Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას პასუხობენ კობახიძეს, რომელიც ოპოზიციაში რევოლუციის გეგმებზე საუბრობს


ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე.
ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე.

"ქართული ოცნების" ლიდერები მეორე დღეა საუბრობენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების ნაწილი გასულ კვირას ბაკურიანში, ერთ-ერთ სასტუმროში შეიკრიბა რევოლუციურ გეგმებზე სასაუბროდ. ხელისუფლების ინფორმაციით, მათ ამ საკითხებში "არაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრის" დამფუძნებელი პიტერ აკერმანი უტარებდა ტრენინგებს. დეპუტატების, არჩილ თალაკვაძისა და მიხეილ ყაველაშვილის შემდეგ ეს თემა პარლამენტში, ჟურნალისტებთან პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განავრცო.

"ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ახლაც ვიმეორებთ, რომ ეს არის ომის პარტია და ამ პოლიტიკურ პარტიას - "ნაცმოძრაობა"- თავისი სატელიტებით უნდა ერთადერთი რამ დღეს საქართველოში, რომ საქართველო გახდეს მეორე ფრონტი.

ამ რევოლუციური გეგმების დაჩქარების მცდელობაც სწორედ ამ განზრახვას უკავშირდება. მათ სურთ ომი საქართველოში და ეს რევოლუციური გეგმებიც არის პირდაპირ კავშირში ამ ძირითად განზრახვასთან", - უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს.

მან ბაკურიანში შეკრებაზე მყოფ პოლიტიკოსებსა თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს "ნაციონალურ მოძრაობის" სატელიტები უწოდა. კობახიძემ თქვა, რომ ამ შეხვედრას ესწრებოდნენ "ევროპული საქართველოს", "ლელოს", "სტრატეგია აღმაშენებლის", "გირჩი - მეტი თავისუფლების" და "დროას" ლიდერები.

"ისეთ შეხვედრაზე, სადაც იხილებოდა ხელისუფლების დამხობის გეგმა, "სტრატეგია აღმაშენებელი" არ ყოფილა. ეს არის პროპაგანდა. ირაკლი კობახიძემ გააკეთა პროპაგანდისტული მიზნებით ეს განცხადებები, რომ ხალხი დააშინოს და გადაიტანოს ყურადღება. რომ არსებობდეს ასეთი [სცენარი], დაწყებული იქნებოდა გამოძიება. ძალიან დიდი დანაშაულია ხელისუფლების დამხობის მომზადება", - ამბობს საქართველოს პარლამენტის წევრი "სტრატეგია აღმაშენებლიდან", პაატა მანჯგალაძე.

"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგა ბოკერია აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მიერ გაჟღერებული რიტორიკა პუტინისტური რეჟიმებისთვის არის დამახასიათებელი. მისი თქმით, ამ რიტორიკის პარალელურად საქართველოში დაუსჯელი არიან ის ძალები, რომლებიც მტრის ორგანიზებით მოქმედებენ.

"მინდა, გთხოვოთ ჟურნალისტებს, დაუსვათ "ქართულ ოცნებას" ეს კითხვა: პიტერ აკერმანზე როცა ღელავენ, მსოფლიოში ცნობილ მშვიდობიანი პროტესტის იდეოლოგზე, რატომ არ არიან ფოკუსირებული მტრული ძალის პუტინის რუსეთის მიერ კონტროლირებულ ჯგუფებზე", - თქვა ბოკერიამ.

აკერმანის მიერ რევოლუციურ გეგმებზე ჩატარებული ტრენინგების საკითხზე დასმულ კითხვას იუმორით უპასუხა "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა:

"ჩვენ რევოლუციის დასაგეგმად აკერმანთან კონსულტაციები არ გვჭირდება, იმიტომ რომ ძალიან დიდი ექსპერტიზა არსებობს საქართველოში, იქეთ შევძლებთ..."

შეხვედრის უფრო მეტ დეტალთან დაკავშირებით რადიო თავისუფლება გიორგი მშვენიერაძეს, ორგანიზაცია "დემოკრატიის მცველების" დამფუძნებელს ესაუბრა.

"ამ შეხვედრაზე განხილული იყო პროტესტის ის არაძალადობრივი ფორმები, რომელმაც შეიძლება აიძულოს ხელისუფლება, რომ ხალხის სასარგებლოდ გადადგას ნაბიჯები და მიხედოს იმ პრობლემებს, რომელიც აწუხებს მოსახლეობას", - თქვა მან.

მშვენიერაძემ კონკრეტული მაგალითიც მოიყვანა. მისი თქმით, ახლა, როცა ევროინტეგრაციის პროცესშია ქვეყანა, ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ მას გააკონტროლებენ და არ შეაფერხოს ეს პროცესი.

"საინფორმაციო კამპანიები ჩატარდება, აქციები - ანუ ის ფართო არსენალი, რომელიც არაძალადობრივი წინააღმდეგობის გზებით დემოკრატიის დასაცავად არსებობს, შესაძლოა გამოყენებული იქნეს ამ იდეისთვის", - თქვა მან.

იმის გამო, რომ რამდენიმე თვის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაცია რევოლუციისკენ მოწოდებად აღიქვა და მოქალაქეები გააფრთხილა, რადიო თავისუფლება დაუკავშირდა უწყებას და ჰკითხა, რაიმე სამართლებრივი რეაგირება ხომ არ მოჰყვებოდა მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებას. სუსში ამბობენ, რომ ეს კონკრეტული განცხადება გამოძიების ინტერესის საგანი ჯერ არ გამხდარა, თუმცა არ გამორიცხავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG