Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო ოპოზიცია ევროპარლამენტის დელეგაციას შეხვდა


საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ევროპარლამენტარებს შეხვდნენ.
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ევროპარლამენტარებს შეხვდნენ.

საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვდნენ საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის დელეგაციის წევრებს. როგორც პარლამენტის პრესსამსახური იუწყება, შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას, რუსეთ-უკრაინის ომს, ქვეყანაში რეფორმების მიმდინარეობას და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს.

„ორი მთავარი საკითხი, რაზეც ვიმსჯელეთ, ეს არის უკრაინა და უკრაინასთან დაკავშირებით საქართველოს პოზიციონირება და საქართველოს დაჩქარებული გაწევრიანება ევროკავშირში. ამისთვის საქართველოს სჭირდება რეფორმები, პირველ რიგში, სასამართლო რეფორმა, რომ ეს პროცესი დაჩქარებით მოხდეს. სრული წარმოდგენა აქვთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს, რა ხდება საქართველოში და ზუსტად იციან, რომ ის ყველა არსებული მექანიზმი, რაც აქამდე იყო, „ქართულმა ოცნებამ“ არ გამოიყენა“, - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

„ლელოს" წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, შეხვედრაზე მკაფიოდ აღინიშნა, რომ ნაკისრი ვალდებულებების და რეფორმების გატარების გარეშე, წარმატება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ჩვენს ქვეყანას ვერ ექნება.

„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დღეს საქართველოს ყველა მეგობარი და მოკავშირე ევროპარლამენტში გულშემატკივრობს ჩვენს ქვეყანას, მის უსაფრთხოებას, მაგრამ ასევე ჩვენს მომავალს ევროკავშირთან მიმართებაში. მათ სურთ, რომ წარმატებული იყოს საქართველოს აპლიკაცია ევროკავშირში კანდიდატის მიღების გზაზე. ამავე დროს, ნათელია, იმ რეფორმების გატარების გარეშე, რომელიც საქართველოს ესაჭიროება, წარმატება ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ვერ ექნება“, - აღნიშნავს დეპუტატი.

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის დელეგაციის წევრებთან შეხვედრას საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები სალომე სამადაშვილი, გიორგი ვაშაძე, ხატია დეკანოიძე, ლევან იოსელიანი, ხათუნა სამნიძე, ანა ბუჩუკური, ჰერმან საბო და ფრიდონ ინჯია ესწრებოდნენ.

მანამდე დელეგაციის წევრები ორბელიანების სასახლეში შეხვდნენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

11 აპრილს საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად კითხვარი ჩაიბარა. ეს დოკუმენტი ევროკავშირის კომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს, გადასცა. ეს პროცედურა ლუქსემბურგში გაიმართა.

3 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს.

ქვეყნის ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება 2 მარტს მას შემდეგ მიიღო, რაც 28 თებერვალს, მიმდინარე ომის ფონზე, უკრაინამ გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით მოთხოვნა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინა მოლდოვამაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG