რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი იმყოფება თურქეთის ქალაქ სტამბოლში მდებარე "დოლმაბაჰჩეს" სასახლეში, სადაც უკრაინის და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკება მიმდინარეობს. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სააგენტო "რია-ნოვოსტი" იუწყება.
სააგენტოს ინფორმაციით, აბრამოვიჩი გაესაუბრა თურქეთის პრეზიდენტ ერდოანს და საგარეო საქმეთა მინისტრ ჩავუშოღლუს.
28 მარტს, გამოცემა Wall Street Journal-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ უკრაინულ მხარესთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართულ რომან აბრამოვიჩს, 3 მარტს გამართული შეხვედრის შემდეგ, ინტოქსიკაციის ნიშნები ჰქონდა. გამოცემის თანახმად, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, აბრამოვიჩი იმყოფებოდა კიევსა და ლვოვში და პრეზიდენტ ზელენსკისაც შეხვდა.
მილიარდერთან დაახლოებულმა წყარომ BBC-ს დაუდასტურა, რომ რამდენიმე კვირის წინ, რომან აბრამოვიჩს ჰქონდა მოწამვლის ნიშნები, თუმცა, დეტალები არ დააკონკრეტა.
რომან აბრამოვიჩი ერთ-ერთია იმ ოლიგარქებს შორის, რომელთა წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციები მოქმედებს უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო.