მას შემდეგ, რაც უკრაინის ხელისუფლებამ უარი თქვა გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტზე, კიევში მიიწვიეს ფედერალური კანცლერი ოლაფ შოლცი. გერმანული მაუწყებლის, DW-ს ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის ელჩმა ბერლინში, ანდრი მელნიკმა განაცხადა ტელეკომპანია ProSieben-ის ეთერში.
„ჩვენ ვაცნობეთ, რომ ჩვენი პრეზიდენტი და მთავრობა მოხარული იქნებიან, თუ კანცლერი ოლაფ შოლცი კიევს ეწვევა“, - თქვა ელჩმა მელნიკმა. უკრაინელი დიპლომატის თანახმად, ვიზიტის მთავარი თემა უნდა იყოს რუსეთის აგრესიის მოსაგერიებლად უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდება.
12 აპრილს, პოლონეთში მყოფმა გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა დაადასტურა მანამდე მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ უკრაინის ხელისუფლებამ არ ისურვა კიევში მისი ჩასვლა. შტაინმაიერი უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, კიევში ჩასვლას აპირებდა პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის პრეზიდენტებთან ერთად. კიევში მათი ვიზიტი დღეს, 13 აპრილს იწყება.
როგორც DW წერს, გერმანიის მთავრობამ გაოცება გამოხატა იმის გამო, რომ უკრაინის ხელისუფლებამ არ ისურვა კიევში შტაინმაიერის ჩასვლა და განაცხადა, რომ ფედერალურ პრეზიდენტს უკრაინის მხარდამჭერი მკაფიო და არაორაზროვანი პოზიცია აქვს.
12 აპრილს, გერმანული გაზეთი Bild-ი იუწყებოდა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო კიევში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ჩასვლის გეგმა, რაც უკავშირდება ბოლო წლებში შტაინმაიერის ახლო ურთიერთობებს რუსეთთან და მხარდაჭერას, რომელიც მან აღმოუჩინა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის სახელით ცნობილი გაზსადენის პროექტს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შტაინმაიერმა სინანული გამოთქვა, რომ მხარს უჭერდა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს.