რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, ბიზნესმენი რომან აბრამოვიჩი არ არის რუსეთის დელეგაციის ოფიციალური წევრი.
„მიუხედავად ამისა, ჩვენი მხრიდან დღეს ისიც იმყოფება სტამბოლში“, - განუცხადა პესკოვმა მოსკოვში ჟურნალისტებს.
პუტინის პრესმდივნის თანახმად, აბრამოვიჩი ჩართულია „რუსულ და უკრაინულ მხარეებს შორის გარკვეული კონტაქტების უზრუნველყოფაში“.
შეკითხვას, რომელმა მხარემ მიიღო მოლაპარაკებებში აბრამოვიჩის ჩართვის გადაწყვეტილება, პესკოვმა უპასუხა, რომ „ორ მხარეს შორის კონტაქტების განსახორციელებლად საჭიროა ორივე მხარის თანხმობა და აბრამოვიჩის შემთხვევაში, ეს თანხმობა არის ორივე მხრიდან".
28 მარტს, გამოცემა Wall Street Journal-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ უკრაინულ მხარესთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართულ რომან აბრამოვიჩს, 3 მარტს გამართული შეხვედრის შემდეგ, ინტოქსიკაციის ნიშნები ჰქონდა. გამოცემის თანახმად, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, აბრამოვიჩი იმყოფებოდა კიევსა და ლვოვში და პრეზიდენტ ზელენსკისაც შეხვდა.
მილიარდერთან დაახლოებულმა წყარომ BBC-ს დაუდასტურა, რომ რამდენიმე კვირის წინ, რომან აბრამოვიჩს ჰქონდა მოწამვლის ნიშნები, თუმცა, დეტალები არ დააკონკრეტა.
დღეს დილიდან, თურქეთის ქალაქ სტამბოლში მიმდინარეობს უკრაინის და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა. მათ მოლაპარაკების წინ მიმართა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა, რომელმაც განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა და მშვიდობა შავი ზღვის რეგიონის ყველა ქვეყნის ინტერესებშია. ერდოანის თქმით, მსოფლიო თანამეგობრობა სტამბოლის შეხვედრის მონაწილეებისგან ელოდება დადებით გადაწყვეტილებებს.
საომარი მოქმედებების პარალელურად, უკრაინამ და რუსეთმა მოლაპარაკება 28 თებერვლიდან დაიწყეს. რამდენიმე რაუნდი ბელარუსის ტერიტორიაზე გაიმართა, შემდეგ კი, მოლაპარაკება ვიდეოფორმატით გრძელდებოდა. უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, კიევის მოთხოვნებია ომის შეწყვეტა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა უკრაინის ნეიტრალიტეტი.
რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
სტამბოლის მოლაპარაკების წინ, გამოცემა Financial Times-ი ოთხ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთი აღარ მოითხოვს უკრაინის "დენაციფიკაციას" და ქვეყნის ნეიტრალური სტატუსის შემთხვევაში, მზად არის დათანხმდეს ევროკავშირში უკრაინის შესვლას.
დაწერეთ კომენტარი