Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს თანახმად, უკრაინაში დღემდე დაიღუპა 1417 სამოქალაქო პირი, მათ შორის 121 ბავშვი


დღეს 40 დღე სრულდება უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული შეჭრის დაწყებიდან. გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის უწყებამ უკრაინასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ანგარიშში განაცხადა, რომ შეჭრის დაწყებიდან უკრაინაში დაღუპულია მინიმუმ 1417 სამოქალაქო პირი, მათ შორის 121 ბავშვი. უფრო დიდია დაჭრილთა რიცხვი. უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, დაიღუპა 160-ზე მეტი ბავშვი.

გაეროს ანგარიშის თანახმად, სიკვდილის ყველაზე ხშირი მიზეზი იყო ფართო ზონის მოქმედების ასაფეთქებელი მოწყობილობები, მათ შორის მძიმე არტილერია და რეაქტიული სისტემები, ასევე სარაკეტო და საავიაციო დარტყმები.

ანგარიშიდან არაა ცხადი, შედიან თუ არა გამოქვეყნებულ რიცხვებში ის დაღუპული სამოქალაქო პირები, რომელთა გვამებიც იპოვეს კიევის ოლქში მას შემდეგ, რაც ეს რეგიონი რუსეთის ჯარებმა დატოვეს. ყველაზე მეტი გვამი ნაპოვნია კიევის მახლობლად მდებარე ქალაქ ბუჩაში.

როგორც უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ განაცხადა, კიევის ოლქში გათავისუფლებულ ყველა რაიონში, მათ შორის ბუჩაში, აღმოჩენილია 410 სამოქალაქო პირის გვამი. უკრაინის ხელისუფლების თანახმად, მათ რუსეთის არმიის სამხედროები გაუსწორდნენ. ამ შეფასებას ეთანხმება დასავლეთის ქვეყნების მრავალი წარმომადგენელი. ბრიტანეთის დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელმა, რიჩარდ მურმა განაცხადა, რომ სასამართლოს გარეშე დასჯა შედიოდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გეგმაში. ამის შესახებ მან ტვიტერში დაწერა. დასავლეთის მედია სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით ჯერ კიდევ შეჭრამდე აქვეყნებდა ინფორმაციას „დასახვრეტთა სიების“ არსებობის შესახებ. რუსეთი მაშინ უარყოფდა სიების შესახებ ინფორმაციას. ახლა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ბუჩაში მომხდარი უკრაინის მხარის პროვოკაციაა და უარყოფს რუსეთის ჯარისკაცების კავშირს მკვლელობებთან. მოსკოვმა ამ საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა მოითხოვა.

XS
SM
MD
LG