Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონში შედგა აშშ-ევროკავშირის მაღალი დონის დიალოგი რუსეთის შესახებ


აშშ-ისა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებმა ვაშინგტონში რუსეთის შესახებ მაღალი დონის დიალოგის პირველი შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე ის ნაბიჯები განიხილეს, რომლებიც მიზნად ისახავს „რუსეთის ფედერაციის იზოლირებას აშშ-ისა და ევროკავშირის ეკონომიკებისა და საერთაშორისო ფინანსური სისტემებიდან, რათა მკაცრი საზღაური გადაიხადოს უკრაინაში მოქმედებისთვის", - ნათქვამია ერთობლივი განცხადების ტექსტში, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურმა გაავრცელა.

ამასთან, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აშშ-ისა და ევროკავშირის სტრატეგიულ მიზნებსა და პოლიტიკის კოორდინაციაზე, „რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის აგრესიული ომის დასრულებას უკრაინის წინააღმდეგ".

შეხვედრაზე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში ვიქტორია ნულანდი, ხოლო ევროკავშირს ევროკავშირის გენერალური მდივნის მოადგილე საგარეო საქმეთა საკითხებში, ენრიკე მორა წარმოადგენდნენ.

მხარეები მიესალმნენ, რომ მზარდია იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც რუსეთს სანქციებს უწესებენ. მათ „ხაზი გაუსვეს ვალდებულებას, რომ შემდგომაც გააფართოონ ეს კოალიცია და გააძლიერონ აღსრულების მექანიზმები" სანქციების მიმართულებით.

თქვეს, რომ გააგრძელებენ ჩინეთისთვის მოწოდებას, „გვერდის ავლით ძირი არ გამოუთხაროს რუსეთისადმი დაწესებულ სანქციებს და არ გაუწიოს დახმარება მოსკოვს უკრაინაში საომარი მოქმედებების განხორციელებაში".

საუბარი შეეხო ასევე რუსულ ენერგომატარებლებზე ევროკავშირის დამოკიდებულების შემცირების თემას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2022 წლის ბოლოს გაიმართება რუსეთის შესახებ დიალოგის ფარგლებში შემდეგი მაღალი დონის შეხვედრა.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლიდან აწარმოებს სამხედრო მოქმედებებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".

უკრაინაში შეიარაღებული შეჭრის გამო მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთს სხვადასხვა სახის ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციები დაუწესა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG