Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსახლეობის 33%-ს ფული ჰყოფნის მხოლოდ საკვებისთვის - "კავკასიის ბარომეტრის" კვლევა


CRRC-საქართველომ "კავკასიის ბარომეტრის" 2021 წლის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა და შეაჯამა ბოლო 14 წლის, 2008 წლიდან დღემდე, "კავკასიის ბარომეტრის" კვლევის შედეგად გამოვლენილი ძირითადი ტენდენციები.

კვლევის ძირითადი თემებია სოციალური ღირებულებები და ნორმები; საინფორმაციო წყაროები და მათდამი დამოკიდებულება; პოლიტიკური განწყობები და დემოკრატიის მიმართ დამოკიდებულება, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლები.

მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა

გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა, 35%, საქართველოში ნომერ პირველ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს. მას 20%-ით მოსდევს სიღარიბე. 12% ფიქრობს, რომ ინფლაცია ქვეყნის ნომერ პირველი პრობლემაა. კვლევის თანახმად, ბოლო წლებში შემცირდა მათი რიცხვი, ვინც მთავარ პრობლემად უმუშევრობას მიიჩნევს, სამაგიეროდ, გაიზარდა მათი წილი, ვინც მთავარ პრობლემად სიღარიბესა და ფასების ზრდას ასახელებს.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, იყო თუ არა შემთხვევა, რომ არ გქონდათ ფული თქვენთვის ან თქვენი ოჯახისთვის საჭირო საკვების საყიდლად? ამ კითხვას დადებითი პასუხი გასცა გამოკითხული მოსახლეობის 46-მა პროცენტმა. გამოკითხულთა 38% კი ამბობს, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში, მას ან მის ოჯახს მოუწია ფულის სესხება საკვების საყიდლად.

რესპონდენტთა 20%-ს ფული არ ჰყოფნის საკვებზე. 33% ამბობს, რომ ფული ჰყოფნის მხოლოდ საკვებზე და არ ჰყოფნის ტანსაცმელზე. მხოლოდ 3% ამბობს, რომ მათ აქვთ საშუალება შეიძინონ ყველაფერი, რას სჭირდებათ.

გამოკითხული მოსახლეობის 44% ამბობს, რომ მის ოჯახს ვალი აქვს. ეს მონაცემი 2008 წელთან შედარებით 10%-ითაა შემცირებული. დანაზოგი გამოკითხულთა მხოლოდ 8%-ს აქვს. 2008 წელს ეს მონაცემი 12% იყო.

პოლიტიკა, ძალაუფლება, დემოკრატია

რამდენად გაინტერესებთ ან არ გაინტერესებთ საქართველოს პოლიტიკა? - ჰკითხეს მკვლევრებმა რესპონდენტებს. მათი პასუხის მიხედვით გაირკვა, რომ მოსახლეობის 46%-ს აინტერესებს საქართველოს პოლიტიკა, ნახევარზე მეტს კი არ აინტერესებს. 2008 წელთან შედარებით, საქართველოს პოლიტიკით 25%-ით ნაკლები ადამიანი ინტერესდება.

გამოკითხული მოსახლეობის 43% თვლის, რომ ქვეყნის საშინაო პოლიტიკა არასწორი მიმართულებით მიდის. მხოლოდ 16%-ს მიაჩნია, რომ ის სწორი მიმართულებით მიდის.

რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით მოსაზრებას, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება სამართლიანად ექცევა თქვენნაირ ადამიანებს? გამოკითხული მოსახლეობის 54% ფიქრობს, რომ ხელისუფლება მათნაირ ადამიანებს არ ექცევა სამართლიანად.

გამოკითხული მოქალაქეების 57% მიიჩნევს, რომ სასამართლო ყველას ერთნაირად არ ეპყრობა. რესპონდენტთა მეხუთედზე ოდნავ ნაკლების აზრით, საქართველოში სასამართლოები მიუკერძოებლები არიან.

მკვლევრებმა რესპონდენტებს ჰკითხეს საპროტესტო აქციების შესახებაც. გამოკითხულთა 60% ამბობს, რომ ხალხმა მონაწილეობა უნდა მიიღოს საპროტესტო აქციებში. 22% ეწინააღმდეგება ამ მოსაზრებას. 2008 წელს საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 44% უჭერდა მხარს.

მოსახლეობა საქართველოში ყველაზე მეტად ჯარსა და რელიგიურ ინსტიტუტებს ენდობა. გამოკითხულთა 71% ენდობა ჯარს. 63% ენდობა რელიგიურ ორგანიზაციებს. მათ მოსდევს პოლიცია და ევროკავშირი.

საქართველოს მთავრობას ენდობა გამოკითხულთა მხოლოდ 38%. ასევე 38% ამბობს, რომ ნაწილობრივ ენდობა და ნაწილობრივ არა.

სახალხო დამცველს ნდობას უცხადებს გამოკითხულთა 31%. 38% ამბობს, რომ ნაწილობრივ ენდობა.

დაბალია პრეზიდენტისადმი ნდობის მაჩვენებელი და ის მხოლოდ 16%-ს შეადგენს. ასევე მხოლოდ 16% ენდობა საქართველოს პარლამენტს.

გამოკითხულთა 20% უცხადებს ნდობას არასამთავრობო ორგანიზაციებს. 43% ამბობს, რომ ნაწილობრივ ენდობა.

რესპონდენტთა მხოლოდ 9% ამბობს, რომ ენდობა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პარტიებს.

2020 და 2021 წლის არჩევნები გამოკითხულთა 23%-ის აზრით ჩატარდა სრულიად სამართლიანად. 26% ამბობს, რომ ის სრულიად უსამართლოდ ჩატარდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს სრულიად სამართლიანად ჩატარებულად თვლიდა გამოკითხულთა 56%.

გამოკითხული მოსახლეობის 16% თვლის, რომ დღეს საქართველო დემოკრატიული ქვეყანა არ არის. 46% კი მიიჩნევს, რომ ის დემოკრატიულია, მაგრამ დიდი პრობლემებით.

მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. 2021 წელს ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალ მაჩვენებელზეა და შეადგენს 63%-ს.

ასევე გამოკითხული მოსახლეობის დიდი ნაწილი, 60% მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას.

მხოლოდ 13% აცხადებს, რომ მხარს უჭერს რუსეთის ფედერაციის მიერ დაარსებულ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებას.

საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის მთავარ მეგობრად აშშ და უკრაინა მიაჩნია.

მთავარ მტრად კი გამოკითხულთა 66% რუსეთს ასახელებს. ეს მონაცემი 2013 წელთან შეადრებით 22%-ითაა გაზრდილი.

საინფორმაციო ლანდშაფტი

მოსახლეობის ნახევარზე მეტი, 53%, ინფორმაციის მთავარ წყაროდ ტელევიზიას ასახელებს. თითქმის 40%-ისთვის ეს წყარო ინტერნეტი და სოციალური მედიაა.

გამოკითხულთა 25% ყველაზე მეტად ენდობა ტელეკომპანია „იმედს“, 12% ენდობა „მთავარ არხს“, 8% „რუსთავი 2-ს“, 6% “TV პირველს”. საზოგადოებრივ მაუწყებელს ნდობას უცხადებს გამოკითხულთა 4%. „ფორმულას“ 1%.

მოსახლეობის დაახლოებით თანაბარი ნაწილი, მეხუთედი თვლის, რომ ჟურნალისტები ცუდად ან კარგად აშუქებენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. თითქმის ნახევარი ნეიტრალურადაა განწყობილი.

გამოკითხულთა მხოლოდ 14% უცხადებს ნდობას მედიას. 25% ამბობს, რომ არ ენდობიან ქართულ მედიას. 55% კი ნაწილობრივ ენდობა.

მიუხედავად არასახარბიელო და ხშირად მძიმე სოციალურ-ეკონომიკური თუ პოლიტიკური მდგომარეობისა, გამოკითხული მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ოპტიმისტურადაა განწყობილი. რესპონდენტთა 73% თვლის, რომ საბოლოო ჯამში, საქართველოში ყველაფერი კარგად იქნება. 2017 წელთან შედარებით მათი რიცხვი, ვინც ასე ფიქრობს, 5%-ითაა გაზრდილი. მხოლოდ 18% თვლის, რომ საქართველოში არსებული მდგომარეობა არასდროს გამოსწორდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG