Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში რუსეთის „სპეცოპერაცია“ მოწოდებულია წერტილი დაუსვას  აშშ-ის დომინირებას - ლავროვი


სერგეი ლავროვი, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი.
სერგეი ლავროვი, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი.

უკრაინაში რუსეთის „სპეცოპერაცია“ მოწოდებულია წერტილი დაუსვას აშშ-ისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების უკანმოუხედავ დომინირებას, - ამის შესახებ განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ორშაბათს ტელეკომპანია „როსია 24“-თან ინტერვიუში.

აქამდე რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინაში ომის, მისი სიტყვებით კი „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად უკრაინის „დენაციფიკაცია“ და „დემილიტარიზაცია“ ჰქონდა გამოცხადებული და ის, რომ უკრაინას უარი ეთქვას ნატოში გაწევრიანებაზე.

ჩვენი სამხედრო სპეცოპერაცია მოწოდებულია წერტილი დაუსვას აშშ-ისა და მის ქვეშ დასავლეთის ქვეყნების უკანმოუხედავი გაფართოებისა და საერთაშორისო არენაზე სრული დომინირების უკანმოუხედავ კურსს“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

მისი სიტყვებით, ასეთი დომინირება აგებულია საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევებზე. ლავროვის თქმით, როდესაც ამერიკას ერაყში „მოელანდა“ მისი ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხე, მათ ერაყი დაბომბეს და „როდესაც საფრთხე ვერ აღმოაჩინეს, ბოდიშიც არ მოიხადეს“.

როდესაც პირდაპირ ჩვენს საზღვრებთან ზრდიან ნეონაცისტებს და ულტრარადიკალებს, ქმნიან ათობით ბიოლოგიურ ლაბორატორიას პენტაგონის ხაზით, რაღაც ექსპერიმენტების ჩატარებით, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, ბიოლოგიური იარაღის შექმნისკენ არის მიმართული - აღმოჩენილია დოკუმენტები, რომლებიც არავითარ ეჭვს არ ტოვებს - ამ მუქარაზე ჩვენს საზღვრებთან და არა ოკეანის გადაღმა, რეაგირების უფლება არ გვაქვს“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ის გამოეხმაურა უკრაინასთან მოლაპარაკების წარმართვის პროცესს და განაცხადა, რომ რუსეთს „მოლაპარაკებების წარმოება ურჩევნია“ და არ აქვს მიზეზი, შეუძლებლად მიიჩნიოს იგი. ლავროვის სიტყვებით, კიევის წარმომადგენლები 180 გრადუსით ტრიალდებიან, „მაგრამ ჩვენ მოთმინების მქონდე ხალხი ვართ“, - თქვა ლავროვმა.

ლავროვი აცხადებს, რომ მოლაპარაკების პირველი რაუნდის წინ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა, მაგრამ უკრაინელების პოზიციის გამო შემდეგ რაუნდზე პოზიცია შეცვალეს.

„მას შემდეგ, რაც დავრწმუნდით, რომ უკრაინელები არ გეგმავდნენ საპასუხო ქმედებას, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის განმავლობაში არ იქნებოდა პაუზა, სანამ საბოლოო შეთანხმება არ იქნება მიღწეული”, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

საომარი მოქმედებების პარალელურად, უკრაინამ და რუსეთმა მოლაპარაკება 28 თებერვლიდან დაიწყეს. რამდენიმე რაუნდი ბელარუსის ტერიტორიაზე გაიმართა, შემდეგ მოლაპარაკება ვიდეოკონფერენციის ფორმატით მიმდინარეობდა, 29 მარტს კი, მხარეებმა პირისპირ შეხვედრა უკვე სტამბოლში გააგრძელეს. 1 აპრილს მხარეებს შორის შეხვედრა ისევ ონლაინფორმატში შედგა. უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, კიევის მოთხოვნებია ომის შეწყვეტა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა უკრაინის ნეიტრალიტეტი.

რაც შეეხება უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრას, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვარაუდობს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მისი პირადი შეხვედრა „შეიძლება არც შედგეს“, თუმცა, ბუჩის ტრაგედიის შემდეგაც აუცილებელია მოსკოვთან დიალოგის გაგრძელება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა თქვა ინტერვიუში, რომელიც 5 აპრილს გავიდა ეთერში სრულიად უკრაინის ტელემარათონის ფარგლებში. მანამდე ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ მზად არის პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებები გამართოს.

ზელენსკიმ პუტინს შეხვედრისკენ 2022 წლის თებერვალში, ომამდე რამდენიმე დღით ადრე მოუწოდა, როცა ზელენსკი რუსეთის თავდასხმის პრევენციის იმედით, დასავლელ ლიდერებთან შესახვედრად მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ჩავიდა. პუტინთან შეხვედრის თანხმობა მან მისცა თურქეთის პრეზიდენტ ერდოანსაც, უფრო ადრე, თებერვლის დასაწყისში, კიევში მისი სტუმრობის დროს.

რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა 2019 წლის დეკემბრის შემდეგ აღარ შემდგარა. ეს იყო რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების პირველი და ამ დრომდე, უკანასკნელი შეხვედრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG