Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ზოგს ყურები მოაჭრეს, ზოგს კბილები დააძრეს, მათ შორის იყვნენ მოზარდები“ - ომის დანაშაულის მოწმეები


ქალაქი ბუჩა, 3 აპრილი
ქალაქი ბუჩა, 3 აპრილი

3 აპრილს, უკრაინიდან გავრცელებულმა ფოტოებმა, ვიდეოებმა თუ ამბებმა, მსოფლიო კიდევ ერთხელ შეაძრწუნა. კიევის ოლქში, უკრაინული ძალების მიერ გათავისუფლებულ ქალაქ ბუჩაში შესულ სამხედროებს რუსული ჯარების მიერ მოწყობილი ნამდვილი სასაკლაო დახვდათ - ქუჩებში დახოცილი ხელფეხშეკრული მოქალაქეები. სარდაფებში დახვრეტილი ქალები და კაცები, მათ შორის, ბავშვები. დასახიჩრებული, ნახევრადდამწვარი ქალების ცხედრები.

გენერალური პროკურატურის ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ ბუჩაში პირველიდან სამი აპრილის ჩათვლით, 410 ცხედარი იპოვეს. მათგან 140-ის იდენტიფიცირება უკვე მოხერხდა.

ფოტოს შინაარსი შეიძლება აგრესიულად ან უსიამოვნოდ ჩათვალოთ
ბუჩა, 3 აპრილი
ბუჩა, 3 აპრილი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვის შესახებ ყველა ბრალდება უარყო. 3 აპრილს გამოქვეყნებულ სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა ფოტო და ვიდეომასალა პროვოკაციაა და "დადგმულია კიევის რეჟიმის მიერ დასავლური მედიისთვის".

ქალაქი ბუჩა არ არის ერთადერთი ადგილი, სადაც უკრაინაში შეჭრის დღიდან მოყოლებული, რუსულმა არმიამ ომის დანაშაულის ფაქტები ჩაიდინა. უკრაინის ხელისუფლება, სამხედროები თუ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები ვარაუდობენ, რომ კიდევ უფრო შემზარავი იქნება ის ინფორმაცია, ფოტოები თუ ვიდეოები, რაც რუსი სამხედროების მიერ ალყაშემორტყმული მარიუპოლიდან გავრცელდება. საპორტო ქალაქიდან, რომლის 90% სრულადაა განადგურებული და რომლის დატოვებასაც ათობით ათასი ადამიანი ჯერ ისევ ვერ ახერხებს. ისინი ხუთი კვირაა გაუსაძლის პირობებში, საჭმლისა და სასმელი წყლის გარეშე, გამუდმებული დაბომბვის ქვეშ, გარესამყაროსგან მოწყვეტილები ცდილობენ გადარჩენას.

უკრაინის გენერალური პროკურატურა ახლა სათითაოდ აგროვებს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ომისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების ფაქტებს, მოწმეებსა და თვითმხილველებს. ირინა ვენედიქტოვა, გენერალური პროკურორი სოციალურ ქსელში წერს, რომ დანაშაულის ფაქტებს რამდენიმე ათეული სამართალდამცავი და პროკურორი იძიებს.

ბუჩაში ნაწამები და დახოცილი ქალები და ბავშვები

უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ ბუჩაში შესულ სამხედროებს გარდა ნაწამები და მოკლული კაცებისა, იქ დახვდათ დასახიჩრებული, ნახევრადდამწვარი, დახვრეტილი ქალებისა და არასრულწლოვნების ცხედრები. ვრცელდება ინფორმაცია გაუპატიურებული ბავშვების შესახებაც.

53 წლის სერგეი ტოროვიკი, ტერიტორიული დაცვის ძალების ჯარისკაცი, რომელიც ომამდე მებაღე იყო და ბუჩის მკვიდრია, The Times-ის ჟურნალისტს აღუწერს რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაულების რამდენიმე ფაქტს. ის ყვება ერთ-ერთი სახლის სარდაფში ნაპოვნი ქალების, არასრულწლოვნებისა და კაცების დახვრეტილი გვამების შესახებ:

„რუსი ჯარისკაცები მხეცებზე უარესები არიან. ცხოველი არ გააკეთებს იმას, რაც მათ ჩაიდინეს“ და თან ჟურნალისტს აფრთხილებს: „აქ ბევრი ნაღმია. ყველგან ნაღმები დატოვეს. სახლებში, ეზოებში, გზებზე“.

ფოტოს შინაარსი შეიძლება აგრესიულად ან უსიამოვნოდ ჩათვალოთ
ქალაქი ბუჩა, 3 აპრილი
ქალაქი ბუჩა, 3 აპრილი

კაცი ამბობს, რომ ორი დღის წინ ნახა, როგორ ჭამდა ძაღლი ქუჩაში დაგდებული ქალის გვამს, მაგრამ უარესი სცენა თურმე წინ ელოდა:

„18 გვამი ვიპოვეთ. სასტიკად იყვნენ ნაწამები. ზოგს ყურები ჰქონდა მოჭრილი. ზოგს კბილები დამძვრალი. მათ შორის იყვნენ მოზარდები, დაახლოებით 14, 16 წლისები. გუშინ გაიტანეს გვამები სამხედროებმა“.

ანატოლი ფედორუკი, ბუჩის მერი, Associated France Press-ს ეუბნება, რომ სარდაფში ნაპოვნ ცხედრებს ხელები ზურგს უკან ჰქონდათ შეკრული და ტყვიები კეფაში ნასროლი. ამბობს, რომ მოკლულთა შორის, რომლებიც მან თავად ნახა, ყველაზე პატარა 14 წლის იყო.

ფოტოს შინაარსი შეიძლება აგრესიულად ან უსიამოვნოდ ჩათვალოთ
ბუჩა, 3 აპრილი
ბუჩა, 3 აპრილი

2 აპრილს, ფოტოგრაფმა მიხაილ პალინჩაკმა გადაიღო ფოტო კიევიდან 20 კილომეტრში, გზატკეცილზე. ოთხ ცხედარს ზეწარი აქვს გადაფარებული. როგორც პალინჩაკი წერს, მათგან სამი ქალი იყო. ისინი შიშვლები და ნახევრადდამწვრები იყვნენ.

ქალებისა და არასრულწლოვნების გაუპატიურების შესახებ აქვეყნებენ ტვიტერის საკუთარ გვერდებზე ინფორმაციას რადის დეპუტატები. მათ შორის, ლესია ვასილენკო:

„რუსი ჯარისკაცები ძარცვავენ, აუპატიურებენ და კლავენ. 10 წლის გოგონები დაფლეთილი გენიტალიებით. რუსი კაცები აკეთებენ ამას. რუსი დედები ზრდიან მათ“, - დაწერა 3 აპრილს დეპუტატმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე.

გაუპატიურებული ბავშვების შესახებ წერს სოციალურ ქსელში უკრაინელი ჟურნალისტი იევჰენ სპირინი:

"ზოგიერთ დახოცილ ბავშვს ხელები ჰქონდა შეკრული. ბავშვებს უკრავდნენ ხელებს. ბავშვებს. დახოცეს ძაღლები. ქალები არიან მოკლულები. 10 წლამდე გოგონებს გენიტალიები აქვთ დაფლეთილი. ირპენი, ბუჩა, დმიტრიევკა. როგორ უნდა ვიცხოვროთ ამით? და საერთოდ ღირს კი ცხოვრება?".

რას ყვებიან თვითმხილველები და მსხვერპლები ქალებსა და ბავშვებზე

ომის დანაშაულის ფაქტები გროვდება - ირპენში, ხარკოვში, გოსტომელში, ჩერნიჰივსა და სხვა ქალაებში. ამ ინფორმაციას გარდა უკრაინელი სამართალდამცავებისა და სამხედროებისა, აგროვებენ გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის, Human Right Watch.

3 აპრილს, Human Right Watch-მა გამოაქვეყნა ვრცელი განცხადება, სადაც დეტალურად აღწერენ მსხვერპლები და თვითმხილველები რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ დანაშაულის ფაქტებს.

მათ შორისაა 31 წლის ოლჰას (სახელი შეცვლილია) ამბავი. ის რუსმა სამხედრომ რამდენჯერმე გააუპატიურა და აწამა. ქალი ამის შესახებ თავად უყვება ორგანიზაციის წარმომადგენლებს.

"ოლჰას" ამბავი

13 მარტს, ოლჰა ხარკოვის რეგიონში, სოფელ მალაია როჰანში, 40 თანასოფლელთან ერთად აფარებდა თავს სკოლის სარდაფს. ოლჰასთან ერთად იყო მისი 5 წლის შვილი, დედა, 13 წლის და და 24 წლის ძმა.

შუაღამისას, სარდაფის კარზე იარაღასხმულმა რუსმა სამხედრომ დააბრახუნა. შევიდა სარდაფში და იქ მყოფებს მწკრივში ჩადგომა უბრძანა. ოლჰას ხელში მძინარე შვილი ეჭირა. ჯარისკაცმა უთხრა, ბავშვი მისთვის მიეცა, ოლჰა შეეწინააღმდეგა. ამის შემდეგ სამხედრომ ოლჰას ძმას მიმართა, გამოსულიყო ერთი ნაბიჯით წინ. დანარჩენებს კი უბრძანა მუხლებზე დამდგარიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველას ჩახოცავდა. სამხედრომ ოლჰას ძმა საკვების მოსაძებნად წაიყვანა. უკან ორ საათში მობრუნდნენ.

ცოტა ხანში, რუსი სამხედრო ოლჰასთან მივიდა და უკან გაყოლა უბრძანა. მეორე სართულზე, ერთ-ერთ საკლასო ოთახში აიყვანა, შუბლზე იარაღი მიადო და ტანსაცმლის გახდა მოსთხოვა:

„მითხრა, რომ მასთან ორალური სექსი უნდა მქონოდა. მთელი ის პერიოდი იარაღი ჩემს საფეთქელზე ჰქონდა მობჯენილი. ორჯერ ჭერში გაისროლა და მითხრა, ეს „მოტივაციას“ მოგცემსო“, - სამხედრომ ოლჰა გააუპატიურა და უთხრა, სკამიდან არ ამდგარიყო.

საკლასო ოთახში ყინავდა. ოლჰა შიშველი იჯდა და ჯარისკაცს სთხოვა, ჩავიცვამო. რუსმა სამხედრომ მხოლოდ მაისურის ჩაცმის უფლება მისცა:

„როდესაც ვიცვამდი, მითხრა, რომ იყო 20 წლის, რუსი სამხედრო და მე მას მის თანაკლასელს ვახსენებდი“.

რამდენიმე ხანში, ჯარისკაცმა ოლჰას უბრძანა, ჩასულიყო სარდაფში და ამოეტანა პირადი ნივთები, რათა მასთან ერთად დარჩენილიყო. ქალმა უარი უთხრა: „ვიცოდი, ჩემს შვილს რომ დავენახე, იტირებდა“.

სამხედრომ დანა აიღო და გაუმეორა, ნივთები სარდაფიდან ამოეტანა თუკი უნდოდა, რომ შვილი ოდესმე ისევ ენახა. ჯარისკაცმა ქალი კიდევ გააუპატიურა, კისერსა და სახეზე დანით ჭრილობები მიაყენა, წააჭრა თმა და სასტიკად სცემა.

14 მარტს რუსმა სამხედრომ სკოლის შენობა, სადაც ოლჰა ოჯახთან და 40 თანასოფლელთან ერთად აფარებდა თავს, დატოვა.

Human Rights Watch-მა რუსი ჯარისკაცების მიერ სექსუალური ძალადობის ფაქტების შესახებ ინფორმაცია მიიღო ჩერნიჰივის რეგიონის სოფლებიდან და მარიუპოლიდან, მაგრამ როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ამ ეტაპზე, მათ არ ეძლევათ ინფორმაციის გადამოწმების საშუალება.

დედა-შვილის სიკვდილის ამბავი

კიევის ოლქში, სოფელ ვორცელში, დედა-შვილის მკვლელობის შესახებ უყვება Human Rights Watch-ს 40 წლის დმიტრო.

ბუჩადან გაქცევის შემდეგ, დმიტრომ ოჯახთან ერთად შეაფარა თავი სოფელ ვორცელში, ორსართულიანი შენობის სარდაფს. სადაც მათთან ერთად იმყოფებოდა ადგილობრივი მოსახლეობაც. სწორედ იქ ნახა დმიტრომ მკერდსა და ფეხებში დაჭრილი ახალგაზრდა ქალი. ადგილობრივებმა უთხრეს, რომ ქალი მაშინ დაიჭრა, როდესაც სამხედროებმა სარდაფში ხელყუმბარა შეაგდეს:

„შეშინებული ხალხი სარდაფიდან გაიქცა და სწორედ ამ დროს ესროლეს რუსმა სამხედროებმა ქალს. იქ მყოფებმა მითხრეს, რომ სამხედროებმა თავში ტყვიის სროლით, ადგილზე მოკლეს მისი 14 წლის შვილი. ქალი მეორე დღეს მოკვდა, 8 მარტს. მე და რამდენიმე ადგილობრივმა დავმარხეთ იქვე, სარდაფთან ახლოს“.

კიევის ეკონომიკის სკოლის პრეზიდენტი, უკრაინის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ტიმოფი მილოვანოვი, ახლა ტვიტერის საკუთარი გვერდის საშუალებით აგროვებს და ავრცელებს ინფორმაციას უკრაინაში გაუპატიურებული და დახოცილი ქალებისა და ბავშვების შესახებ. გამომწერებს მოუწოდებს, რომ ყველა მსგავსი ინფორმაცია მიაწოდონ ან თავად მას და ან მის დას, ზოია მილოვანოვას.


ტიმოფი ცდილობს შეაგროვოს იმ ადამიანების კონტაქტებიც, რომლებსაც აქვთ ინფორმაცია ომის დანაშაულების შესახებ. სწორედ მათგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ის ტვიტერზე წერს:

„ახალგაზრდა ქალების მასობრივი გაუპატიურებები და შემდეგ მათი დახოცვა... ქალების გამოყენება ცოცხალ ფარად“, - წერს მილოვანოვი 4 აპრილს.

სოფელ პერემოჰადან მიიღო მან ინფორმაცია მასობრივი გაუპატიურების ფაქტების შესახებ. ინფორმაციას სოფლის სოფლის მკვიდრნი ადასტურებენ.

მასობრივი გაუპატიურების შესახებ აწვდის მას ინფორმაციას სოფელ ზავოროჩიდან ერთ-ერთი სტუდენტი.

ტარას კუზიო, ჰენრი ჯექსონის ადამიანის უფლებათა ჯგუფის მკვლევარი, Daily Mail-თან ინტერვიუში ამბობს, რომ „მეორე მსოფლიო ომის დროს, აღმოსავლეთ ევროპასა და გერმანიაში კარგად ნაცადი საბჭოთა მოროდიორობის სცენარი, ახლა უკრაინაში მეორდება“. მისი თქმით, სტალინის დიდ ტერორს მოგვაგონებს ბუჩაში დატრიალებული ამბები:

„მეორე მსოფლიო ომის დროს, საბჭოთა ჯარისკაცებმა 2 მილიონზე მეტი, სხვადასხვა ასაკის გერმანელი ქალი გააუპატიურეს. რუსი ჯარისკაცები ახლა უკრაინაში აუპატიურებენ ქალებს, მათ შორის 10 წლის გოგონებს“.

ტრეფიკინგის, ოჯახში ძალადობისა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა დახმარების საქველმოქმედო ორგანიზაცია „ლა სტრადა უკრაინის“ პრეზიდენტი, კატერინა ჩერეპახა The Guardian-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ომის დაწყების დღიდან, ორგანიზაციის ცხელ ხაზზე სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და გოგოების არაერთი ზარი შედის, თუმცა, ორგანიზაცია მათ ფიზიკურ დახმარებას ვერ ახერხებს: „იმ ტერიტორიებზე, საიდანაც გვიკავშირდებიან, კვლავაც მიმდინარეობს ბრძოლები, ვერაფრით ვწვდებით მათ“, - ამბობს კატერინა და ამატებს:

„გაუპატიურების ფაქტები უმეტეს შემთხვევაში აღურიცხავი რჩება მშვიდობის დროსაც კი, რადგან ის სტიგმატიზირებულია. ვშიშობ, ის, რაც ახლა ჩვენ გვესმის, მხოლოდ აისბერგის წვერია“.

ომის ზონაში მყოფი ქალების შიშს კარგად აღწერს 31 წლის ანტონინა მედვედჩუკის მონათხრობი. როდესაც კიევში, პირველი დაბომბვის ხმამ გააღვიძა და ქალაქის დატოვება გადაწყვიტა, პირად ნივთებთან ერთად, თავის დასაცავად ჩანთაში კონტრაცეპტივები და დიდი მაკრატელი ჩაიდო:

„დედა მეუბნებოდა, ნუ გეშინია, ეს ის ომი არ არის, რაც ადრე იყო, ის ომები ძველ ფილმებში დარჩაო. მე გულში ვტიროდი, რადგან ვიცი, ყველა ომი ასეთია“.

უკრაინაში რუსი სამხედროს მიერ ქალის გაუპატიურების საქმეზე პირველი ოფიციალური გამოძიება 22 მარტს დაიწყო. 34 წლის ქალი, რუსმა სამხედრომ მარტის დასაწყისში, ბროვარსკის რაიონის ერთ-ერთ სოფელში გააუპატიურა. ნასვამმა სამხედრომ ჯერ ქალის უიარაღო ქმარი მოკლა და შემდეგ ქალი გააუპატიურა.

სექსუალური ძალადობა ქალებისა და გოგოების მიმართ კონფლიქტის დროს, საკმაოდ გავრცელებული ფენომენია და ის ერთგვარ ომის ტაქტიკადაც კი გამოიყენება. ომებისა და კონფლიქტების დროს ამ ტაქტიკის გამოყენება ახდენს მოწინააღმდეგის დემორალიზებას და გამიზნულია იმისთვის, რომ მოწინააღმდეგეს ღირსება შეულახოს, შეურაცხყოს. რაც ყველაზე მთავარია, ეს არის ადამიანის წამების ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ფორმა.

24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან დაღუპულია 158 ბავშვი. დაჭრილია 258-ზე მეტი. ინფორმაცია უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ 3 აპრილს განაახლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG