საქართველოს პარლამენტის წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან", ნონა მამულაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას პერფორმანსით უპასუხებს.
პაპუაშვილის თანაპარტიელმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს რამდენიმე დღის წინ უთხრა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ცუდად იყო. ირაკლი ქადაგიშვილმა ეს თქვა მას შედეგ, რაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ჩავიდოდა თუ არა შალვა პაპუაშვილი უკრაინის ქალაქ ბუჩაში, უკრაინის რადის თავმჯდომარის მიწვევის საპასუხოდ.
მამულაშვილმა პარლამენტში ოყნა, ბროწეული და საფენები მიიტანა.
რეზო გაბრიაძის ნაწარმოებში, „უცხო ჩიტი“ ("შერეკილები"), საავადმყოფოს დირექტორი ნოშრევან კუჭუხიძე ბროწეულის ოყნებსა და აბი გლუკოზას პაციენტებს სამკურნალო, დამამშვიდებელი დანიშნულებით აძლევს.
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამ პერფორმანსს სიბინძურეს უწოდებს.
"ეს დროც გადაივლის და ამ დროს გავიხსენებთ ძალიან ცუდად და მე გულწრფელად ვამბობ, შეგრცხვებათ თქვენი თითოეული ნაბიჯის, იმ სიბინძურის, რასაც აკეთებთ ერთწუთიანი პიარისთვის - აყენებთ შეურაცხყოფას თქვენს ინსტიტუტებს, ამ ინსტიტუტის ხელმძღვანელს და საკუთარ სამშობლოს", - თქვა მდინარაძემ.
8 აპრილს საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა თქვა, რომ უკრაინის რადის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბუჩაში ჩასვლის მიწვევა გაუგზავნა.
"უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარემ, ბატონმა [რუსლან] სტეფანჩუკმა მიმართა ყველა პარლამენტარს, ჩამოვიდნენ ბუჩაში და საკუთარი თვალით ნახონ ეს დანაშაული. შესაბამისი მოწვევა მიიღო ასევე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა", - თქვა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.
მოწვევიდან მეორე დღეს, პარლამენტის თავმჯდომარის აპარატმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ეწერა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შალვა პაპუაშვილი გადასულია მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე.
უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა უპასუხა მის მიწვევაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის რეაქციას. სტეფანჩუკი ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ პაპუაშვილმა ბუჩასა და ირპენში მიწვევა დაახასიათა როგორც შეუსაბამო, მაშინ, როცა მეგობარი ამას მიწვევის გარეშე უნდა აკეთებდეს.
უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო. ამ დროის შემდეგ იბომბებოდა არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ სამშობიაროები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლებიც. ქალაქ ბუჩიდან რუსული სამხედრო ძალების გასვლის შემდეგ უკრაინულმა მხარემ აღმოაჩინა 10-ობით მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი. ამ ომში 170-ზე მეტი ბავშვია მოკლული.
მასალა განახლდა მამუკა მდინარაძის კომენტარით.