ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების წინა დღეს ძალოვანი უწყებების პირადი შემადგენლობის მობილიზება ცხადდება, ამის შესახებ დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული თათბირის შემდეგ გახდა ცნობილი. დე ფაქტო შსს და უსაფრთხოების სამსახურები 10 აპრილს განსაკუთრებული რეჟიმით იმუშავებენ.
„ორგანიზაციული და პრაქტიკული ღონისძიებების გეგმის მიხედვით, შაბათს, 9 აპრილს, სამართალდამცავები ტექნიკური, საშუალებებისა, მეტალოდეტექტორების და მომსახურე ძაღლების დახმარებით საარჩევნო უბნებზე საინჟინრო-სადაზვერვო სამუშაოს ჩაატარებენ, რის შემდეგაც საარჩევნო უბნების 24 საათიანი დაცვა დაიწყება. ბიულეტენების ტრანსპორტირებისას საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების გაცილებას უზრუნველყოფენ შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომლები. გარდა ამისა, პოლიციის თანამშრომლები საარჩევნო ბიულეტენებს რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ მოქმედ საარჩევნო უბნებზეც გაიტანენ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები უკვე გაემგზავრნენ მოსკოვსა და აფხაზეთში. ხვალ ჩრდილოეთ ოსეთის საარჩევნო უბნებს გადაეცემა ბიულეტენები”- განაცხადეს დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.
საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვაში ჩართულია ე.წ შსს-ს ყველა დეპარტამენტის თანამშრომელი. საარჩევნო უბნების შესასვლელებთან სამართალდამცავები ხელის ლითონის დეტექტორებითაც იმუშავებენ, გარდა ამისა, კენჭისყრის შენობაში მორიგე მილიციელებიც იქნებიან. ქალაქის ქუჩებში კი მილიციის და „კა-გე-ბე"-ს დანაყოფები იმოძრავებენ.
დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები კვირას, 10 აპრილს გაიმართება. საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა უსაფრთხოებას დაიცავს შინაგან საქმეთა ორგანოების 600-ზე მეტი თანამშრომელი. არჩევნებში 5 კანდიდატი მონაწილეობს, მათ შორის ამჟამინდელი დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი. მის მთავარ კონკურენტად პარტია „ნიხასის" წევრს ალან გაგლოევს განიხილავენ. დე ფაქტო ცესკომ არჩევნებისთვის 30 ათასი ბიულეტენი დაბეჭდა. შედარებისთვის , მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტში 110 ათასი ამომრჩეველია.