Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფლებადამცველი საშა დელემენჩუკი: „არ მეგონა, უკრაინაში იარაღის შეტანის ლობირება თუ მომიწევდა“


საშა დელემენჩუკი, Tbilisi Shelter City-ს დირექტორი და მოხალისეობრივი ინიციატივის Євромайдан SOS-ის თანადამფუძნებელი, იძულებული გახდა, კიევიდან მოხუც დედასთან ერთად წამოსულიყო. უკვე ორი კვირაა ისინი საქართველოს დედაქალაქში იმყოფებიან. როგორი იყო გზა კიევიდან თბილისამდე, რეალობის აღქმა და რუსულ-უკრაინული ურთიერთობების პერსპექტივა - ამ თემებზე „ეხო კავკაზა“ საშა დელემენჩუკს ესაუბრა.

- ჯერაც არ ამოგიბარგებიათ ჩემოდნები?

- გუშინ ვაპირებდი, მაგრამ ვერ შევძელი.

- რატომ?

- ვერ ვხსნი. ასეთი ადამიანი ვარ... თავშეკავებას მიჩვეული. ჯერ ერთი, რა ხანია უფლებების დაცვის კუთხით ვმუშაობ. ომი არაერთხელ მინახავს, 2014 წლიდან უკრაინაში სულ ომია. მაგრამ ერთია, როდესაც სხვას ეხმარები და მეორე, როდესაც უშუალოდ შენ შეგეხება. უცნაური რაღაცები დამეწყო - სენტიმენტალური დამოკიდებულება ნივთებისადმი. არასდროს მაინტერესებდა ნივთები, მხოლოდ - ხალხი. ახლა კი ჩემთვის უცებ ძალიან მნიშვნელოვანი გახდა, ბებიის კუთვნილი რამდენიმე ვერცხლის კოვზი წამომეღო, ან ჩარჩოში ჩასმული მამის ფოტო. არადა, პატარა ჩემოდანში მხოლოდ ჩარჩოიანი ფოტო თუ ჩაეტეოდა. ციფრულ ეპოქაში ფოტოს სადაც გინდა იქ ამობეჭდავ, მაგრამ მაინცდამაინც ის მინდოდა, რომელიც კიევში, სამუშაო მაგიდაზე იდო.

არ შემიძლია ავხსნა, რატომ ვერ ამოვალაგე ჩემოდნები, მაგრამ შევამჩნიე, რომ ჩემს კოლეგებს, დაქალებსაც იგივე სჭირთ. ზოგი ახლა ვარშავაშია, ზოგი შვედეთში, ზოგი უკრაინის სხვა ქალაქში და ბევრი ვერ ახერხებს, ჩემოდანი ამოალაგოს. მაგრამ ვფიქრობ, რომ რადგან დღეს მე და დედამ გადავწყვიტეთ ბორშჩი გაგვეკეთებინა, ესე იგი უკეთ ვხდებით. ალბათ ბორშჩს ჩემოდნების ამოლაგებაც მოჰყვება.

- რეალობის განცდა დაბრუნდა? მგონია, რომ როცა რამე ძალიან საშინელი ხდება - უკრაინის ომის გარედან დაკვირვებაც კი ჩვენთვის რაღაც პერიოდის განმავლობაში სიზმარს ჰგავდა - როდესაც მოვლენების მონაწილე ხარ, შესაძლოა ეს ფსიქოლოგიურ დაცვადაც იქცეს, ანუ შენ გარშემო არსებულს საკუთარ თავთან არ აიგივებ. თითქოს, მხოლოდ მაყურებელი ხარ, ფილმს შესცქერი. აღიქვით, რომ ეს რეალობაა?

- ეს თავდაცვის მექანიზმია, დისოციაცია. ამ დროს საკუთარ ცხოვრებას გარეშე პირივით გვერდიდან აკვირდები. როდესაც კიევში ვიყავით, ვითარება მუდმივად იცვლებოდა, საჰაერო განგაში ცხადდებოდა... ამ დროს უსაფრთხო ადგილას უნდა გაიქცე, თუ ძალიან ცუდადაა საქმე, სარდაფში, თუ არა და დერეფანში. დერეფანში ცალკე ცხოვრება იყო, იქ ეწყო ლეიბები, როზეტები, წყალი - ყველაფერი იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში გადასულიყავი და გეცხოვრა. რადგანაც ეს გამუდმებით ხდებოდა, დღე და ღამე აგვერია. არავინ იცოდა კვირის რომელი დღე იყო.

გვეძინა კიდეც... თუ სიმშვიდეა, ესე იგი დასაძინებლად უნდა დაწვე, რადგან ღამე შეიძლება ვეღარ მოახერხო. კიევში რეალობის შეგრძნება არ გვქონდა, ის აქ, თბილისში გამიჩნდა. მე აქ ვმუშაობ. როდესაც ჩემს კაბინეტში შევედი, ეს სადღაც მეორე თუ მესამე დღეს მოხდა, შევიგრძენი, რომ ჰო, ყველაფერი სწორედ ასეა. კოლეგებთან ერთად სასწრაფო პროექტების შემუშავება დავიწყეთ უკრაინისთვის, უკრაინელი უფლებადამცველებისთვის, მოხალისეებისთვის, აქტივისტებისთვის. ისინი ახლა ეხმარებიან, მაგრამ ვინც ეხმარება, მასაც სჭირდება დახმარება.

კიევი, 2022 წელი.
კიევი, 2022 წელი.

მე რეალობის შეგრძნება დამიბრუნდა, მაგრამ დედას დაუბრუნდა თუ არა, ამაში დარწმუნებული არ ვარ, ან ჩემს ზოგ მეგობარს, რომლებიც ასევე თბილისში არიან. მათ სხვა სამუშაო აქვთ, მე კი ისევ ჩემს სამსახურს დავუბრუნდი, ამიტომ ჩემთვის უფრო იოლია. დიდი ხანია ორ ქვეყანაში ერთად ვცხოვრობ, ქართული ვიცი, ეს ჩემი ქალაქია, აქ ბინადრობის უფლება მაქვს, ანუ თითქმის აქაური ვარ. ჩემი მეგობრები კი, ზოგს მაღაზია ჰქონდა, ზოგს კიდევ რაღაც - ისინი ჯერ კიდევ ვერ დაეშვნენ მიწაზე. მე დავეშვი.

- როგორც მივხვდი, დედა იყო ის ფაქტორი, რამაც უკრაინიდან წამოსვლა გადაგაწყვეტინათ. თქვენ ხომ იქ დიდხანს დარჩით, მიუხედავად იმისა, რომ გარშემო ვითარება სულ უფრო იძაბებოდა. ბოლომდე გაძელით. როგორ იყო ეს ყველაფერი?

- სამი რამ იყო გადამწყვეტი: ერთი დედა, მეორე ის, რომ კოლეგებთან ერთად დიდ კოლექტივს ვხელმძღვანელობ, პასუხისმგებელი ვარ მათზე. კიევიდან საქმეებს ვერ მოვაგვარებდი.

სროლები რომ გახშირდა და ისიც ცხადი გახდა, რომ საცხოვრებელ სახლებს, საბავშვო ბაღებსა და სკოლებს ჭურვები შემთხვევით არ ხვდებოდა, ჩვენი მებრძოლები, რომლებსაც უსაზღვროდ ვენდობი, ასევე კიევის მერი, ამბობდნენ: „თუ წასვლა შეგიძლიათ - წადით“. მაშინ ვიფიქრე, რომ ჩემი საქმიანობა კიევის მიღმა უფრო ეფექტური იქნებოდა. მართლაც ასე მოხდა. ამ ორ კვირაში უკვე ახალი პროგრამების შექმნა დავიწყეთ, რომლებიც თუ ყველაფერი კარგად იქნა, წლის ბოლომდე უკრაინას მილიონი ევროს დახმარებას მოუტანს.

თუმცა, ძალიან მინდა უკან წავიდე. ეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იყო. ფიზიკურადაც რთული იყო გამოსვლა, ბლოკპოსტებია, საწვავის დეფიციტი. მხოლოდ 20 ლიტრს თუ ჩაასხამ. რიგებია ბენზინგასამართ სადგურებზე, საზღვარზეც. ექვსი დღე მოვდიოდით.

- ამ მგზავრობისას ყველაზე რთული რა იყო? რამე კონკრეტული მომენტი ხომ არ ყოფილა? თუ, როდესაც მიზანია, რომ უნდა ჩახვიდე, ყველაფერი სხვა უფერულდება?

- სანამ კიევში ვიყავი, იშვიათად გამოვდიოდი სახლიდან. მაგრამ მერე უკვე გარეთ ხედავ ბლოკპოსტებს, ნანგრევებს, შეიარაღებულ ხალხს, ხედავ ამ რიგებს... ხედავ ომს, რომელიც მანამდე მეორე მსოფლიო ომზე გადაღებულ კინოებში გენახა. აი, ეს იყო მძიმე. კიდევ საზღვარი. მალე რომ გაგვეღწია, ღამე მივდიოდით. ჩემს მეგობარს, რომელმაც წამოგვიყვანა, საზღვრის გადალახვა არ შეეძლო, ამიტომ მხოლოდ საზღვრამდე მიგვიყვანა, შემდეგ კი მე და დედა ფეხით გავუყევით გზას. დედას სახსრების პრობლემა აქვს, ცუდად დადის. ცალკე მას ვეხმარებოდი, ცალკე ჩემოდნებს მოვათრევდი. ჯერ ბარგს წავიღებდი, მერე დედა მიმყავდა და ასე. გავიტანე ჩემოდნები და ვხედავ, მესაზღვრე მოდის. ვიფიქრე, ომია, იქნებ, იფიქრა, რომ დივერსიას ვაწყობ და იმიტომ დავტოვე ჩემოდნები. ვეუბნები: „ჩემებია, ახლავე წავიღებ, არ იდარდოთ“. არა, დახმარება მინდაო. აიღო ეს ჩემოდნები და თუმცა ძალიან ნელა მივდიოდით, წაგვიძღვა. აი, ეს რამდენიმე ასეული მეტრი ყველაზე რთული იყო. ფიზიკურად იყო რთული, მაგრამ მთავარი ესეც არაა. ძალიან მინდოდა, გამოვბრუნებულიყავი და სახლში გავქცეულიყავი. როგორც გითხარით, დიდი ხანია ორ ქვეყანაში ვცხოვრობ და სახლში ხშირად არ ვარ, მაგრამ ადრე ეს ჩემი არჩევანი იყო. როდესაც ეს არჩევანი წამართვეს, აღმოჩნდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იცოდე - შენ ყოველთვის შეძლებ დაბრუნებას.

- უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებას არავინ ელოდა. ჩვენ აღმოვჩნდით იმ მოვლენებში, რომლის შესახებ ორი ათეული წლის შემდეგ შესაძლოა შვილიშვილებს მოვუყვეთ, თუკი გვეყოლება, რომ ჯერ დაიწყო პანდემია, მერე ომი... იმედი მაქვს, ეს პერიოდი სახელმძღვანელოებში არ მოხვდება როგორც მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი. რამდენად მოულოდნელი იყო ეს თქვენთვის? ახლა როგორ აპირებთ ცხოვრებას, შესაძლებელია რამის დაგეგმვა?

- მოულოდნელი იყო. ვამბობდი, მსგავსი არასდროს არაფერი მოხდება-მეთქი. მჯეროდა, რომ პუტინისთვის მთავარი მისივე ფული იყო. აღმოჩნდა, რომ - არა. თურმე, ფსიქიკურად არის ავად. არ ვამბობ, რომ თავის ქმედებებზე პასუხს არ აგებს, უნდა აგოს - იქნება ტრიბუნალი, სასამართლო ყველაზე მკაცრი სასჯელით. საერთოდ სიკვდილით დასჯის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ახლა პირველად დავფიქრდი, იქნებ ჯობს, გამონაკლისი დავუშვათ. თან ვეწინააღმდეგები ამ აზრებს.

ის ავადაა, მაგრამ იცის რასაც აკეთებს. მიუხედავად ამისა, მისი მხრიდან ეს ყოვლად არარაციონალური ქმედება იყო. ეს ვის რად უნდა? არც მის გენერლებს უნდათ, ისინი ხომ მშვენივრად ცხოვრობდნენ, დაცურავდნენ თავიანთი იახტებით, ერთდროულად 10 ოჯახი და 20 საყვარელი ჰყავდათ, მილიონები ჰქონდათ. მგონია, რომ მხოლოდ ერთი ადამიანის გამო ატყდა მართლაც მსოფლიო ომი. ეს ისეთი სიგიჟეა, ვინმეს ჩემთვის როგორც ფილმის ან წიგნის სიუჟეტად რომ მოეყოლა, ვეტყოდი, ცხოვრებაში ასე არ ხდება-მეთქი. მაგრამ მოხდა. რა თქმა უნდა, შოკი იყო.

არა მგონია, ახლა რამის დაგეგმვა იყოს შესაძლებელი. ამას წინათ ფეისბუკზე ფრანკლის გამონათქვამი შემხვდა. ის გერმანულ საკონცენტრაციო ბანაკში ცოცხალი გადარჩა. ამბობს, რომ ყველაზე ადრე ისინი იხოცებოდნენ, ვინც ფიქრობდა, რომ ყველაფერი მალე დამთავრდებოდა. შემდეგ ისინი, ვისაც სწამდა, რომ ეს არასდროს დასრულდება, ყველაზე დიდხანს კი საქმეზე კონცენტრირებულები უძლებდნენ. ამიტომ აუცილებელია ჩემი ძირითადი სამუშაო გავაგრძელო. კი, ახლა ყველა უკრაინას მისჩერებია, მაგრამ არც ყაზახეთსა და არც უზბეკეთში უფლებადამცველების მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, რუსეთში პირიქით, გაუარესდა. უკრაინაშიც, რადგან ისინი ახლა ომის მსხვერპლებიც არიან. ჰუმანიტარული ტვირთით უნდა დავეხმაროთ. აქ ძალიან ძლიერი უკრაინული სათვისტომოა. ჰუმანიტარულ დახმარებასაც აგროვებენ, უკრაინული სკოლაც გახსნეს ბავშვებისთვის, ამ ყველაფერსაც სჭირდება მიშველება.

გარდა ამისა, კოლეგებმა მთხოვეს, საერთაშორისო ადვოკატირებას დავუბრუნდე და რუსული აგრესიის შედეგები ვაჩვენო, ომის დანაშაულებები, რომ შემდეგ ლობირება გახდეს შესაძლებელი. არასდროს ვიფიქრებდი, რომ ამის გაკეთება მომიწევდა - უკრაინაში იარაღის მიწოდების ლობირება. ასე რომ, ბევრია სამუშაო.

- ვფიქრობდი, რომ უკრაინის ომი რუსულ საზოგადოებას შეაჯანჯღარებდა. მეგონა, უკრაინელებსა და რუსებს შორის, უბრალო ხალხს შორის უფრო ძლიერი კავშირია, ვიდრე იმ ერებთან, რომლებთანაც რუსეთი ადრე ომობდა. მაგრამ რუსეთის მოქალაქეები ომის წინააღმდეგ მასობრივად არ გამოსულან. როგორ ფიქრობთ, შეიძლება ხალხმა როდესმე ეს კავშირი აღადგინოს?

- ძალიან არ მომწონს ეს მითი, რომ ჩვენ მოძმე ერები ვართ და ეს ძმათამკვლელი ომია. ყველა ომი ძმათამკვლელია, რადგან ადამიანი ადამიანს კლავს.

ჩვენი ერები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან და ამ ომმა ეს კიდევ ერთხელ აჩვენა. როგორ იქცევა უკრაინელი ხალხი, მებრძოლები და როგორ რუსები; უკრაინელების დედები და რუსების, უკრაინელების ცოლები და რუსების. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი რამ ის იყო, ტყვეები დედებს, ცოლებს რომ ურეკავენ, ისინი კი მოსმენის ნაცვლად იმეორებენ: „პუტინმა თქვა, რომ მალე გამოგიშვებენ. ტელევიზორში თქვა, რომ თქვენ კარგად ხართ“. ის უფრო აინტერესებთ, რამე მოიპარეს თუ არა, ხელფასი თუ აიღეს, ვიდრე ის, რომ ისინი იქ იხოცებიან, კლავენ, ტყვედ არიან. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ჩვენ სულ სხვადასხვა ხალხი ვართ.

რაც შეეხება ურთიერთობების აღდგენას, საკუთარი თავიდან გამომდინარეც ვმსჯელობ. ჩემს რუს კოლეგებთანაც კი მიჭირს ურთიერთობა. არიან ისეთები, რომლებმაც უკომპრომისო პოზიცია დაიკავეს, რომლებიც ამბობენ, რომ მართალია, უშედეგოა, მაგრამ მაინც ყოველ შაბათს პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოდიან. ერთი კვირის წინ სვეტლანა განუშკინა ომის საწინააღმდეგო პიკეტზე დააკავეს, იმ დღეს 80 წელი შეუსრულდა. არიან ისეთები, რომლებმაც განცხადება შეიტანეს სამართალდამცავ ორგანოებში პუტინის წინააღმდეგ, რადგან მან ომი წამოიწყო. თუმცა, მათაც ესმით, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება. ზოგი ცდილობს, წვევამდელები და კონტრაქტორები ომიდან გამოიყვანოს. ანუ ბევრი რეალურად საქმეს აკეთებს და მათთან მეც მეიოლება. არიან ისეთები, რომლებიც ბევრს ფილოსოფოსობენ და მათთან უკვე მიმძიმს ურთიერთობა. მესმის, რომ ფაშისტური გერმანიიდანაც გარბოდა ხალხი, მაგრამ დაუფარავად ვიტყვი, რომ მწყინს, საქართველოში 30 ათასი რუსეთის მოქალაქე რომაა ჩამოსული. ისინი ყველანი ჟურნალისტები და უფლებადამცველები კი არ არიან, ბევრი მხოლოდ იმიტომ ჩამოვიდა, რომ ახლა აქ უფრო კომფორტულია ცხოვრება, ვიდრე რუსეთში. მაშინ როცა უკრაინელებმა საქართველომდე რომ მოაღწიონ, ექვსი და ათი დღე უნდა იარონ, შეიძლება მეტიც.

მე ახლა ვერავითარ პერსპექტივას ვერ ვხედავ ურთიერთობების აღსადგენად. ახლა ერთდერთი, რასაც ჩვენი ხალხი გრძნობს - სამართლიანი სიძულვილია.

- როდესაც ომი დამთავრდება - ის აუცილებლად დამთავრდება - და თქვენს მშობლიურ ქალაქში დაბრუნდებით, პირველად სად წახვალთ?

- თუ შემოდგომა ან გაზაფხული იქნება, ვლადიმირის გორაზე გავისეირნებ, თუ ზამთარი - რომელიმე ჩემს საყვარელ ბარში.

- რას შეუკვეთავთ?

- ვისკის.

- ყინულით თუ ყინულის გარეშე?

- მე ყოველთვის სუფთა ვისკის ვსვამ.

  • 16x9 Image

    ანასტასია სლოვინსკაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2014 წლიდან. ძირითადად მუშაობს ვიდეოკონტენტის შექმნაზე. არის პროექტის „8 ფოტო არქივიდან“ თანაავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG