Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნება" დაადანაშაულეს "საარჩევნო ყაჩაღობაში"


გიორგი კირთაძე
გიორგი კირთაძე

ბათუმის საკრებულოს შუალედურ არჩევნებამდე 5 დღით ადრე, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას ადანაშაულებს მეოთხე სამაჟორიტარო ოლქის საარჩევნო სიებში ამომრჩეველთა რაოდენობის ხელოვნურად გაზრდაში.

2 აპრილს, ბათუმის ამ ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნების შედეგი გადაწყვეტს, ვის ექნება მუნიციპალიტეტის საკრებულოში უმრავლესობა - „ქართულ ოცნებას“, თუ მის პოლიტიკურ ოპოზიციას.

ბათუმში დღეს, 28 მარტს, გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი კირთაძემ თქვა, რომ 1 მარტიდან 16 მარტამდე მეოთხე ოლქის სიებში დარეგისტრირდა დამატებით 1053 ამომრჩეველი და მათი უმრავლესობა 89-ე საარჩევნო უბანზე:

„444 ახალი ამომრჩეველია რეგისტრირებული და მათგან 402 ერთ მისამართზე. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ადრე რეგისტრირებული იყვნენ ხულოს, შუახევის, ხელვაჩაურის, ქედის, ქობულეთის წალკის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში. და საოცრებავ! 2 აპრილის არჩევნების წინ ყველა ეს ადამიანი აღმოჩნდა ბათუმის მეოთხე ოლქის ამომრჩეველი“, - განაცხადა კირთაძემ. „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერის თანახმად, საარჩევნო სიაში შეიყვანეს ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოსული და ბათუმის „ოცნების ქალაქში“ თვითნებურად დასახლებული მოქალაქეები, რომლებსაც აჭარის მთავრობა ბინებით დაკმაყოფილებას დაჰპირდა.

„ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებს, განმარტება გააკეთოს და 2021 წლის ოქტომბრის არჩევნებისდროინდელი სია დააბრუნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტიამ საკრებულოს არჩევნებს შესაძლოა, ბოიკოტი გამოუცხადოს. გიორგი კირთაძემ „ქართული ოცნება“ დაადანაშაულა „საარჩევნო ყაჩაღობაში“.

„ნაციონალურ მოძრაობაში ან არითმეტიკა არ იციან, ან ამას სპეციალურად აკეთებენ“, - ასე უპასუხა ოპოზიციური პარტიის ბრალდებას „ქართული ოცნების“ ბათუმის შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ჭეიშვილმა. მისი ინფორმაციით, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს ბათუმის მეოთხე სამაჟორიტარო ოლქში 20 138 ამომრჩეველი იყო, 2022 წლის 25 მარტის მდგომარეობით კი, მათი რიცხვი 20 635-ია და ეს დაახლოებით 500-ით მეტია და არა 1053-ით, როგორც ამას „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს.

„258 ადამიანი 14-ვე საარჩევნო უბანში შიდა გადაწერაშია დაფიქსირებული. ანუ გონიოდან აღმაშენებელზე, კვარიათიდან აეროპორტის დასახლებაში და ა.შ. ასევე, აღსანიშნავია, რომ 18 წლის გახდა 99 ადამიანი და შესაბამისად აისახა საარჩევნო სიაში. ვადაგასული პირადობის მოწმობა აღიდგინა 138-მა მოქალაქემ. ესეც ახალ ჩაწერილად ითვლება?!“ - განაცხადა ჭეიშვილმა. მისი შეფასებით, ოპოზიციამ გაიაზრა, რომ შუალედურ არჩევნებში მათი კანდიდატი ოლქის 14-ვე უბანზე დამარცხდება, ამიტომ „ნაციონალური მოძრაობა“ ეძებს მიზეზს, რომ არჩევნებში მონაწილეობა აღარ მიიღოს.

დღეს, 28 მარტს, განცხადება გაავრცელა საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც. მისი ინფორმაციით, 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის ბათუმის მეოთხე სამაჟორიტარო ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლების რიცხვი 497-ით მეტია 2021 წლის ოქტომბრის არჩევნებისთვის იმავე ოლქში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობაზე. ცესკოს ოფიციალური განმარტების თანახმად, მსგავს მეტობას არაერთი სამართლებრივი მიზეზი აქვს - მაგალითად, ახალ მისამართზე რეგისტრაცია ან როცა მოქალაქე აღწევს საარჩევნო ასაკს, ასეთი კი ბათუმის შემთხვევაში 100-ია. ცესკოს განცხადებითვე, ამომრჩეველთა სია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და შესაბამისი უწყებების მიერ გადაცემული მონაცემების საფუძველზე დგება.

ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნების დანიშვნის საფუძველი „ნაციონალური მოძრაობიდან“ არჩეული წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებაა. ქალაქის მეოთხე ოლქიდან საკრებულოს მაჟორიტარ წევრად 2021 წლის ოქტომბერში არჩეული ნუგზარ ფუტკარაძე ნოემბერში გარდაიცვალა სისხლში შაქრის დონის მკვეთრი მატების შედეგად.

თანაპარტიელის გარდაცვალების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გამოაქვეყნეს აუდიომასალა, რომელიც, მათი ინფორმაციით, ფარულად ჩაიწერა თავად ნუგზარ ფუტკარაძემ. ჩანაწერის მიხედვით, ორი პირი მესამეს, სავარაუდოდ, ნუგზარ ფუტკარაძეს სთავაზობს „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვოს და ბათუმის საკრებულოში მუშაობა დამოუკიდებელ წევრად გააგრძელოს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თანაპარტიელის გარდაცვალება დაუკავშირა „ქართული ოცნების“ ზეწოლით გამოწვეულ ნერვიულობას, რაც მმართველ პარტიაში კატეგორიულად უარყვეს.

  • 2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ბათუმის 35-წევრიან საკრებულოში ერთპარტიული უმრავლესობის შესაქმნელად საჭირო ხმები ვერცერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა. 16 მანდატი მიიღო "ქართულმა ოცნებამ" და საერთო ჯამში, 19 ოპოზიციამ: "ნაციონალურმა მოძრაობამ" - 15, პარტიამ "საქართველოსთვის" - 3 და "ლელომ" - 1.
  • 29 ოქტომბერს ბათუმის საკრებულოში პარტია "საქართველოსთვის" პროპორციული სიით არჩეულმა ირაკლი თავდგირიძემ პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და განაცხადა, რომ საკრებულოში დამოუკიდებელ წევრად იმუშავებს. თავდგირიძემ გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მისთვის მიუღებელია "ნაციონალურ მოძრაობასთან" და "ლელოსთან" ნებისმიერი სახით თანამშრომლობა და მით უმეტეს, მათთან კოალიცია.
  • დღევანდელი მოცემულობით, ბათუმის საკრებულოში 34 წევრია და მათგან 17 ოპოზიციური პარტიებიდან. ნუგზარ ფუტკარაძის ადგილმონაცვლის ვინაობა გაარკვევს, ეყოლება თუ არა ოპოზიციას უმრავლესობა - 18 დეპუტატი.
  • „ქართულმა ოცნებამ“ კანდიდატად დაასახელა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის ვაჟი, მათე ფუტკარაძე.
XS
SM
MD
LG