებით გენერატორები ჩაირთო.

12 მარტს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა რაფაელ მარიანო გროსიმ განაცხადა, რომ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. იმავე დღეს რუსეთის ატომურმა სააგენტომ გაავრცელა ცნობა, რომ ენერგომომარაგების აღდგენის პროცესში რუსი სპეციალისტებიც მონაწილეობენ.

13 მარტს უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ განაცხადა, რომ ჩერნობილის ატომურ სადგურს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა და უკრაინელმა ენერგეტიკოსებმა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად განმუხტეს შესაძლო ბირთვული კატასტროფის საფრთხე, რომელიც მთელ ევროპას ემუქრებოდა.

14 მარტს უკრაინულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსმა ოკუპანტებმა ელექტროგადამცემი ხაზები ისევ დააზიანეს. მათი ხელმეორედ აღდგენის შესახებ უკრაინისგან მიღებული ინფორმაცია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ დღეს, 15 მარტს, გაავრცელა.

1986 წლის კატასტროფის შემდეგ დაკონსერვებულ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე რუსმა სამხედროებმა კონტროლი დაამყარეს უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყებიდან პირველივე დღეს, 2022 წლის 24 თებერვალს. სადგურზე რჩება უკრაინული პერსონალი. 3 მარტს, ღამით, რუსი სამხედროების მიერ დაიცხრილა უკრაინის კიდევ ერთი, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია.

უკრაინაში, სადაც რუსეთი უკვე მეოცე დღეა საომარ მოქმედებებს აწარმოებს, 15 ატომური ენერგობლოკია.

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა ევროკომისიას, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, გაეროს და ეუთოს მიმართა, უკრაინას დაეხმარონ ატომური ობიექტების დაცვაში, რუსეთი აიძულონ, დატოვოს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია და უკრაინის ატომური ენერგეტიკის ობიექტების გარშემო შეიქმნას 30-კილომეტრიანი დემილიტარიზებული ზონები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG