Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როკმუსიკოსი ოლეჰ სკრიპკა ძველ და ახალ სამყაროებს შორის ომზე


ოლეჰ სკრიპკა

კიევის ოლქში დასახლებული პუნქტების ოკუპაციის დროს რუსეთის ჯარებმა გაძარცვეს უკრაინელი როკმუსიკოსის, ჯგუფ "Воплi Вiдоплясова"-ს წამყვანი წევრის, ოლეჰ სკრიპკას აგარაკი. მუსიკოსის სახლი მდებარეობს სოფელ კოზაროვიჩიში, ქალაქ ბუჩის მახლობლად. რუსეთის სამხედროები გარკვეული ხნით ცხოვრობდნენ მასში, შემდეგ კი, როცა უკან დაიხიეს, თან წაიღეს მომღერლის კუთვნილი ნივთები, მათ შორის საწოლის ლეიბიც. სახლში დარჩა რუსეთის სამხედროების წინდები, ლურჯ-თეთრი ზოლებიან ტანსაცმელი, საკვები პროდუქტები და მშრალი ულუფის ნარჩენები წარწერით „რუსეთის არმია“. ამის შესახებ ინსტაგრამში საკუთარ გვერდზე დაწერა სკრიპკამ. მისგან ინტერვიუ აიღო რადიო თავისუფლებისა და „ამერიკის ხმის“ ერთობლივმა ტელეპროექტმა Current Time-მა.

მოგვიყევით, რა მდგომარეობაშია თქვენი სახლი იმის შემდეგ, რაც იქ რუსეთის სამხედროები იყვნენ? დაინგრა თუ არა რამე სოფელში, რომელშიც ის მდებარეობს?

სოფელი მდებარეობს გოსტომელის, ბუჩის, ირპენისა და ბოროდიანკის მახლობლად. ეს არის ნგრევისა და ბოროტმოქმედებების ეპიცენტრი. ჩემს სოფელშიც არის დანგრეული სახლები. მაგრამ ის განაპირას მდებარეობს. საქმე ისაა, რომ აგარაკზე ისეთი არაფერი მაქვს, ვინაიდან იქ ზაფხულობით ვცხოვრობ. იქ ტელევიზორიც კი არა მაქვს. სინათლე ომის დაწყებიდანვე არ იყო - ქვესადგურები დაანგრიეს. როგორც მესმის, ისინი [რუსეთის სამხედროები] იქ სიცივეში ცხოვრობდნენ, რაღაცით თბებოდნენ. შესაძლოა, რუსებმა ძალიან სწრაფად დაიხიეს უკან. ვინაიდან ჩემი სახლის მახლობლად ამომწვარი ორმოა. იქ ძალიან ძლიერი სროლაც იყო და ისინი ძალიან სწრაფად იხევდნენ უკან. ამიტომაც ბევრი ვერაფრის წაღება მოასწრეს.

ლეიბის წაღება მოუსწრიათ.

ლეიბის მოასწრეს, ვინაიდან ლეიბზე ძილი შეიძლება. ჩემი ბავშვების ერთ-ერთ საწოლში კი, როგორც ჩანს, მეომრებს ეძინათ. დარჩა 300 გრამამდე დაულეველი არაყი. ჩემთვის ეს იმის მაჩვენებელია, რომ მართლა ძალიან ეჩქარებოდათ, რადგან არაყი არ გამოცალეს. სადღაც მაღაზიიდან ჰქონდათ წამოღებული.

დარჩენილი იყო მშრალი ულუფები და სხვ. დარჩა შაქარიც კი, რომელიც, რამდენადაც მესმის, რუსეთში არ არის. ჩვენ კი შაქარი გვაქვს. ძალიან ჩქარობდნენ... ჩემი ერთი ნაცნობი გოსტომელში ცხოვრობს. გამგზავრება მოუწია, ახლა დასავლეთ უკრაინაში იმყოფება. სამხედროებთან ერთად შევედი ამ რაიონში, ვინაიდან იქ დღემდე კომენდანტის საათია, იქ სამოქალაქო პირების შესვლა აკრძალულია. სამხედროებთან ერთად მივედი ჩემი ნაცნობის სტუდიაში. სტუდია ძალიან დაზარალდა - ძალიან კარგი, ძვირფასი სტუდია, ძვირადღირებული აღჭურვილობით.

აღჭურვილობა განადგურებული იყო თუ მოიპარეს?

გაანადგურეს, მოიპარეს. იქვე მშობლების სახლია - მთლად დამწვარი იყო.

ელენა ჩიჩერინა, უკრაინელი ჟურნალისტი, ცოტა ადრე ჰყვებოდა იმის შესახებ, რომ რუსეთის სამხედროები უნიტაზებსაც კი ბინძურს ტოვებენ. თქვენს სახლშიც აღმოაჩინეთ არეულობა და სიბინძურე?

სიბინძურე - გასაგებია. ყველაფერი ბინძური იყო იმიტომ, რომ არ იყო ელექტროდენი. ჩემთან წყალი ტუმბოთი იქაჩება, დგუში არ მუშაობდა. ცხადია, რომ შარდის სუნი იდგა. მაგრამ ვნახე, სხვა სახლებში რა ვითარებაა და ჩემს სახლში შედარებით ნორმალურად იყო საქმე. მაგრამ ყველაფრის დეტალურად დათვალიერება ვერ შევძელი, ვინაიდან პრაქტიკულად ყველა სახლი დანაღმულია. ჯერ განმნაღმველები უნდა მოვიდნენ, მათ გარეშე სახიფათოა. ამიტომ შევდიოდი სამხედროებთან ერთად: სამხედროები წინ მიდიოდნენ, [ნაღმის] მავთულს ეძებდნენ. ერთი მავთული ვიპოვეთ, გზაზე მოვხსენით. მაგრამ სახლებში შესვლა არ შეიძლება. ძალიან ბევრი დაზარალებული ბრუნდება [სახლებში] სამხედროების გარეშე, ამიტომ კვლავაც არის მსხვერპლი. სარეცხ მანქანებშიც კი დებენ ნაღმებს და ა.შ. სპეციალისტებმა მთელი მონაკვეთი უნდა შეამოწმონ. ყველაფერი ეს ძალიან სერიოზულია.

თქვენ რუსეთში ცნობილი არტისტი ბრძანდებით, მრავალი წლის წინ გადაღებული ხართ რუსულ სატელევიზიო შოუებში, გადაღებული ხართ რუსულ კინოში. ახლა, როცა ომი დაიწყო, გიცდიათ თქვენს რუს კოლეგებთან საუბარი, დაკავშირება? რას გწერენ? თანაგრძნობას თუ გამოგიხატავენ?

მე თვითონ ნახევრად რუსი ვარ. დედაჩემი რუსეთიდანაა, კურსკის ოლქიდან. არა, არ მიცდია. ჩემი საქმე საერთოდ ისე იყო, რომ თავიდან მოსკოვის ფიზიკკისა და ტექნიკის ინსტიტუტში ვაბარებდი და გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოვხვდი. შემდეგ ჩავაბარე კიევში. ამგვარად ვიქეცი უკრაინელად. თორემ ალბათ რუსი და, დიდი ალბათობით, პუტინის ქომაგი ვიქნებოდი.

ჩემი აზრით, ადამიანი ძალიან პლასტიკური ქმნილებაა. თუკი მასზე ინფორმაციულად იმოქმედებ, მისი ცნობიერება იცვლება. ამიტომ არა აქვს აზრი [ვინმესთან დაკავშირებას]. რა შემიძლია გავაკეთო საზოგადოების წინააღმდეგ, რომელშიც ხალხი მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობს? ისინი შეცვლილი არიან, ეს სხვა ადამიანები არიან. საჭიროა, იყო ძალიან ძლიერი პიროვნება. რა თქმა უნდა, რუსეთში არიან ასეთი ძლიერი პიროვნებები. მათ შეუძლიათ თვალებიდან აპკის ჩამოშორება. ბევრი მათგანი ქვეყანას ტოვებს. ანდა არიან ისეთები, ვისაც ომის დაწყების შემდეგ აეხილა თვალი. მაგრამ, როგორც მესმის, ეს უმცირესობაა. უმრავლესობის შემთხვევაში კი საქმე ძალიან რთულადაა. მე არ განვსჯი ასეთ ადამიანებს, მესმის, რომ ეს მსხვერპლზე მეტია. ეს ყველაფერი ძალზე რთულია, ჩემი განსასჯელი არაა. ასეთი ვითარებაა, მე მას ვაკვირდები. ეს არის ორი სამყარო, რომელიც ერთმანეთს ებრძვის: თანამედროვე ევროპული მრავალშრიანი მოქნილი სამყარო და ძალიან უხეში ძველი სამყარო.

რატომ იყვნენ უკრაინელები ნაწილობრივ მოუმზადებლები ამ ომისთვის? იმიტომ, რომ ეს ომი მინიმუმ გასული ათასწლეულისაა. მსოფლიო შოკშია, ვინაიდან დღეს არ შეიძლება ასე ბრძოლა, არ შეიძლება ამგვარად გამარჯვების მოპოვება. ეს არის ტანკებით ონლაინ თამაში, ძალიან მკაცრი და ბევრი სიკვდილით. თანამედროვე სამყარო, ცხადია, გაიმარჯვებს. ვინაიდან ის მოქნილია, ჩვენ გაერთიანება შეგვიძლია, ძალიან დიდი ემპათია გვაქვს. და ამ ემპათიისა და ურთიერთდახმარების ხარჯზე ვიმარჯვებთ. იმ უხეშ ძველ სამყაროს კი ბზარები უჩნდება, ის ინგრევა. მაგრამ ის ჩვენ ყველას დიდ ტკივილს გვაყენებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG