ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში კარლ ჰარცელმა მედიასთან ილაპარაკა საქართველოს შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაზე.
„ეს არის სერიოზული ბრალდებები სამხედრო დაზვერვის მხრიდან და ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ კიდეც. ამასთანავე, მოვისმინეთ ძალიან მკაფიო პასუხი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომ ასეთი რაღაც არ ხდება, არც პრაქტიკის და არც რისკის თვალსაზრისით. რაც შემეხება პირადად მე, ამ ეტაპზე არანაირი ინფორმაცია ან სადაზვერვო მასალა არ გამაჩნია, რომელიც დაადასტურებდა უკრაინული მხარის ბრალდებებს. მე მჯერა, რომ მთავარია, ორივე მხარემ გააგრძელოს ინფორმაციის გაცვლა, რათა დროულად გადაჭრან ეს ვითარება“, - თქვა ელჩმა.
დიპლომატმა ყურადღება გაამახვილა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების შესახებ და თქვა, რომ ელიან საჭირო ნაბიჯებს საქართველოსგან.
„თუ რას ველით საქართველოს მსგავსი პარტნიორისგან - ესაა სოლიდარობა, რომელსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ. ასევე, საჭირო ნაბიჯების გადადგმას რუსეთის იზოლაციისთვის. ჩვენ ვარწმუნებთ საქართველოს და სხვებს, მათი შესაძლებლობების ფარგლებში იმუშაონ ამაზე და ძალიან გვსურს, ვიხილოთ, რომ არცერთი ქვეყანა არ სთავაზობს რუსეთს უკანა კარს სანქციების გვერდის ასავლელად. ომის დაწყების დროს ჩვენ ვნახეთ ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითი, როდესაც კონკრეტული ბანკების მიმართ ფინანსური მიმართულებით ვიმოქმედეთ, საქართველომ ძალიან სწრაფად გადადგა სწორი ნაბიჯები ვითიბი ბანკის მიმართ, რომელსაც შეეხო ჩვენი სანქციები“, - აღნიშნა მან.
ჰარცელი საქართველოსგან მომავალშიც ანალოგიურ ნაბიჯებს ელოდება.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურმა 4 აპრილს განაცხადა, რომ სანქციების გვერდის ავლით, რუსები ქმნიან კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის საქართველოს ტერიტორიაზე.
უკრაინული დაზვერვის მტკიცებით, საქართველოს სპეცსამსახურებს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაავალა, ხელი არ შეუშალონ კონტრაბანდისტების საქმიანობას.
უკრაინის ვიცე-პრემიერისა და რეინტეგრაციის მინისტრის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, მას არ აქვს მიზეზი, არ დაუჯეროს უკრაინული დაზვერვის ცნობას რუსების მიერ კონტრაბანდული პროდუქციის გატარებაზე საქართველოს ტერიტორიაზე.
„საუბარი არ არის მაკარონსა და წიწიბურაზე, აქ საუბარია საომარ ტექნიკაზე“, - განაცხადა ვერეშჩუკმა ტვ „ფორმულის“ ეთერში და დაამატა: „ვერ ვიჯერებ, რომ თქვენ, ქართველები, ჩვენი დები და ძმები საშუალებას მისცემთ, რომ კონტრაბანდული არხებით გადიოდეს იარაღი, რომელიც კლავს ჩვენს ქალებსა და შვილებს. ნუთუ ეს შესაძლებელია? ჰკითხეთ ეს თქვენს თავს, როგორ მოხდა, რატომ მოხდა ასე? რა გავაკეთეთ ჩვენ?“
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 5 აპრილს უპასუხა უკრაინული დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ კი უკრაინის ხელისუფლების განცხადებებს 4 აპრილს უწოდა „ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდება".
6 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ თქვა, რომ უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა 5 აპრილს გამართულ შეხვედრაზე, გაფრთხილების მიუხედავად, არ წარადგინა ის მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურდებოდა საქართველოს ტერიტორიის გავლით რუსეთისთვის სანქცირებული საქონლის მიწოდება.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“.
რუსეთისა და უკრაინის სამთავრობო დელეგაციებს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკების რამდენიმე რაუნდის მიუხედავად, რუსეთი აგრძელებს იერიშებს უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე.
დაწერეთ კომენტარი