რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ გააგრძელებს რუსეთის სამხედრო კამპანიას უკრაინაში, რომლის ფოკუსიც ახლა უკრაინის აღმოსავლეთია - იმ ფონზე, როცა საერთაშორისო ექსპერტები შეშფოთებას გამოთქვამენ ომით გაჩანაგებულ ქალაქ მარიუპოლში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების თაობაზე.
რუსეთის შეიარაღება სხვადასხვა მიმართულებიდან მოძრაობს აღმოსავლეთის დონბასის რეგიონისკენ. ამ ფონზე აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, რუსეთის ომს პირველად უწოდა "გენოციდი", თუმცა შემდეგ თითქოს ეს განცხადება ოდნავ შეამსუბუქა და მიანიშნა, რომ ეს არაა აშშ-ის ხელისუფლების ოფიციალური დასკვნა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, 12 აპრილს ხაზი გაუსვა დაუდასტურებელ ცნობებს, რომ ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული ქალაქ მარიუპოლში, რომელსაც უკრაინის საზღვაო ქვეითები და აზოვის ბატალიონი ჯიუტად იცავენ კვირების განმავლობაში მიმდინარე სასტიკ ბრძოლაში. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ჰანა მალიარის თქმით, შესაძლოა მარიუპოლში გამოყენებული იყო ფოსფორული იარაღი, რომელიც არაა კლასიფიცირებული ქიმიურ იარაღად. ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია აცხადებს, რომ ყურადღებით აკვირდება ვითარებას უკრაინაში.
მარიუპოლში შექმნილი მძიმე ვითარების ფონზე, ჩეჩნეთის მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი ლიდერი რამზან კადიროვი 13 აპრილს აცხადებს, რომ მარიუპოლში დანებდა უკრაინის 1000-ზე მეტი საზღვაო ქვეითი. რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა კადრები, რომლებიც, მისი თქმით, აჩვენებს უკრაინის სამხედროების - მათგან ბევრი დაჭრილის - დანებებას მარიუპოლის ფოლადის ქარხანაში. ეს ცნობა დამოუკიდებლად დადასტურებული არ არის. უკრაინის არმიის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ქალაქზე გრძელდება რუსეთის თავდასხმები.
13 აპრილს კიევში ჩადიან პოლონეთის და ბალტიისპირეთის სამი სახელმწიფოს ლიდერები, ზელენსკის მთავრობის მხარდასაჭერად.
დაწერეთ კომენტარი