Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჯერ ქმარი მოუკლა და მერე გააუპატიურა“ - უკრაინა რუსი ჯარისკაცების მიერ ქალების გაუპატიურების საქმეებს იძიებს


22 მარტს უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო კიევის ოლქში, რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედროს მიერ, უკრაინელი ქალის გაუპატიურების ფაქტზე. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ვრცელდება ინფორმაცია რუსი ჯარისკაცების მიერ ქალების გაუპატიურების შესახებ, ამ დრომდე, ოფიციალური ინფორმაცია მომხდარი დანაშაულების თაობაზე საგამოძიებო უწყებებს არ გამოუქვეყნებია. 22 მარტს კი გენერალურმა პროკურატურამ ძებნა კონკრეტულ სამხედროზე გამოაცხადა. უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ გაავრცელა მისი ფოტოც.

34 წლის ქალი, რუსმა სამხედრომ მარტის დასაწყისში, ბროვარსკის რაიონის ერთ-ერთ სოფელში გააუპატიურა. როგორც უკრაინის ეროვნული პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ნასვამმა სამხედრომ ჯერ ქალის უიარაღო ქმარი მოკლა და შემდეგ ქალი გააუპატიურა:

„ოკუპანტმა ქალის მიმართ სქესობრივი დანაშაული რამდენჯერმე ჩაიდინა. ამასთანავე, ის ქალსა და მის მცირეწლოვან შვილს, მოკვლით ემუქრებოდა. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დადგინდა მოძალადის ვინაობა. ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, დამნაშავე ლიკვიდირებული იყო უკრაინელი სამხედროების მიერ როგორც მტერი, რომელიც შემოიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებთან ერთად. თუმცა, ეს ინფორმაცია გადამოწმდება საგამოძიებო პროცესში. თუკი მოძალადე ცოცხალია, ის ვერ გაექცევა სასჯელს“, - წერია უკრაინის ეროვნული პოლიციის ოფიციალურ განცხადებაში.

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ჯარისკაცს ბრალი წარდგენილი აქვს ომის სამართლის დარღვევისთვის. უკვე გაცემულია ჯარისკაცის ძებნისა და დაკავების ორდერიც.

ირინა ვენედიქტოვა, უკრაინის გენერალური პროკურორი, სოციალურ ქსელში წერს:

„ჩვენთან შემოდის ოპერატიული ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებსა და „ცხელ წერტილებში“ რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ სქესობრივ დანაშაულებზე...ვიპოვით ყველა გარეწარს და პასუხს ვაგებინებთ კანონის სრული სიმკაცრით!“

რუსი ჯარისკაცის მიერ ქალის გაუპატიურების საქმეს „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა უკრაინის რადას დეპუტატი ლესია ვასილენკოც:

„ის 34 წლისაა. მან საკუთარი თვალით ნახა როგორ მოუკლა ამ რუსმა ჯარისკაცმა ქმარი. ის შვილის სიცოცხლის გამო შიშობდა, როცა მას ეს რუსი სცემდა და აუპატიურებდა. მე 34 წლის ვარ. მე მყავს შვილი. გულისამრევი ფიქრები მომდის, როცა ამ ახალი ნაცისტის სახეს ვუყურებ“.

ლესიამ და მასთან ერთად, უკრაინის რადას სხვა ქალმა დეპუტატებმა, ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსული შეიარაღებული ძალები უკრაინაში ქალებს აუპატიურებდნენ. ამის შესახებ მათ ლონდონში, თემთა პალატაში ვიზიტისას უთხრეს ჟურნალისტებს.

მარია მეზენცევამ, უკრაინის რადას დეპუტატმა, მედიასთან საუბრისას განაცხადა: „ქალები, რომლებიც გააუპატიურეს და მათზე სექსუალურად იძალადეს, შემდეგ ჩამოახრჩვეს“.

რადიო თავისუფლება ლესია ვასილენკოს ომის პერიოდში, ქალების მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის ფაქტებზე სალაპარაკოდ დაუკავშირდა. რამდენად ხშირია მსგავსი შემთხვევები, როგორ იგებთ ინფორმაციას ამ ფაქტების შესახებ? ვკითხეთ ლესიას.

ლესია ვასილენკო
ლესია ვასილენკო

„ამ დროისათვის გაუპატიურების შემთხვევების ოფიციალურად დადასტურებული ფაქტები და რიცხვი არ არის დიდი, რადგან შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ძალიან ძნელია ამ ფაქტების გამოვლენა. ვცდილობთ, თვალყური ვადევნოთ და აღვრიცხოთ ეს შემთხვევები, მაგრამ გართულებულია თავად მსხვერპლებთან დაკავშირება“, - გვეუბნება დეპუტატი.

გოსტომელი, ბუჩა, ივანკოვო, ხერსონი - გეოგრაფიული არეალი, საიდანაც ქალების მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის ფაქტების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება, ფართოა:

„ომის პირველ დღეებში, როდესაც რუსული არმია ცდილობდა კიევის ოკუპაციას და სწორედ ამ დასახლებებში შევიდნენ, გაუპატიურების ფაქტებიც სწორედ მაშინ მოხდა. გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მსგავს შემთხვევებს ადგილი ჰქონდა ხერსონასა და ნიკოლაევშიც, მაგრამ ეს შემთხვევები ჯერჯერობით ოფიციალურად არ დარეგისტრირებულა. სამწუხაროდ, არის მოლოდინი, რომ უფრო და უფრო მეტ მსგავს ინფორმაციას შევიტყობთ. გვაქვს ინფორმაცია, რომ მაგალითად, ბუჩაში გააუპატიურეს ხანდაზმული ქალები. ემოციურად ძალიან რთულია, როდესაც ასეთ ამბებს იგებ. გიჩნდება ბუნებრივი შიში და განცდა, რომ შესაძლოა, შენც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდე. მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ უკრაინული არმია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დაიცვას მშვიდობიანი მოქალაქეები“.

ერთ-ერთი პირველი ცნობა უკრაინაში გაუპატიურებისა და მკვლელობის შესახებ მარტის დასაწყისში, ხერსონის მკვიდრმა, სვეტლანა ზორინამ გაავრცელა. ამის თაობაზე მან 4 მარტს, CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, ხერსონიდან პირდაპირი ჩართვისას თქვა:

„უკვე დაიწყეს ჩვენი ქალების გაუპატიურება. მაქვს ინფორმაცია იმ ადამიანებისგან, რომლებსაც პირადად ვიცნობ, რომ რუსმა ჯარისკაცებმა გააუპატიურეს 17 წლის გოგო და შემდეგ მოკლეს. შეშინებულები და შეძრწუნებულები ვართ, მაგრამ დანებებას არ ვაპირებთ“.

იმავე დღეს, ლონდონში, საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსი ჯარისკაცები უკრაინის ქალაქებში ქალებს აუპატიურებენ. მისი ციტატა „როიტერსმა“ გაავრცელა:

დმიტრო კულება
დმიტრო კულება

„როდესაც ბომბები ცვივა ჩვენი ქალაქების თავზე, როდესაც ოკუპირებულ ქალაქებში ჯარისკაცები აუპატიურებენ ქალებს - და ჩვენ გვაქვს არაერთი შემთხვევა, როდესაც რუსი ჯარისკაცები უკრაინის ქალაქებში აუპატიურებენ ქალებს, რა თქმა უნდა, ძნელია, ილაპარაკო საერთაშორისო სამართლის ეფექტიანობაზე“.

რუსი ჯარისკაცების მიერ ქალების გაუპატიურების ფაქტზე არაერთი საჩივარია შესული უკრაინის სახალხო დამცველის ოფისშიც. ინფორმაციას ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.

გამოცემამ უკრაინის ომბუდსმენის ოფისისგან გამოითხოვა მონაცემები ქალების მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის დანაშაულის შესახებ.

„უკრაინსკაია პრავდასთვის“ სახალხო დამცველის მიერ გაგზავნილ პასუხში ვკითხულობთ: „უკრაინაში რუსეთის მიერ შეიარაღებული აგრესიის დაწყების დღიდან, ცხელ ხაზზე უწყვეტად შემოდის ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი დანაშაულების, მათ შორის, სქესობრივი დანაშაულების შესახებ“.

ომბუდსმენის ოფისში აცხადებენ, რომ მიღებული ინფორმაცია ეგზავნება სამართალდამცავ ორგანოებს.

ომის დანაშაულებში მონაწილე პირების სამართლებრივი დასჯა არის ერთ-ერთი აუცილებელი და მნიშვნელოვანი პირობა, რაც სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ. თამარ ლობჯანიძე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის „ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოების პროგრამის“ ანალიტიკოსი დროულ და სწორ ნაბიჯად მიიჩნევს უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ აღრიცხოს და უკვე ახლავე დაიწყოს იმ პირების საქმეების გამოძიება, რომლებმაც ქალებისა და გოგოების მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაული ჩაიდინეს:

„უკრაინაში უკვე ხდება ამ ყველაფრის დოკუმენტირება, რაც ძალიან კარგია იმისათვის, რომ მოხდეს დამნაშავეების დასჯა. კონფლიქტის დროს სექსუალური ძალადობის ეფექტური გამოძიება და დოკუმენტირება ძალიან მნიშვნელოვანია როგორც დამნაშავე პირების გასამართლების, ისე დანაშაულის მსხვერპლებისთვის სასამართლოს ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. არაერთი მექანიზმი არსებობს ამ ტიპის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. მათ შორის, ეს ბრძოლა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერაა დაცული. დგება სპეციალური და შერეული ტრიბუნალები. ასევე იქმნება სპეციალიზირებული ეროვნული ტრიბუნალები“.

რაც შეეხება ომში გაუპატიურების ფაქტების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, თამარ ლობჯანიძის თქმით, ეს ნამდვილად სირთულეს წარმოადგენს და ამიტომ სხვადასხვა ომში ქალებისა და გოგოების გაუპატიურების ზუსტი სტატისტიკის მოძიება თითქმის შეუძლებელია.

მაგალითად, 2008 წლის ომში, საქართველოში 20-დან 30-მდე გაუპატიურების, მცდელობის და სხვადასხვა სახის სექსუალური ძალადობის ფაქტზე იყო საუბარი, თუმცა, როგორც უფლებადამცველები აცხადებდნენ, ქალების უმრავლესობამ დუმილი არჩია და მხოლოდ ერთმა ქალმა გადაწყვიტა სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის შეტანა. ის რუსმა სამხედრომ გორის რაიონში გააუპატიურა.

გაცილებით მასშტაბური იყო ქალებისა და გოგოების გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის ფაქტები 90-იანი წლებში, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. თუმცა, მიუხედავად საერთაშორისო ორგანიზაციების მცდელობისა, რომ საქმეები გამოძიებულიყო, ქალების ფსიქოლოგიური და ემოციური მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ მათ სიჩუმე არჩიეს. საქმეს ართულებს ისიც, რომ ქალების მიმართ სექსუალურ ძალადობას საზოგადოების დიდ ნაწილში დღემდე ტაბუ ადევს:

„იყო არაერთი ფაქტი, მაგრამ სამწუხაროდ, რეალური სტატისტიკის წარმოება და მასშტაბის დადგენა ვერ მოხერხდა, რადგან ქალებმა ვერ გაბედეს, რომ ამაზე ელაპარაკათ. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ითქვას ღიად, რომ ეს არის ომის დანაშაული, მიზანმიმართული ქმედება მოწინააღმდეგის მხრიდან და რომ დამნაშავის დასჯა აუცილებელია“, - გვეუბნება თამარ ლობჯანიძე.

სექსუალური ძალადობა ქალებისა და გოგოების მიმართ კონფლიქტის დროს, საკმაოდ გავრცელებული ფენომენია და ის ერთგვარ ომის ტაქტიკადაც კი გამოიყენება. ომებისა და კონფლიქტების დროს ამ ტაქტიკის გამოყენება ახდენს მოწინააღმდეგის დემორალიზებას და გამიზნულია იმისთვის, რომ მოწინააღმდეგეს ღირსება შეულახოს, შეურაცხყოს. რაც ყველაზე მთავარია, ეს არის ადამიანის წამების ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ფორმა.

გაეროს უშიშროების საბჭოს რამდენიმე რეზოლუციის, მათ შორის, „1820“ და „2106“ რეზოლუციების თანახმად, ომისა და კონფლიქტების დროს ქალებისა და გოგოების მიმართ სექსუალური ძალადობა, ეს არის ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, გენოციდის შემადგენელი ნაწილი და წარმოადგენს ომის დანაშაულს.

ომის დანაშაულის ეს ფორმა ყველაზე სასტიკად გამოვლინდა მაგალითად აფრიკის ქვეყნების, ასევე იუგოსლავიის კონფლიქტების დროს. ამ კონფლიქტების პერიოდში, სექსუალური ძალადობის მსხვერპლები ხდებოდნენ არა მხოლოდ ქალები და გოგოები, არამედ კაცები და ბიჭებიც, რადგან ეს კიდევ უფრო მეტად ახდენდა მოწინააღმდეგე მხარის დაუცველობის წარმოჩენას და მეტ მორალურ ზიანს აყენებდა მათ. ცნობილია, რომ ნახევარ მილიონამდე ქალი გააუპატიურეს რუანდის სამოქალაქო და ეთნიკური ომის დროს, 1994 წელს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG