Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი სენატორი: აჭარას შეუძლია საქართველოსგან გამოყოფის პროცესი დაიწყოს


აჭარას შეუძლია მიბაძოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაგალითს და დაიწყოს საქართველოდან გამოყოფის პროცესი - აცხადებს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ანდრეი კლიმოვი.

ამგვარი პროვოკაციული განცხადებით, კლიმოვი გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელიც მან ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში გააკეთა. პრეზიდენტის თქმით, საქართველო მიერთებულია ყველა საერთაშორისო სანქციას და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს მისი ფინანსური სექტორისთვის.

რუსი სენატორი კლიმოვი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ეს სიტყვები პასუხია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების განზრახვაზე. 30 მარტს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ფედერაციასთან მიერთების შესახებ, შესაძლოა, ცხინვალში რეფერენდუმი ჩატარდეს.

რუსი სენატორის სიტყვებით, ისტორიულად პროთურქული, ისლამური რელიგიისა და გეოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით, ანკარას შეუძლია ხელიდან არ გაუშვას შესაძლებლობა, "გააძლიეროს გავლენა შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთზე აჭარელი სეპარატისტების დახმარებით".

თავის ტელეგრამის გვერდზე კლიმოვმა დაწერა, რომ ანტირუსულ სანქციებზე საქართველოს მიერთება „პირველ რიგში ქართველ ხალხს დასჯის“, რუსეთთან სავაჭრო შემოსავალი მინიმუმამდე დაეცემა, ასევე - საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქონლის მიწოდებაც. "ჩამოიშლება რუსი ტურისტების ნაკადიც".

ამ პატარა მთიანი ქვეყნის ისედაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა კრიტიკული გახდება“, - აცხადებს კლიმოვი.

„ამგვარად, ვაშინგტონის მიერ მოსკოვის წინააღმდეგ სხვისი ხელებით წარმოებულ ომს ახალი მსხვერპლი და მათი ნგრევა მოაქვს, ვინც ამ დამღუპველ წინააღმდეგობაში ერთვება ჩვენდამი არამეგობრული ქვეყნების გვერდით“, - ამბობს კლიმოვი.

რუსეთის სახელმწიფო მედია და საქართველოში პრორუსული ორგანიზაციები „თურქული ექსპანსიონიზმის“ თაობაზე ხშირად საუბრობენ, აცხადებენ, რომ „თურქეთი აჭარის ხელში ჩაგდებას ცდილობს“, „თურქი ინვესტორები საქართველოს ეკონომიკას ეუფლებიან“ და რომ „ქართული ქალაქები თურქი ტურისტებითაა სავსე“.

DFRLab -ის გამოკვლევის თანახმად, რომელიც შეთქმულების თეორიებს იკვლევდა, ერთ-ერთ ასეთი შეთქმულების თეორია შეეხებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსს - რომ თურქეთი 2021 წელს ბათუმს მიითვისებს ყარსის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ. სინამდვილეში ყარსის ხელშეკრულება უვადოა.

რუსულ მედიაში იძებნება სტატიები სათაურით, „თურქული ექსპანსია: ვინ ყიდულობს სინამდვილეში საქართველოს“, „თითქმის თურქული საქართველო“.

მედიის განვითარების ფონდმა (MDF) 2020 წელს კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად თურქოფობია პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო. თურქოფობიული განწყობები ასახა MDF-მა კვლევაში, რომელიც სიძულვილის ენის გამოყენებას შეეხებოდა.

თუმცა, 2021 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო წილში თურქეთს მხოლოდ 5.6% უკავია, 64.7 მლნ დოლარით. პანდემიამდელ პერიოდში, 2019 წელს, თურქეთი საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობით მეოთხე ადგილზე იყო. 2020-21 წლებში საქართველოში თურქეთიდან შემოსული ტურისტების საერთო წილი 19%-ს შეადგენს.

ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიებების ლაბორატორიის მკვლევარი სოფო გელავა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კრემლი საქართველოში რელიგიურ და ეთნიკურ ნიადაგზე შუღლის გაღვივებას ცდილობს:

ჭარა და თურქეთი ყოველთვის ფიგურირებდა ამ ნარატივში. წლების განმავლობაში გვხდებოდა ხოლმე დეზინფორმაცია, რომ, თითქოს, თურქეთი უჭერდა მხარს აჭარაში სეპარატისტებს ან აჭარელი მუსლიმები მოითხოვენ დამოუკიდებლობას. ამას რამდენიმე განზომილება აქვს, ეს შეიძლება შეფასდეს დაშინებადაც - თუ ჩვენ დასავლეთისკენ ვისწრაფვით და რუსეთს ვაკრიტიკებთ, გამოიწვევს ეს ომში ჩათრევას და ტერიტორიების დაკარგვას... რასაც დიდი ხანია ვხედავთ, ეს არის, რომ რუსეთიდან მომავალი საფრთხეები გადაიტანოს თურქეთზე - რომ თუ რუსეთი ოკუპანტია, თურქეთიც ოკუპანტია, რომ თუ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში არის რუსეთის გავლენა, აჭარაშიც არის თურქული გავლენები. ეს ამ განცხადებაშიც იკითხება, რომ "თურქეთიც საფრთხეა", შეუძლია ტერიტორიები წაგვართვას. ეს არის ჩვენი უსაფრთხოების ნაწილი, რომ ამ საკითხს დაუფარავად აღვივებენ", - ამბობს სოფო გელავა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 25 თებერვალს იუნკრების მემორიალთან თქვა, რომ საქართველო, "ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით", არ შეუერთდება უკრაინაში ომის დაწყების გამო რუსეთისთვის დაკისრებულ საერთაშორისო სანქციებს, რომ უკრაინაში მისი "ჩასვლა - ჩასვლისთვის არაფრის მომცემია". ამასთან მან მოგვიანებით თქვა, რომ საქართველო, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, ყველაფერს აკეთებს უკრაინისადმი ჰუმანიტარული და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის.

საქართველომ, როგორც მსოფლიო ფინანსური სისტემის მონაწილემ, საბანკო და საფინანსო სფეროში რიგი შეზღუდვები მაინც დააწესა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG