Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევის მახლობლად მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვაში თანამონაწილეებად კადიროველები სახელდებიან


დახოცილი მშვიდობიანი მოქალაქეები ბუჩაში.
დახოცილი მშვიდობიანი მოქალაქეები ბუჩაში.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა, გამოაქვეყნა რუსეთის არმიის იმ ქვედანაყოფთა ნომრები, რომლებიც ქალაქებში ბუჩაში, ირპენსა და გოსტომელში იმყოფებოდნენ და შესაძლოა მონაწილენი იყვნენ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ ომის დანაშაულში. არესტოვიჩის მიერ გამოქვეყნებულ სიაში ნახსენებია ახმატ-ჰაჯი კადიროვის სახელობის 141-ე სპეციალიზებული მოტორიზებული პოლკიც. გარდა ამისა, მთლიანად დასახელდა 13 რუსული ქვედანაყოფი.

„ჩრდილოეთის“ სახელით ცნობილი 141-ე პოლკის უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნა არაერთგზის დაადასტურა ჩეჩნეთის ლიდერმა, მათ შორის, პირველად 26 თებერვალს. მაშინ ჩეჩნეთის მეთაურმა უარყო ქვედანაყოფის მეთაურის, მაგომედ ტუშაევის, დაღუპვა.

მიუხედავად ფოტო და ვიდეომტკიცებულებისა, რუსეთის ხელისუფლება უარყოფს ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვას და 4 აპრილს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას ითხოვს. ამის შესახებ განაცხადა გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დმიტრი პოლიანსკიმ. რუსმა დიპლომატმა „უკრაინელი რადიკალების აღმაშფოთებელი პროვოკაცია“ უწოდა რუსეთის არმიის მიერ კიევის გარეუბანში მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი დახოცვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თავის მხრივ, მოუწოდა გაეროს უშიშროების საბჭოს, რომ შეფასება მისცეს რუსეთის ქმედებებს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქ ბუჩაში ჩავიდა. BBC-ის ცნობით, ზელენსკი გაესაუბრა ადგილობრივ მოსახლეობას და ის ტერიტორია დაათვალიერა, სადაც მანამდე რუსული კოლონა იდგა. გამოცემის ცნობით, ზელენსკიმ კიდევ ერთხელ თქვა, რომ რუსეთის არმიამ ჩაიდინა სამხედრო დანაშაული და გენოციდი.

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ბუჩაში მომხდარი მოვლენების დამოუკიდებელ გამოძიებას ემხრობა.

კიევის მახლობლად მდებარე ქალაქ ბუჩაში, საიდანაც რუსებმა უკან დაიხიეს, აღმოაჩინეს ათობით მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი.

ბუჩაში ნანახის შემდეგ მსოფლიო ლიდერები რუსეთისადმი დამატებითი სანქციების შემოღების აუცილებლობას ხედავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG