Accessibility links

site logo site logo

რამზან კადიროვი უკრაინას ბირთვული იარაღითა და „ყველა ქალაქის“ აღებით ემუქრება


რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების მეთაური რამზან კადიროვი აცხადებს, რომ უკრაინაში შეჭრილი რუსეთის ჯარები აგრძელებენ შეტევებს ყველა მიმართულებით და გეგმავენ ყველა დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის ხელში ჩაგდებას.

„იქნება შეტევითი ოპერაციები, არა მხოლოდ მარიუპოლში, არამედ სხვა დასახლებულ პუნქტებში, ქალაქებსა და სოფლებში“, - აცხადებს რამზან კადიროვი თავის „ტელეგრამის" არხში გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომლის ტექსტს რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური სამსახური ავრცელებს.

ჩეჩნეთის ლიდერის თქმით, ლუგანსკისა და დონეცკის გათავისუფლება წარმოადგენს პირველი რიგის ამოცანას, შემდგომ იგეგმება „კიევისა და სხვა დანარჩენი ქალაქების ხელში აღება“.

უკრაინაში რუსეთის ინტერვენციაზე საუბრის დროს, რამზან კადიროვი საბრძოლო მოქმედებების წარმოების საკუთარ ხედვაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისთვის რომ ეკითხათ, იგი ჯერ „გაწმენდდა ლუგანსკსა და დონეცკს“ და შემდეგ კი სხვა მიმართულებით გააგრძელებდა მუშაობას, ხოლო „თუ ერთი დაქირავებული მაინც დარჩებოდა უკრაინაში“, იგი "გარკვეულ წერტილებში" ტაქტიკურ ბირთვულ დარტყმას განახორციელებდა.

აღსანიშნავია, რომ ჩეჩნები უკრაინაში ორივე მხარეს იბრძვიან. უკრაინას იცავენ ჯოხარ დუდაევისა და შეიხ მანსურის სახელობის ბატალიონები და როგორც რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური სამსახური აღნიშნავს, ამჟამად მიმდინარეობს კიდევ ერთი მოხალისეთა რაზმის ფორმირება, რომელიც მთლიანად უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობას დაექვემდებარება.

4 მარტიდან მოყოლებული, რამზან კადიროვმა 26-ჯერ განაცხადა თავის „ტელეგრამის“ არხის მეშვეობით უმოკლეს ხანში ქალაქ მარიუპოლის აღების შესახებ. უკრაინის ეს ქალაქი 40-დღეზე მეტია, რაც რუსეთის სამხედრო ძალების, მათ შორის, რუსეთის ეროვნული გვარდიის ჩეჩნური ქვედანაყოფისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლკის ალყაში იმყოფება.


უკრაინაში მიმდინარე ომში გამოჩნდნენ რამზან კადიროვის ახლო გარემოცვის წარმომადგენლები, რომლებიც მანამდე ხმაურიან პოლიტიკურ მკვლელობებში იყვნენ დადანაშაულებული - კერძოდ, რუსლან გერემეევი, რომელიც ეჭვმიტანილია ცნობილი რუსი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის, მკვლელობაში; ასევე უსმან მამადიევი, რომელიც ჩეჩენი ბლოგერის, იმრან ალიევის, სავარაუდო მკვლელად არის მიჩნეული.

მარტის ბოლოს უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეცრაზმ "აზოვის" ერთ-ერთმა დანაყოფმა გამოაქვეყნა ვიდეოინტერვიუ სავარაუდო ჩეჩენ სამხედრო ტყვესთან, რომელიც საუბრობს მარიუპოლის მახლობლად ფრონტზე არსებულ ვითარებაზე და რამზან კადიროვს მიმართავს, რომ უკრაინასთან საომრად თავისი ნათესავები გაგზავნოს.

პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ. პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან(ბელარუსი), აღმოსავლეთიდან(დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან(ანექსირებული ყირიმი).
უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის, ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სერიოზული სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა. რუსეთისთვის სანქციებით გამოცხადებული ბრძოლის გარდა, დასავლეთი უკრაინას უწევს მნიშვნელოვან სამხედრო და ფინანსურ დახმარებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG