რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მთავრობას, ცენტრალურ ბანკსა და „გაზპრომს“ დაავალა, 31 მარტისთვის მოამზადონ ანგარიში ე.წ. არამეგობრული ქვეყნების მიერ გაზის საფასურის გადახდაში რუბლებზე გადასვლის შესახებ.
ამის შესახებ კრემლის საიტი იტყობინება. დავალებაში ნათქვამია, რომ მთავრობამ, ცენტრალურმა ბანკმა და „გაზპრომმა“ უნდა მოახდინონ „ზომების კომპლექსის რეალიზაცია“ გაზის საფასურის გადახდის ვალუტის შესაცვლელად და პუტინს ყოველთვიურად მოახსენონ ამის შესახებ. 31 მარტამდე მთავრობამ უნდა დაამტკიცოს დირექტივა „გაზპრომსა“ და მომხმარებლებს შორის არსებულ კონტრაქტებში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
პუტინმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნები, რომლებმაც რუსეთს სანქციები დაუწესეს უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით, გაზის საფასურის რუბლებით გადახდაზე უნდა გადავიდნენ. ამ ზომის მიზანია რუბლის კურსის მხარდაჭერა იმ პირობებში, როცა ცენტრალური ბანკის აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილი გაყინულია.
მაგრამ დასავლეთის ქვეყნებს ჯერჯერობით არ გამოუვლენიათ მზადყოფნა, რუბლებში ანგარიშსწორებაზე გადავიდნენ რუსული გაზისთვის. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, კერძოდ, განაცხადა, რომ ეს არ არის გათვალისწინებული მოქმედი კონტრაქტებით, რომლებშიც ანგარიშსწორების ვალუტად ევროები ან დოლარებია მითითებული. სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა იანეზ იანშამ კიდევ უფრო მკვეთრი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ევროპაში არ იციან, როგორ გამოიყურება რუბლი. რუბლებში ანგარიშსწორების შეუძლებლობის შესახებ აცხადებენ ენერგიის მომხმარებელი კომპანიების წარმომადგენლებიც, კერძოდ, ასეთი განცხადება გააკეთა იტალიის ენერგოგიგანტმა Eni-მ.
ამასთან, არ არის ნათელი, როგორი რეაქცია ექნებათ ევროპის ქვეყნებს მას შემდეგ, რაც „გაზპრომი“ მათ რუბლებში ანგარიშსწორებას მოსთხოვს. მიუხედავად ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის მოწოდებისა, უკვე ახლავე ეთქვას უარი რუსეთიდან გაზის იმპორტს, ევროპის კავშირისა და დიდი ქვეყნების, მაგალითად, გერმანიის, ლიდერები აღნიშნავენ, რომ ახლა ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, ვინაიდან მოკლევადიან პერსპექტივაში რუსული გაზი ვერ შეიცვლება ენერგიის სხვა წყაროთი და იმპორტზე უარი გამოიწვევს არა მხოლოდ ფასების მკვეთრ ზრდას, არამედ მრეწველობის გაჩერებას. ამასთან, ევროკავშირში მუშაობენ რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირების გეგმებზე. იგეგმება, რომ ევროკავშირს რამდენიმე წელში აღარ დასჭირდეს რუსეთის საწვავი.
დაწერეთ კომენტარი