დსთ-ს ქვეყნებისა და საქართველოს წამყვანმა კინოსტუდია “ქართულმა ფილმმა” გადაწყვიტეს გააერთიანონ შემოქმედებითი და კინოწარმოების რესურსები და ერთობლივი კინოსაწარმოების ალიანსი შექმნეს - ინფორმაციას უზბეკეთის კინემატოგრაფიის სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.
შემოქმედებითი ალიანსის შესახებ გადაწყვეტილება დსთ-ს ქვეყნებისა და საქართველოს წარმომადგენლებმა 31 მარტს დუშანბეში კინოსტუდიების დირექტორების IV საბჭოზე მიიღეს. ამ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ უზბეკეთის კინოცენტრი “უზბეკფილმი”, ბელარუსის კინოსტუდია “ბელარუსფილმი”, “ყაზახფილმი”, “სანქტ-პეტერბურგის დოკუმენტური ფილმების სტუდია,“ “მოლდოვის კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი”, ასევე “მოსფილმი”, “ლენფილმი”, “თურქმენფილმი” და სხვები.
კინოსტუდია “ქართული ფილმის” დირექტორი ხათუნა ხუნდაძე ადასტურებს დსთ-ს ქვეყნების კინოსტუდიებს შორის მემორანდუმის გაფორმებას, რომელსაც “ქართული ფილმიც” აწერს ხელს, თუმცა ამბობს, რომ ეს მემორანდუმი სერვისების გაცვლის მოტივით 2019 წელს შეიქმნა, 2022 წელს დუშანბეში წასვლასზე და ალიანსის შეხვედრაში მონაწილეობაზე კი, არსებული ვითარების გათვალისწინებით, უარი თქვეს. 2019 წელს დსთ-ს ქვეყნების კინომწარმოებლებისა და საქართველოს კინოსტუდიების თანამშრომლობის ინიციატორი "ბელარუსფილმი" იყო.
“შექმნილი სევდიანი და ცრემლიანი ვითარების გამო, ჩვენ უარი ვთქვით ალიანსის შეხვედრაზე წასვლაზე დუშანბეში და შესაბამისად შემდგომ ნაბიჯებზეც...
ასე რომ, სანერვიულო არაფერია. ჩვენთვის ჩვენი კოხტა საქართველო უპირველესია და “ ქართული ფილმი” ემსახურებოდა, ემსახურება და მოემსახურება მხოლოდ ქართულ საქმეს”, - ასე უპასუხა ხათუნა ხუნდაძემ რადიო თავისუფლების კითხვას.
კინოსტუდია "ქართული ფილმის" ხელმძღვანელის თქმით, ეს შეხვედრა ოქტომბერში დაიგეგმა და ქართულმა მხარემ "ოფიციალურად, წერილობით თქვა უარი შეხვედრაზეც, ფესტივალებში მონაწილეობაზეც და შემდგომ ნაბიჯებზეც."
“მონაწილეებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება შემოქმედებითი ალიანსის დაარსების შესახებ სახელწოდებით „დსთ და საქართველოს კინოსტუდიების საერთაშორისო შემოქმედებითი კავშირი“, - ვკითხულობთ უზბეკეთის კინემატოგრაფიის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ამავე ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მხარეები შეთანხმდნენ ერთიანი ოქროს ფონდის შექმნაზე, რომელიც დსთ-ს ქვეყნებისა და საქართველოს ფილმებს გააერთიანებს და ამ ფონდში შესული ფილმების სხვადასხვა ენაზე გახმოვანების საჭიროებაზე. ასევე, განიხილეს ალიანსის მონაწილე ქვეყნების საუკეთესო კინოსურათების გაქირავებისა და პოპულარიზაციის პერსპექტივები მსოფლიოს მასშტაბით.
დაწერეთ კომენტარი