საპარლამენტო ოპოზიციის რვა დეპუტატმა სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის წერილი მისწერა საქართველოსთვის გადაცემული ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარის საკითხზე. პარლამენტის წევრები კითხვარის გაცნობაში ოლივერ ვარჰეის დახმარებას სთხოვენ.
წერილის ხელმომწერები აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში და ამჟამად ყურადღებას არ გაამახვილებენ ქვეყნის წინაშე მდგარ გადაუჭრელ საკითხებზე.
„ამ კონკრეტულ კომუნიკაციაში ჩვენ არ გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას ყველა იმ გადაუჭრელ საკითხზე, რომელიც დგას ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემის კუთხით. ჩვენ არაერთხელ მოგმართეთ ამ შეშფოთებით როგორც თქვენ, ასევე ევროკავშირის ინსტიტუტებს. თუმცა ცხადია, რომ არსებითი რეფორმების გარეშე, საქართველოს პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების რთულ გზაზე ძნელი იქნება", - ნათქვამია წერილში.
დეპუტატები აღნიშნავენ, რომ აღმასრულებელი უწყებების მიერ ევროკავშირის კითხვარზე პასუხის მომზადების პროცესზე საპარლამენტო ზედამხედველობის გასაძლიერებლად, მათ მთავრობას მოსთხოვეს კითხვარის გასაჯაროება.
„ჩვენ მოვითხოვეთ მთავრობას გადმოეცა კითხვარი საზოგადოებისთვის, როგორც ხალხის, ასევე საპარლამენტო ოპოზიციის და დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების ინტერესის გათვალისწინებით. აქამდე მთავრობა თავს არიდებს ამის გაკეთებას და ამტკიცებს, რომ კითხვარის გასაჯაროებისთვის მას ევროკავშირის ავტორიზაცია სჭირდება. ჩვენ გვესმის, რომ ევროკავშირის ინფორმირების შემდეგ მიმღებ მხარეს, ე.ი. საქართველოს მთავრობას აქვს დისკრეცია, ევროკავშირის კითხვარი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდეს. ჩვენ ვითხოვთ თქვენს დახმარებას საქართველოს ხელისუფლებასთან შესაბამისი პროცესის ხელშეწყობაში. თუ ევროკავშირის რომელიმე პროცედურული წესი ხელს უშლის მთავრობას აღნიშნულის გაკეთებაში, ჩვენ ასევე მადლობელი ვიქნებით ინფორმირებულები ვიყოთ ამის შესახებ", - ვკითხულობთ წერილში.
ხელმომწერები:
არმაზ ახვლედიანი, დამოუკიდებელი დეპუტატი;
თეონა აქუბარდია, დეპუტატი, „სტრატეგია აღმაშენებელი“;
ანა ბუჩუკური, დეპუტატი, „საქართველოსთვის“;
ხატია დეკანოიძე - დეპუტატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა";
თამარ კორძაია, დამოუკიდებელი დეპუტატი;
ანა ნაცვლიშვილი, დეპუტატი, „ლელო საქართველოსთვის“;
სალომე სამადაშვილი, დეპუტატი „ლელო საქართველოსთვის“;
ხათუნა სამნიძე, დეპუტატი, "რესპუბლიკური პარტია".
11 აპრილს საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად კითხვარი ჩაიბარა. ეს დოკუმენტი ევროკავშირის კომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს, გადასცა.
3 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს.
ქვეყნის ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება 2 მარტს მას შემდეგ მიიღო, რაც 28 თებერვალს, მიმდინარე ომის ფონზე, უკრაინამ გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით მოთხოვნა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინა მოლდოვამაც.
დაწერეთ კომენტარი