Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ ბუჩიდან განმარტა, რატომ უნდა ჩავიდეს ანგელა მერკელი იქ


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქის ქალაქ ბუჩაში ყოფნისას, მედიის შესაბამისი კითხვის პასუხად, კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ მიიჩნევს საჭიროდ გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის იქ ჩასვლას.

"ვფიქრობ, მან ჩემი გზავნილი მშვენივრად გაიგო და არა მხოლოდ მან, მე მას და ევროპის ლიდერებს მივმართავდი, ბატონ სარკოზისაც, რომლებიც, როგორც თქვენთვის ცნობილია, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებდნენ ან, ასე ვთქვათ, რუსეთის ფედერაციის და სხვა ლიდერების გავლენის ქვეშ იყვნენ, მაგრამ, პირველ რიგში, რუსეთის ფედერაციის გავლენის ქვეშ და ვფიქრობ, შიდაპოლიტიკური გავლენების ქვეშ, როდესაც უკრაინასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებდნენ. მთელი ეს ისტორია, ინსინუაცია ნატოს „ღია კარის“ შესახებ, როდესაც ვიცით, რომ ევროპული სახელმწიფოების და ნატოს წევრების უმეტესობა უკრაინის ალიანსის წევრობას ემხრობოდა, ჯერ კიდევ მაშინ ბუქარესტის სამიტზე და მშვენივრად ვიცით, ვინ არიან ის ლიდერები და მე ვფიქრობ, ანგელა [მერკელი] ამ ლიდერებს შორისაა, წამყვანი ქვეყნების, რომლებზეც იყო დამოკიდებული, იქნებოდა თუ არა უკრაინა ნატოს წევრი“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი სიტყვებით, ამიტომ უნდა ჩავიდეს ანგელა მერკელი ბუჩაში და ნახოს, რად გადაიქცევა რუსეთისადმი „დაყოლის თამაშები“.

გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი მართებულად მიიჩნევს 2008 წელს მიღებულ თავის გადაწყვეტილებას, როდესაც მხარი არ დაუჭირა უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, - განაცხადა მერკელის პრესმდივანმა.

3 აპრილს უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ კიევის ოლქის ტერიტორიიდან გასვლის შემდეგ 410 მოკლული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი გადაასვენეს ექსპერტიზაზე, რათა აღირიცხოს და დასაბუთდეს ომის დანაშაულები.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო არ აღიარებს ბრალდებებს. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა ფოტო და ვიდეომასალა პროვოკაციას წარმოადგენს და "დადგმულია კიევის რეჟიმის მიერ დასავლური მედიისთვის".

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ბუჩაში მომხდარი მოვლენების დამოუკიდებელ გამოძიებას ემხრობა.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსეთისა და უკრაინის სამთავრობო დელეგაციებს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკების რამდენიმე რაუნდის მიუხედავად, რუსეთი აგრძელებს იერიშებს უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე.

კიევის მოთხოვნებია ომის შეწყვეტა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG