Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დარბიხარ, ეძებ და არ არის“ - როგორ უმკლავდებიან რუსეთში ჰიგიენური საფენების დეფიციტს


ქალის ჰიგიენის საშუალებები, პირველ რიგში ერთჯერადი საფენები, რუსეთში დეფიციტი გახდა. არჩევანი მნიშვნელოვნად შემცირდა, ფასები კი გაიზარდა. ეს იმ ეკონომიკური სანქციების შედეგია, რომელიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო დაუწესეს.

8 მარტს კომპანია Procter & Gamble-მა გამოაცხადა, რომ რუსეთში თავის საქმიანობას შეზღუდავს, რუსეთის ბაზარში ინვესტიციას აღარ ჩადებს. მან სარეკლამო კამპანია შეაჩერა და ფასები გაზარდა. Procter & Gamble-ი არის მწარმოებელი რუსეთში პოპულარული საფენებისა Always, Tampax, Naturella და Discreet. მის კვალდაკვალ თაროებზე შეთხელდა Kotex-ისა და Libresse-ის პროდუქციაც.

„დარბიხარ, ეძებ და არ არის. ფასებიც ძალიან გაიზარდა, საშინლად“, - ამბობს რუსეთის სუპერმარკეტის ერთ-ერთი კლიენტი. მისი თქმით, შეკვრა, რომელიც ადრე 1,6 დოლარი ღირდა, ახლა 5 დოლარამდე ღირს. ფასები შოკის მომგვრელია, მაგრამ ერთჯერად საფენებზე უარის თქმას რუსეთის მოქალაქეები ჯერ არ აპირებენ.

„ვერ წარმომიდგენია, რომ ბამბის გამოყენებაზე გადავიდე. შეუძლებელია. ეს ისეთი აუცილებლობაა, რომლის გარეშეც ვერ იცხოვრებ. როგორც ტუალეტის ქაღალდი, ისეა“, - ამბობს კიდევ ერთი.

მოდურ რუსულ ჟურნალებში ახლა „ალტერნატიულ“ საშუალებებზე წერენ. ურჩევენ ყურადღება მიაქციონ მენსტრუალურ ჭიქებს, თეთრეულს შეწოვის უნარით, ღრუბლის სტრუქტურის მქონე ტამპონებს და მრავალჯერად ნაჭრებს - ამ უკანასკნელზე გაზრდილი მოთხოვნა რუსი მეწარმეებისთვის ძალიან მომგებიანი აღმოჩნდა.

ეკატერინა და ვიტალი, ოჯახური წყვილი ტოლიატიდან, უკვე წელია LadyMoon.Cycle-ის საფენებისთვის მრავალჯერად ნაჭრებს აწარმოებენ. სანქციების შემოღების შემდეგ, რეკორდული რაოდენობის შეკვეთები მიიღეს. ახლა ფიქრობენ, როგორ გაფართოვდნენ და ფრანშიზის შესახებ წინადადებასაც განიხილავენ.

რადგან ჩვეულ ბრენდებს ვერ პოულობენ, ზოგმა გადაწყვიტა, მათი სამამულო წარმოების ანალოგი სცადოს. აქ სამი მწარმოებელია: „Милана“, „Bliss“ და „Bibi“. „Милана“- ს შეკვრა, რომელშიც 10 საფენია, 5,3 დოლარამდე ღირს, ისიც ყველგან არ იყიდება.

უკიდურეს შემთხვევაში ქალებს მოუწევთ 30 წლის წინანდელ საბჭოთა ეპოქაში დაბრუნდნენ, როდესაც ამ პრობლემას იმ საშუალებებით აგვარებდნენ, რომლებზეც ხელი მიუწვდებოდათ. განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში ციხეში მყოფი პატიმრები ჩაცვივდებიან.

„ბინტში გახვეული ბამბა თუ იქნება, მაგრამ არ მგონია, ციხეში ეს მაინც იყოს ხელმისაწვდომი. საფენებად ნაჭრებს, ჩვრებს გამოიყენებენ“, - განმარტავს ფონდის „რუსეთი ციხეში“ კოორდინატორი ანა კლიმენკო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG