Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ახლა? - შეეცდება თუ არა რუსეთი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიას


თბილისში შიშობენ, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთმა დასახულ მიზნებს სწრაფად ვერ მიაღწია, მოსკოვი საქართველოს და მისი ოკუპირებული რეგიონების მიმართულებით გააქტიურდება. ვითარება გარკვეულწილად განსხვავდება გასული წლების გამოცდილებისგან.

ცხინვალის რეგიონში, სადაც 10 აპრილს ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი, უკვე დასახელდა რუსეთთან მიერთების შესახებ (მორიგი) რეფერენდუმის ჩატარების სავარაუდო ვადებიც; ხოლო აფხაზეთში გამოჩნდა, რომ რუსეთს დიდად არ აღელვებს სოხუმის პრინციპული უარი. ექსპერტებისთვის ცხადია, რომ რუსეთი ანგარიშს არც საქართველოს ხელისუფლების "სტრატეგიული თმენისა" და "არგაღიზიანების" პოლიტიკას უწევს.

  • როგორ გამოიყურება რუსეთის მცდელობები და რა ასაზრდოებს მოსკოვის გააქტიურებას ახლა, უკრაინაში წარმოებული სასტიკი და წარუმატებელი ომის ფონზე?
  • რის ფასად უჯდებათ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს რუსეთის მოკავშირეობა?
  • როგორია და როგორი უნდა იყოს თბილისის პასუხი?

უარი, წნეხი და საფასური

აფხაზეთიდან მოსკოვს ჯერჯერობით უარს ეუბნებიან.

„პატივს ვცემთ სამხრეთ ოსეთის არჩევანს, მაგრამ ჩვენ სულ სხვა ისტორია გვაქვს... ხალხში ასეთი განწყობა არ არის... კანონმდებლობის მხრივ, ჩვენი კონსტიტუცია ამის საშუალებას არ გვაძლევს“, - უთხრა რუს ჟურნალისტებს აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ.

კონსტიტუციით გათვალისწინებული აკრძალვებით ერთგვარად თავს იმართლებენ. დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარემ, ვალერი კვარჩიამ „ინტერფაქსთან“ განმარტა, რომ რუსეთთან გაერთიანების შესაძლებლობას, სურვილიც რომ არსებობდეს, კონსტიტუცია არ იძლევა და ეს საკითხი ვერ გადაიხედება.

„რუსეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მშობლიური და ახლობელი სახელმწიფოა, მაგრამ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის განზრახვა არ არსებობს... აფხაზეთის კონსტიტუცია აბსოლუტურად მკაფიოდ აცხადებს ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და კონსტიტუცია ვერ შეიცვლება, მათ შორის - თუკი საქმე შეეხება რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ლიკვიდაციას“, - თქვა კვარჩიამ.

ასეთ აკრძალვას მართლაც ითვალისწინებს აფხაზეთის ე.წ. კონსტიტუციის მე-7 თავის 83-ე მუხლი, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსი პატიმრობას ითვალისწინებს ისეთი მოწოდებებისთვის, რომელიც აფხაზეთის "ტერიტორიულ მთლიანობას" უქმნის საფრთხეს.

რუსეთის ფედერაციის დუმის დეპუტატი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, მარია ბუტინა ამბობს, რომ „ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებები“ სოხუმიდან, სათვალავში არ მიიღება, „[რუსეთთან გაერთიანება] სავსებით შესაძლებელია“ და სწორედ ახლა მიმდინარეობს პროცესები „[რეფერენდუმის] თარიღების შესარჩევად“.

რუსულ მედიასთან დეპუტატი ბუტინა 31 მარტს ამბობს იმასაც, რომ მსოფლიოში ამჟამად არსებული ვითარება კარგ საფუძველს ქმნის „დიდ მოთამაშეებთან“ ძალების გასაერთიანებლად და მისი სიტყვებიდან ჩანს, რომ გეგმა და გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, უკვე შეთანხმებულია.

„გადაწყვეტილება გასაგები და საფუძვლიანია. მსოფლიო დღეს დინამიკურად ვითარდება და ბევრი სახელმწიფო ეძებს დაცვას უფრო მსხვილი მოთამაშეებისგან, რომლებიც მათთან უფრო ახლოს არიან სულიერად, ტრადიციითა და ტერიტორიული ნიშნით...

აქ ლაპარაკია ჩვენს უახლოეს მეზობლებზე, რომლებიც იზიარებენ რუსეთის დღის წესრიგს და, კერძოდ, ოჯახური ფასეულობების, კულტურული კოდის ერთგულებასა და ასევე, უპირისპირდებიან დასავლეთის ქვეყნებსა და მათი ერთპოლუსიანი მსოფლიოს თავს მოხვევას“, - უთხრა დუმის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, დეპუტატმა ბუტინამ რადიოსადგურ „გოვორიტ მოსკვას“ («Говорит Москва»).

ამ დღეებში, აფხაზეთში ჩასული იყო რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტული მაუწყებლის, RT-ის მთავარი რედაქტორი, დასავლეთის მიერ სანქცირებული მარგარიტა სიმონიანი, რომელსაც, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პუტინთან ბუნკერში შესვლის უფლებაც აქვს.

„ეჭვი არ მეპარება, რომ სიმონიანმა აფხაზეთში უკვე შეარჩია სანატორიუმები, რომელთა ხელში ჩაგდება სურს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი.

„ჩვენი ხალხი. ახლა იბრძვიან [უკრაინაში] ჩვენთან ერთად, ჩვენთვის“, - დაწერა სიმონიანმა 30 მარტს და იქვე „სამარცხვინო“ უწოდა რუსეთის მხრიდან აფხაზეთის შესასვლელში განთავსებულ საბაჟო-გამშვებ პუნქტს.

უკრაინაში რუსეთისთვის საომრად წასვლა-არწასვლის საკითხზე აზრი ხალხისთვის არავის უკითხავს და ამ პროცესმა ოკუპირებულ რეგიონებში გაღიზიანებაც გამოიწვია. კიევი იტყობინება, რომ აფხაზეთის რეგიონიდან საომრად რუსეთმა - 800, ხოლო ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან 1200 მებრძოლი ჩაიყვანა.

„[რუსეთთან გაერთიანების შემთხვევაში] დარწმუნებული ვარ, რომ ცხინვალის რეგიონი ჩვეულებრივ სამხედრო ბაზად გადაიქცევა. სახელმწიფო სტრუქტურებში აღარავინ იქნება დასასაქმებელი. ხალხი გაედინება რუსეთში და ვინც დარჩება, რუსების მომსახურედ იქცევა. აი, ამად დაუჯდება ცხინვალს თავისი ილუზიები. ეს უნდა რუსეთს.

აფხაზები შეეწინააღმდეგებიან, მათ არ უნდათ რუსეთის შემადგენლობაში, მაგრამ რას გახდებიან?! რუსეთს უკვე აქვს საკმაოდ მდგრადი საყრდენი აფხაზეთში, რომ მოახრჩოს პროტესტი. რუსეთის ბერკეტია სამხედრო ბაზა და იქ უკვე ფეხმომაგრებული აგენტურა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ზურაბ ბენდიანიშვილი.

რუსეთის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად აფხაზეთში ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ამ პოსტზე 2021 წლის ნოემბერში დანიშნული, ინალ არძინბა განიხილება.

სხვადასხვა დროს არძინბა მუშაობდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და ხელმძღვანელობდა რუსეთის პატრიარქ კირილთან არსებულ ახალგაზრდულ საქმეთა საზოგადოებრივ საბჭოს. კრემლში არძინბა კურირებდა ურთიერთობებს დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან.

უკრაინამ ინალ არძინბაზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა და 2015 წელს ის უკრაინის მტრების სიაშიც მოხვდა. მას ადანაშაულებენ უკრაინის სახელმწიფო საზღვრების შეცვლის მცდელობასა და ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის დარღვევაში.

ექსპერტები, რომლებსაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, დარწმუნებული არიან, რომ უახლოეს მომავალში, მათ შორის - აგენტურის საშუალებით, გაძლიერება წნეხი აფხაზეთის ლიდერებზე.

მორიგი რეფერენდუმი ცხინვალში

„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა იქნება თავისი ისტორიული სამშობლოს - რუსეთის შემადგენლობაში“ - ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვის ამ სიტყვებს რუსეთიდან ისეთი გზავნილები მოჰყვა, რომ ბიბილოვის განაცხადი, ალბათ, მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირებად ვეღარ ჩაითვლება.

ცხინვალში რუსეთთან მიერთების შესახებ რეფერენდუმი შესაძლოა ჩატარდეს მაისში ან ივნისში, - უთხრა 31 მარტს „ТАСС“-ს რუსეთის დუმის დსთ-სა და ევრაზიული ინტეგრაციის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვიქტორ ვოდოლიაცკიმ და იქვე დასძინა, რომ რეფერენდუმის ჩატარების კონკრეტული თარიღი სავარაუდოდ უკვე ცნობილი იქნება 10 აპრილისთვის, როცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საპრეზიდენტო არჩევნებია დანიშნული.

ასეთივე ინფორმაცია აქვთ რუს სენატორებსაც. ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ანდრეი კლიმოვმა „მოსკვა 24“-ს (Москва 24) უთხრა, რომ რეფერენდუმი შეიძლება ჩატარდეს 1-1.5 თვეში და ამისთვის ყველანაირი იურიდიული შესაძლებლობა არსებობს.

აფხაზეთისგან განსხვავებით, დამოუკიდებლობის იდეას ურყევად არასოდეს ემხრობოდა ცხინვალი. რუსეთის შემადგენლობაში შესვლას უკვე წლებია ითხოვენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერები. ჩრდილოელი და სამხრეთელი ოსების "შეერთების" იდეა 2012 წელს წამოაყენა მაშინდელმა პრეზიდენტმა, ლეონიდ თიბილოვმა.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესაბამისი რეფერენდუმის გამართვა ჯერ კიდევ 2014 წელს სურდათ - როცა რუსეთმა უკრაინის ყირიმის ანექსია მოახდინა. შემდეგ, თითქოს, ამ საკითხზე რეფერენდუმი უნდა გამართულიყო 2017 წელს, მაგრამ ე.წ. რეფერენდუმზე სხვა კითხვა გაიტანეს.

რუსეთი ცხინვალს მკაფიო უარს არასოდეს ეუბნებოდა, მაგრამ არასდროს აქტიურობდა ისე, როგორც ახლა, ამ ბოლო დღეებში.

ბიბილოვის განცხადებას წინ უსწრებდა რუსეთის მიერ დამოუკიდებელ რესპუბლიკად თებერვალში აღიარებული ლუგანსკის ოლქის ლიდერის, ლეონიდ პასეჩნიკის ინიციატივა - რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე რეფერენდუმის გამართვასთან დაკავშირებით. იმავე ტიპის სიგნალები მოდის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდანაც.

უკრაინის ამ ტერიტორიების რუსეთისთვის მიერთების შესახებ ხშირად მსჯელობენ კრემლის პოლიტიკის მომხრე რუსი ექსპერტები.

რატომ ახლა?

როგორც ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, „რუსეთი იმპერიალისტური მიზნებით მოქმედებს და ცდილობს, რომ მაქსიმალურად შეიერთოს ტერიტორიები, მათ შორის - უკრაინაში სამხედრო წარუმატებლობის გადასაფარადაც“.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ლიდერმა, ბიბილოვმა 30 მარტს თქვა, რომ „რუსული სამყაროს (русский мир) აღორძინება“ რუსეთმა 2008 წელს დაიწყო, როცა საქართველოსთან ომის შემდეგ, სამხრეთი ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნად გამოაცხადა და რომ ეს პროცესი უნდა დაგვირგვინდეს.

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი ფიქრობს, რომ რუსეთი ცდილობს ანექსიისთვის გამოიყენოს „ხელსაყრელი ვითარება, როცა მსოფლიოს მთავარი საზრუნავი უკრაინაში მიმდინარე მძიმე ომის შეჩერებაა“.

და რას პასუხობს თბილისი?

საქართველოს ტერიტორიების ანექსიისკენ რუსეთის მიერ გადადგმული მკაფიო ნაბიჯების შესახებ საგანგებო, ოფიციალური განცხადებები არ გაკეთებულა.

ამ თემას შეეხო ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, 31 მარტს, როცა ის ერთობლივ პრესკონფერენციას მართავდა დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ იეპე კოფოდთან ერთად.

ზალკალიანის განცხადებით, საქართველოსთვის მიუღებელია „ყოველგვარ რეფერენდუმებზე საუბარი იმ პირობებში, როდესაც ტერიტორია არის ოკუპირებული“ და საქართველო არ აჰყვება პროვოკაციებს, რომლებმაც შესაძლოა ქვეყანა ომში ჩაითრიოს.

„მუდმივად ვგრძნობთ, რომ არის მცდელობა, რომ ის მძიმე შედეგები, რაც ვიხილეთ 2008 წელს, კვლავ იყოს გამეორებული საქართველოში და საქართველო კვლავ იყოს ჩართული პროვოკაციებში. ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ, რადგან ჩვენ ვართ თანმიმდევრული ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის, იმ პოლიტიკის, რომელიც გამოაცხადა ჩვენმა ხელისუფლებამ; პოლიტიკის, რომელიც მიმართულია დეოკუპაციაზე და ძალის არგამოყენების ვალდებულებაზე, რომელიც საქართველომ არაერთხელ აიღო“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა

ექსპერტებისთვის, რომლებსაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, ცხადია, რომ რუსეთი სრულად უგულებელყოფს „ქართული ოცნების“ „არგაღიზიანების“ პოლიტიკას და ეს პროცესები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „რუსეთი მეტი დათმობისთვის სულ უფრო მეტს ითხოვს“.

ზურაბ ბატიაშვილი გვეუბნება, რომ ომში ჩაბმა სულაც არ არის საჭირო იმისთვის, რომ საქართველომ უფრო ხმამაღლა და აქტიურად გააპროტესტოს რუსეთის აგრესიული ქმედებები.

„ამ რეგიონში როცა ხარ, ვერ იქნები ნეიტრალური, ვერ დაიმალები... უნდა მოვთხოვოთ საერთაშორისო პარტნიორებს რუსეთისთვის სანქციების დაწესება კონკრეტულად საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებით. ამისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს“, - გვეუბნება ანალიტიკოსი.

ზურაბ ბენდიანიშვილის თქმით, საქართველოს პოლიტიკურმა სპექტრმა ერთიანი ძალებით უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ „რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ანექსია ვერ მოასწროს უკრაინაში [სავარაუდო] დამარცხებამდე“.

ექსპერტი ხედავს საქართველოს ხელისუფლების გააქტიურების საჭიროებას „დასავლური სამყაროს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში - ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვა ბერკეტების გამოყენებით“, რადგან, მისი თქმით, თუკი საქართველო რუსეთთან ზედმეტად „მორიდებულ და დამთმობ“ მდგომარეობაში დარჩება, „ჩამოვრჩებით დასავლურ სამყაროს და ვერ მივიღებთ ვერაფერს“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG