Accessibility links

site logo site logo

ეუთოს მისია: უკრაინაში რუსეთის ძალების ქმედებებში დადგენილია საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის დარღვევის მკაფიო ტენდენციები


13 აპრილს ეუთოს მუდმივ საბჭოს თავის დასკვნებს წარუდგენს ეუთოს ადამიანური განზომილების მოსკოვის მექანიზმი, რომელიც, უკრაინის თხოვნით და ორგანიზაციის 45 წევრის თანხმობით, 3 მარტს გააქტიურდა და რომელიც იძიებს უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ ჩადენილ საერთაშორისო და ადამიანის უფლებების კანონების დარღვევებს, ომის დანაშაულებს და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს.

მოსკოვის მექანიზმი ეუთომ 1991 წელს შემოიღო. განსაზღვრების თანახმად, ეს მექანიზმი შესაძლებელს ხდის ანალიტიკოსების მისიათა გაგზავნას წევრი სახელმწიფოების დასახმარებლად, როცა მათ კონკრეტული საკითხი ან პრობლემა ექმნებათ ადამიანურ განზომილებასთან მიმართებით.

რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე 14 მარტს მუშაობა დაიწყო სამმა ექსპერტმა, რომლებმაც კვლევა მოთხოვნისამებრ სამ კვირაში დაასრულეს. ანალიტიკოსები წერენ, რომ მათმა მისიამ სათანამშრომლოდ და მტკიცებულებების წარსადგენად მოიწვია ყველა პოტენციური წყარო და ბევრი მხარისგან მიიღო მხარდაჭერა, თუმცა რუსეთის წარმომადგენელმა მისიას შეატყობინა, რომ ის მოსკოვის მექანიზმს დიდწილად მოძველებულად მიიჩნევს.

„საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის (IHL) დარღვევათა უმეტესობის დეტალური შეფასება და კონკრეტულ ინციდენტებში ომის დანაშაულთა იდენტიფიკაცია არ იყო შესაძლებელი. თუმცა საომარი აქტივობისას რუსეთის ძალების მოქმედებაში მისიამ დაადგინა IHL-ის დარღვევის მკაფიო ტენდენციები. ამ ძალებს IHL-ით დაკისრებული მოვალეობები რომ დაეცვათ - გარჩევის, თავდასხმებისას პროპორციულობით და სიფრთხილით, საგანგებოდ დაცულ ობიექტებთან, მაგალითად, საავადმყოფოებთან მიმართებით - დახოცილი და დაჭრილი სამოქალაქო პირების რაოდენობა გაცილებით ნაკლები იქნებოდა. ასევე, განადგურდებოდა და დაზიანდებოდა ბევრად ნაკლები სახლი, საავადმყოფო, კულტურული საკუთრება, სკოლა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი, წყლის სადგურები და ელექტროსისტემები“, - ვკითხულობთ ეუთოს მისიის ანგარიშში.

მისია აღნიშნავს, რომ ის განსაკუთრებით შეშფოთებულია მოპყრობით ომის ტყვეების მიმართ, რომლებსაც თავიდან დამნაშავეებად მიიჩნევდნენ და ექცეოდნენ იმ ფორმით, რომელიც შეუთავსებელია ჟენევის მესამე კონვენციასთან. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მისიის ექსპერტებმა ნახეს სანდო მტკიცებულება, რომელიც მიანიშნებს ადამიანის ყველაზე ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე - მათ შორის სიცოცხლის უფლების, წამების და არაადამიანური მოპყრობის სხვა ფორმების აკრძალვის - ძირითადად იმ ადგილებში, რომლებსაც რეალურად ან მთლიანობაში აკონტროლებს რუსეთი.

„ნგრევის მაღალი დონის გამოწვევით და სასიცოცხლო სერვისების (განათლების, ჯანდაცვის) მიწოდებაში ჩარევით, კონფლიქტმა, რომელიც დაიწყო რუსეთის უკანონო თავდასხმით, უკრაინისთვის ძალიან რთული გახადა პატივი ეცა, დაეცვა და განეხორციელებინა თავის მოსახლეთა ადამიანის უფლებები. მისიამ დაასკვნა, რომ, მართალია, კონფლიქტი უკრაინის ყველა მოსახლეზე ახდენს გავლენას, განსაკუთრებული სიმძიმით ის შეეხო და ეხება ინდივიდებს სუსტ პოზიციებზე მყოფი ჯგუფებიდან, მაგალითად, ქალებს, ბავშვებს, ხანდაზმულებს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს“, - ვკითხულობთ ეუთოს მისიის ანგარიშში.

პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ. უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის, ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ მკაცრი სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა. რუსეთისთვის სანქციებით გამოცხადებული ბრძოლის გარდა, დასავლეთი უკრაინას უწევს მნიშვნელოვან სამხედრო და ფინანსურ დახმარებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG