Accessibility links

site logo site logo

ქობულეთში „კონსერვატიული მოძრაობის" ოფისთან მომხდარი ძალადობის საქმეზე პროკურატურა 5 ადამიანის პატიმრობას ითხოვს


ქობულეთში ძალადობრივ ჯგუფ "ალტ-ინფოსთან" დაკავშირებული პარტიის, "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისთან მომხდარი ძალადობის საქმეზე პროკურატურამ 5 ადამიანს ცემის მუხლით ბრალი წაუყენა.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 22 მარტს, ქ. ქობულეთში, "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, ზ.ჩ-მ, გ.გ-მ, ზ.გ-მ, ზ.ფ-მ და ი.ი-მ ჯგუფურად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გ.ჯ-ს, გ.რ-ს და თ.ქ-ს.“- ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

ბრალდებულები სასამართლოს განჩინების საფუძველზე 29 მარტს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

22 მარტს ქობულეთში, "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისთან გამართულ აქციაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ აქციის ერთი მონაწილე და "კონსერვატიული მოძრაობის" შვიდი მხარდამჭერი დააკავა. მოქალაქეები აქციაზე უკრაინის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ და ქობულეთის ცენტრში "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისის გახსნა გააპროტესტეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG